თამთა ჩაჩანიძე
(17.01.2022)

რუსეთის 1-კვირიანი ბრძოლა, რომ დასავლეთისგან მიეღო გარანტიები - ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოებულიყო, უშედეგო აღმოჩნდა. ალიანსის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველო და უკრაინა ორგანიზაციის წევრები გახდებიან. ანალიტიკოსთა აზრით, სამეტაპიანი დიალოგის ფინალი სიურპრიზი არცერთი მხარისთვის არ იყო. მათი თქმით, ამ კონტექსტში მიმდინარე წელს შეხვედრები ბევრი იქნება, თუმცა, გადამწყვეტი მაინც ბაიდენ-პუტინის სამიტი იქნება.

შეერთებულ შტატებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რამდენიმე სცენარი აქვს მომზადებული. როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსმა დიპლომატებმა აშშ-ისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე მიანიშნეს, რომ თუ უსაფრთხოების გარანტიებზე მოსკოვის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აშშ-ის სანაპიროების მახლობლად შესაძლოა, ბირთვული რაკეტები განთავსდეს.

„ნიუ იორკ თაიმსის" ცნობითვე, ეს კონკრეტულად რა ტერიტორიაზე იგეგმება რუსულ მხარეს არ დაუზუსტებია. თუმცა, გამოცემა დაძენს, რომ სამიზნემდე მისაღწევი დრო ხუთ წუთამდე შემცირდებოდა.

აშშ ეჭვობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად პროვოკაციებს აწყობს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რეგიონში ნატო-ს თვითმფრინავების ფრენები შეინიშნება და ალიანსის ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებისკენ მიიწევს, რის გამოც მოსკოვმა საპასუხო ზომები უნდა მიიღოს.

„ჩვენ ვნახეთ დიდი რაოდენობით ინფორმაცია ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლის, თავდაცვითი და შეტევითი იარაღის მიწოდებისა და უკრაინელი სამხედროების მომზადების შესახებ. ამან მიგვიყვანა წითელ ხაზამდე, მიგვიყვანა ისეთ სიტუაციამდე, რომლის მოთმენა აღარ შეგვიძლია.

„ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც პუტინმა თქვა: "ბიჭებო, ეს არის რეალური საფრთხე ჩვენთვის და ეს არის რეალური საფრთხე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მოდი, ვიპოვოთ გამოსავალი. დაე, მოგვცენ გარანტიები, ვიფიქროთ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის საზღვრებზე დაბრუნებაზე, თავი დავაღწიოთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების იდეას", - აღნიშნა პესკოვმა „სიენენთან".

როგორც საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ერთკვირიანი დიალოგის შედეგი არცერთი მხარისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, მისი თქმით, წინ ამ კონტექსტში არაერთი შეხვედრაა მოსალოდნელი, მათ შორის მთავარი ბაიდენ-პუტინის სამიტი იქნება.

„სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, აქ საქმე გვაქვს იმ კლასიკურ მოცემულობასთან, როცა რუსეთი ვაჭრობას ძალიან მაღალი თამასიდან იწყებს, რომ რაღაცა მიიღოს. ამ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მას დასავლეთის მხრიდან სწორედ ის ერთიანობა და ერთიანი ხედვა დახვდა, რომ თანამედროვე მსოფლიოში გავლენის სფეროების გაფოერმება არ და ვერ ექნება.

„ეს ერთადერთი რაუნდი არაა, ეს იყო ერთგვერი პოზიციების მოსინჯვა. შეხვედრები წელს ბევრი იქნება და ამის მთავარი მომენტი ალბათ ბაიდენ-პუტინის შეხვედრა უნდა განვიხილოთ. პროცესი გრძელდება და სამწუხაროდ გრძელდება არა მხოლოდ მოლაპარაკებების პატიოსნად წარმოებით, არამედ ისეთი პროვიკაციებით, რაც ჩვენ თუნდაც ორი დღის წინ ვნახეთ უკრაინაზე კიბერშეტების კუთხით.

„ამ პროცესისთვის მსგავსი რაღაცეები თანამდევი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ერთიანობა და სიმტკიცე, რაც დასავლელმა პარტნიორებმა პირველ ნაწილში აჩვენეს, არ დაიღვეს. შესაბამისად, რუსეთი დარწმუნდეს იმაში, რომ მას სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს თუ, ის ამ მიმართულებით საკუთარი პოლიტიკის გაგრძელებას გადაწყვეტს.

„დასავლეთს დასათმობი ნამდვილად არაფერი აქვს. აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება მოხდეს. იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს, ერთიანობაა მნიშვნელოვანი.ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა რუსეთს ყველა ის შედეგი დაანახოს, რაც შეიძლება იმ პოლიტიკას მოჰყვეს, რასაც რუსეთი ახორციელებს.

„სხვა შემთხვევაში კი დასავლეთმა ნათლად მიანიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ადეკვატური იქნება, ის კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მზადაა, იგივე განიარაღების, თუ სხვა უამრავი თემის კუთხით, რომელიც არსებობს. ის, რომ მხარეები დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, ეს კარგია. მთავარია, რომ ეს დიალოგი არა პიარისთვის, არამედ შინაარსობრივი იყოს" - განაცხადა მან.

ფხალაძის თქმით, ახლა მთავარია, რომ დასავლეთმა ერთიანობა და სიმტკიცე შეინარჩუნოს, რათა რუსეთს მეტი გზა აღარ დაუტოვოს, რომ პოზიციები დათმოს.

„ესაა ნერვების ომი და აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიმტკიისა და ერთიანობის ჩვენება. რუსეთის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ის ხედავს, რომ მას სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. რა თქმა უნდა, ის თავის ნებით არაფერს დათმობს და არც არაფერი არ დაუთმია. ყოველთვის ის მაშინ თმობდა, როცა ხედავდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია.

„ზუსტად ასე ხდებოდა ნატოს გაფართოებები, ახალი წევრების მიღება და ბევრი სხვა რაღაცა. ასე მოხდა, როცა საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანაზე დავითანხმეთ. თავიდან ამის წინააღმდეგიც იყო. ამიტომ, აქ სწორედ მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობით მისი დარწმუნება მოხდეს, რომ დასავლეთის პირობებს დათანხმდეს. ის გავლენის სფეროების გასაფართოებლად იბრძვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის საშუალება არ მიეცეს. იმედი მაქვს რომ არც მიცემა," - განაცხადა ფხალაძემ.

როგორც „ევრონიუსი" წერს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი იერმაკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე მიიწვია. კიევი მხარეებს ვირტუალურ შეხვედრას სთავაზობს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით რუსეთის მხრიდან პასუხს, მაგრამ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გარკვეული ინტერესით შეხვდნენ ჩვენს წინადადებას... ვფიქრობ, ეს არის პროაქტიული პოზიცია, რომელიც უკრაინას მოლაპარაკებებში ჩართავს. თუ საუბარია ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვაზე, აუცილებელია უკრაინის ჩართვა", - აღნიშნა იერმაკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე