თეონა ვეშაგური
(14.01.2022)

რუსეთი დასავლეთისგან ცვლილებებისა და დაპირებების უსასრულო ლოდინს არ აპირებს, რის შესახებაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს. მისივე განმარტებით მოსკოვს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სიტუაცია მართლაც მძიმეა და გამორიცხული არ არის არც უკრაინაში შეჭრის საკითხი და არც უკრაინა-საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილის დაბომბვა.

„ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველვყოთ უსაფრთხოება. გარწმუნებთ, რომ გარკვეულ ცვლილებებს და დაპირებებს უსასრულოდ არ დაველოდებით," - განაცხადა ლავროვმა.

კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის მუქარა შესაძლოა რამდენიმე გზით განახორციელდეს. რაც შეეხება დასავლეთს, ისინი მხოლოდ სანქციებით ცდილობენ მის შეჩერებას, რაც პუტინს ვერ შეაკავებს. ამ სიტუაციიდან გამომდინარე ბუნდოვანია თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

„ამ განცხადებით აშკარად იმუქრება ლავროვი, მაგრამ ჯერ ცნობილი არ არის, რით, თუმცა არსებობს რამდენიმე საშუალება - ერთი ის, რომ შესაძლოა შეიარაღება გაზარდოს, ან გამოიყენებს ბირთვულ იარაღსა და ახლადწარმოებულ რაკეტებს. არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ ნატოს საზღვრებთან გაზარდოს თავისი სტრატეგიული შეიარაღება. ამასთან, გამორიცხული არ არის არც უკრაინაში შეჭრის საკითხი და უკრაინა-საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილის დაბომბვა. ეს ის ძირითადი ნაწილია, რითიც შესაძლოა რუსეთი დაგვემუქროს.

„ნატოს მხრიდან კი ერთადერთი მუქარა მკაცრი სანქციების დაკისრებაა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ეშინია რუსეთს ამ სანქციების. მოლაპარაკებებს ნატოსთან აქვს ულტიმატუმის ხასიათი, ისინი ამბობენ, რომ თუ ალიანსის წევრი ქვეყნები არგაფართოვების საკითხზე დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, მაშინ ჩათვლიან, რომ მოლაპარაკებები არ შედგა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, მოლაპარაკებები მართლა ჩაიშლება.

„რაც შეეხება ნატოს განცხადებებს საქართველოსა და უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერაზე და მაპ-ის შესაძლო მიღებას, ამაზე ნამდვილად ფიქრობს დასავლეთი, მაგრამ ახლა არ მგონია მათ ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გააღიზიანონ რუსეთი. არ მოახდენენ მის პროვიცირებას", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე