„იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა კოვიდსერტიფიკატები აღიარებულია, ევროპაში თავისუფალი გადაადგილების პრივილეგია ენიჭებათ დამატებითი პროცედურების გარეშე”
თეონა ვეშაგური
(20.08.2021)


ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხვალიდან, ევროკავშირი უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ გაცემულ ე.წ.კოვიდსერტიფიკატებს ცნობს.

იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებია საჭირო და რა პრინციპით ხდება კოვიდსერტიფიკატების აღიარება „რეზონანსთან" ჯანდაცვის ექსპერტი, ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საუბრობს და ყურადღებას იმ პროცესებზე ამახვილებს, რომელთა საშუალებითაც საქართველოსაც შეეძლება აღიარების მოპოვება.

„კომისიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ექვივალენტობის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თურქეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნები დაუკავშირდებიან ევროკავშირის სისტემას და ამ ქვეყნების მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ხვალიდან იმავე პირობებით მიიღება ევროკავშირში, როგორც ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატი", - ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.

ირაკლი ხმალაზე „რეზონანსს" უყვება, როგორ და რა კრიტერიუმებით ხდება ევროკომისიის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნების მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატების აღიარება და რა პრივილეგიებით სარგებლობენ ასეთი ქვეყნების მოქალაქეები, ასევე რა არის საჭირო იმისთვის, რომ მსგავსი შეღავათებით საქართველოს მოქალაქეებმაც ისარგებლონ.

„არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის როგორ კეთდება აცრები ქვეყნებში, როგორ მიმდინარეობს კვლევების ჩატარების პროცესი და რომელი პრეპარატები გამოიყენება ვაქცინაციისას. სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ე.წ კოვიდსერტიფიკატის აღიარება.

„იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა კოვიდსერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირის მიერ, თავისუფალი გადაადგილების პრივილეგია ენიჭებათ დამატებითი პროცედურების გავლის გარეშე, მათ მეტი პერსპექტივა აქვთ დასაქმების მხრივაც.

„იმისათვის, რომ ევროკავშირის მხრიდან აღიარებული იქნეს საქართველოს კოვიდპასპორტები, მათ მიერ მოწონებული უნდა იყოს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მუშაობა და აღიარონ ის მეთოდები, რომლითაც ვმუშაობთ, არა მხოლოდ მკურნალობის მხრივ, არამედ დიაგნოსტიკის მხრივაც."-ამბობს ხმალაძე

ინფექციონისტი თვლის, რომ აღნიშნულ ქვეყნებს აღიარება ევროკომისიის მიერ დაწესებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების გამო მიენიჭათ.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები ჯდება იმ სტანდარტებში, რომელიც გააჩნია ევროკავშირს, ამიტომ, მოხდა მათ მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატების აღიარება" - განაცხადა ხმალაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე