თეონა ვეშაგური
(16.07.2021)

 

 როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს ხელთ აქვთ ბევრი სამხილი როგორც წერილობითი ჩვენებების, ისე ვიდეოჩანაწერების სახით, ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ფაქტზე მოახდინონ რეაგირება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ალტ-ინფოსთან" დაკავშირებულ პირებზე სამართლებრივი ქმედებების დაწყების კომენტირებისას.

დღეს დილით ზურაბ მახარაძის, კონსტანტინე მორგოშიასა და გურამ ფალავანდიშვილის სახლებსა და ოფისებში პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, აღნიშნული პირები და მათთან ერთად გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი ალექსანდრე სამართალდამცავებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ნებისმიერი დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც გამყარებულია ფაქტებით, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ იწვევს საერთო სახალხო მღელვარებას. ნებისმიერი დამნაშავის პასუხისმგებლობაში მიცემა სამართლიანად და მყარი არგუმენტების საფუძველზე, არ აქვს მნისვნელობა მის სტატუსს, ეროვნებას ან მატერიალურ მდგომარეობას, ვერ გამოიწვევს ქვეყანაში ფართომაშტაბიან კრიზისს. პირიქით, ხელისუფლებას საზოგადოების უმრავლესობა უპირისპირდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ ახერხებს სამართლიანობის დაცვას.

თუმცა ყოველთვის არის საშიშროება მცირე ჯგუფების მხრიდან წარმოქმნილი დაძაბულობისა. როდესაც არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა და ეს არაერთხელ დამტკიცებულა ბევრ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში," - განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე