ელზა პაპოშვილი
(16.07.2021)

ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ძალიან დამაფიქრებელი და საყურადღებოა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე,  ახალი შემთხვევების სერიოზული ზრდა აღინიშნება. ზოგიერთი ნატხომისებურ ზრდაზეც საუბრობდა. ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების რაოდენობა 1300-დან 1800-მდე გაიზარდა, რაც ძალიან მაღალი დონეა. მითუმეტეს ქვეყანაში დელტა შტამმა ცირკულირება დაიწყო და სავარაუდოდ, მისი გავრცელება უკვე 30%-მდე ავიდა. 

მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ნოემბერ-დეკემბრის სავალალო სტატისტიკა არ უნდა მივიღოთ, რადგანაც მოსახლეობის  დიდმა ნაწილამ ვირუსი გადაიტანა და გარცელების ჯაჭვი ასეთი სწრაფი აღარ უნდა იყოს. 

თუმცა სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ დელტა შტამი ბავშვებში სწრაფად და მწვავედ ვრცელდება. დღეს ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ჩვილი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში  აცხადებენ, ბავშვი ალფა შტამით, ე.წ. ბრიტანული ვარიანტით იყო ინფიცირებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. 

ამჟამად ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 ჩვილია მძიმე მდგომარეობაში, ერთ-ერთ მათგანი, რომელსაც დელტა, ანუ ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.  

ბოლო 24 საათში კი საქართველოში კორონავირუსის - 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 466 პაციენტი. 13 ადამიანი გარდაიცვალა.  სულ გარდაცვლილია  5503. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტების რაოდენობამ 34 800 შეადგინა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 155, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 48, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18. 

საქართველოს მთავრობამ კი კონკრეტული ღონისძიებების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის №322 დადგენილებაში ცვლილებების თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი პისიარ ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ამავე ცვლილებების მიხედვით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე. დადგენილება მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდება. 

კორონავირუსის სტატისტიკის ზრდის ფონზე ჯანდაცვის მინისტრმა ლოკდაუნი ახსენა, მაგრამ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩაკეტვა არ იგეგმება.

ამირან გამყრელიძემ დაადასტურა რომ ეპიდვითარება მძიმდება, რომ საქართველოში ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ფიქსირდება და ე.წ. დელტა შტამის ცირკულაცია მძლავრდება.

„ლოკდაუნზე მსჯელობა არ მიდის. ამ ეტაპზე მსჯელობა მიდის მხოლოდ გამკაცრებაზე იმ რეგულაციების, რაც არსებობს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

მისივე თქმით, საქართველოში დელტა შტამის ცირკულაცია, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს.  სწორედ ახალი ვარიანტის გამო შეიქმნა პედიატრიულ საწოლებთან დაკავშირებით პრობლემა, რომელიც მოგვარებულია. 

„პირდაპირ გეტყვით, რომ დელტა შტამის ცირკულაცია უკვე ასცდა 20%-ს, ჩვენ ვანგარიშობთ 20-იდან 30%-ს,  საერთო ცირკულაციაში, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო ერჩის ახალგაზრდებს და ბავშვებს. ამიტომაც, გარკვეული პერიოდი იყო პრობლემები, მაგრამ მე ვიცი სამინისტროსგან, რომ ბავშვთა საწოლფონდთან დაკავშირებული პრობლემებიც სწორდება,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

დღეს საქართველოში დომინანტი ჯერ კიდევ რჩება ე.წ. ბრიტანული შტამი „ალფა“, მაგრამ თანდათან სულ უფრო ვრცელდება ინდური, ანუ „დელტას“ შტამი,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება.

„ინდური“ შტამის გავრცელება არის დაახლოებით 25 პროცენტი და მისი გავრცელება მატულობს. ასეთი სცენარი იყო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბოლოს ინდური შტამი იყო დომინანტი. დიდი ალბათობით, ჩვენ ამაზე გავლენას ვერ მოვახდენთ, დადგება რაღაც მომენტი, როცა საქართველოში ძირითადად გავრცელებული იქნება ინდური შტამი. ეს შტამი ბევრი რამით განსხვავდება სხვა შტამებისგან, ის 50 პროცენტით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „ბრიტანული“ შტამი, რომელიც თავის მხრივ, 50 პროცენტით უფრო მეტად გადამდები იყო, ვიდრე სტანდარტული „ჩინური“ შტამი. გარდა ამისა, მისი კლინიკური სურათი განსხვავდება. მას ნაკლებად ახასიათებს ხველა, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, სამაგიეროდ, გაცილებით უფრო ხშირად ახასიათებს ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი და ცხელება. გარდა ამისა, ის გაცილებით უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს, ვიდრე ამას სხვა შტამები აკეთებდა. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანდაცვის სექტორი და უნდა მიაქციონ მშობლებმაც, მოსახლეობამ. „ინდური“ შტამი იძლევა გაცილებით უფრო მძიმე მიმდინარეობას დაავადების, უფრო მძიმე გამოსვლებით, მხედველობაში მაქვს გარდაცვალების შემთხვევები და დაახლოებით ორჯერ უფრო გაზრდილი ჰოსპიტალიზაცია. ყველაფერი ეს ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს სახელმწიფოს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორს,“ - განაცხადა ცერცვაძემ. 

მისივე თქმით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, მკაცრი ლოქდაუნი არ იგეგმება. 

„ძალიან ბევრს აინტერესებს რა ზომების მიღებას გეგმავს სახელმწიფო, ხომ არ აპირებს ისევ შეზღუდვების განახლებას, ან „ლოკდაუნის“ გამოცხადებას, - არა. შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, ჯერჯერობით სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნები“ არ განაახლოს, რადგან, როგორც იქნა ქვეყანამ ამოისუნთქა, აღინიშნება საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ტურისტული სეზონიც საკმაოდ წარმატებულია. ყველაფრის უკან შებრუნება ძალიან მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის და ხალხისთვის. ამიტომ, ქვეყანა გაზრდილი მობილობის პირობებშიც, ჯერჯერობით არ გეგმავს შეზღუდვებს და „ლოკდაუნებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციონისტი მაია პუწაშვილი კი ამბობს, რომ შეზღუდვები უკიდურესი ღონისძიებაა, ამიტომაც მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა უკვე სხვა არაფერი აღარ ამართლებს. 

მისივე თქმით, არსებული შეზღუდვების აღსრულებაც პრობლემაა და ბევრ შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებს და მათ აღსრულებაზე უნდა იყოს უფრო მჭიდრო ზედამხედველობა. 

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება, „ლოკდაუნის“ კიდევ ერთხელ გამოცხადებას არ უნდა ველოდოთ. ქვეყნის ერთგვარ ჩაკეტვას მძიმე შედეგებამდე მივყავართ. მართალია ვირუსის გავრცელების აღმავლობა გვაქვს, მაგრამ არც ისე საგანგაშოა, როგორც ეს ნოემბერ-დეკემბერში გქონდა. ამიტომ იგივე ციფრებს რომ არ მივაღწიოთ, შეზღუდვების და რეგულაციების მკაცრი კონტროლი უნდა მოხდეს.  მოსახლეობის საკმაოდ სერიოზულმა ნაწილმა ეს ინფექცია გადაიტანა და ეს გადაცემის ჯაჭვებს, ასე თუ ისე, შეანელებს. 

ელვის სისწრაფით აღარ გავრცელდება, რადგან დახვდება ის ადამიანები, რომელთაც ექნებათ დაცვა, ანტისხეულები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სიმშვიდის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს, საქართველოს პირობებში ახლანდელი ციფრებიც საკმაოდ სერიოზულია. სამწუხაროდ, მილიონ მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით უკვე მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ, ამიტომ მოდუნება არაფრით არ შეიძლება. ვაქცინირებულების რაოდენობა იმდენად დაბალია, ეს სამწუხაროდ, დიდად სურათს ვერ შეცვლის“, - ამბობს ბუწაშვილი. 

მისივე თქმით, ადამიანებს ბევრჯერ უნდა მოვუწოდოთ, რომ კოვიდიარ დაავიწყდეთ.  განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე დისტანცირება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ბუწაშვილი ამბობს, რომ  ადამიანების თავშეყრა  ძალიან საშიშია. იქ შეიძლება იყოს ერთი შემთხვევა, რომელმაც სტარტი აიღოს. ამის კარგი მაგალითი კი შარშანდელი შემთხვევაა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე