თამთა ჩაჩანიძე
(16.07.2021)

„ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე ორ საათიანი ბინის ჩხრეკის შემდეგ, სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს - ამის შესახებ მახარაძის მეუღლემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, პოლიციამ სახლიდან მათთვის საჭირო ნივთები ამოიღეს, თუმცა რა ნივთებზეა საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია.

ამის პარალელურად ჩხრეკა „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები „ალტ-ინფოს" დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც მუშაობენ.

„დაახლოებით, დილის 9 საათი იყო, სამართალდამცავები რომ მოვიდნენ, სახლში მათ სტანდარტული პროცედურები - ჩხრეკა ჩაატარეს. ამოიღეს მათთვის საინტერესო ნივთები და წავიდნენ. ზურა, პროცედურულად, განყოფილებაში გადაიყვანეს, როგორც ვხდები ჩხრეკასთან დაკავშირებით უნდა გააფორმონ წერილობითი დოკუმენტაცია. 5 პიროვნება ატარებდა პროცედურას, ჩხრეკა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა," - აცხადებს „ალტ-ინფოს" წევრისა და წამყვანის, ზურაბ მახარაძის მეუღლე ლიკა კასრაძე.

მანამდე „ალტ ინფოს" ფეისბუქ გვარდზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი სახელით „ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტი ალტ-ინფოს დაპატიმრებას ითხოვს", სადაც გადაცემის წამყვანები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას განიხილავენ.

„მარტო ამ განცხადების გამო ღირდა ყველაფერი, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე ითქვა, რომ ესნი მხარს უჭერენ და ახალისებენ ამ მოძრაობებს, პირდაპირ მოითხოვენ ჩვენს დაჭერას და პირდაპირ გააფორმეს ლაშქარავას სიკვდილი, როგორც პირდაპირი შედეგი, ანუ ფეხზე დაიკიდეს გამოძიების თემა, ფეხზე დაიკიდეს ფაქტები, ნებისმიერი ჭკუადმყოფელი ადამიანი, ვინც ნახავს იმ მასალებს რაც გაჟღერდა და მოუსმენს არა სამთავრობო, არამედ სადაც ლაშქარავა მუშაობდა, იმ ტელეკომპანიის დაქირავებულ დამოუკიდებელ ექსპერტს, კადრებს ვინც ნახავს, მაგის მერე რომ კიდევ ლაპარაკობს, რომ ეგ ადამიანი იმიტომ მოკვდა, რომ ხუთში იქ ჩხუბში მოჰყვაო, ეგ ნიშნავს, რომ ფეხზე ჰკიდიათ იმ ადამიანის სიცოცხლე, გამოყენებულია, როგორც აგიტაცია პროპაგანდის საშუალება.

„ეგენი ჩვენს დაჭერას პირდაპირ ითხოვენ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი აყვანა თუ მოხდა, მოხდება ამათ გამო, ანუ ჩვენი აყვანა კი არ მოხდება, ვიღაც ნანუკა ჟორჟოლიანის, ვახო სანაიას და ვირაცა ჩმორების გამო... ესენი ითხოვენ. ყველა ვინც ზის, არის ჩვეულბივად სინდისის პატიმარი," - აცხადებს გადაცემაში ზურაბ მახარაძე.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს ცნობებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ტრაგიკულად ერთი ადამიანის სიცოცხლე, ამ შემთხვევაში თქვენი კოლეგის სიცოცხლე. ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იყოს იდენტიფიცირებული, დაპატიმრებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული.

ჩვენ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. ჩვენ შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და პრესის თავისუფლება. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯაროდ დაგმონ ასეთი სახის ძალადობა, რომლის ადგილი დემოკრატიაში არ არის. ჩვენ ამაყად განვაგრძნობთ მთელ მსოფლიოში ლგბტქ საზოგადოების ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან დაცვას. ვცდილობთ, გავაძლიეროთ ლგბტ მოძრაობები და ადამიანები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ ჯგუფების მიმართ და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის მიმართ", - განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მოთხოვნას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„რაც შეხება პრემიერ-მინისტრს და მის მომავალს, რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია,"- აღნიშნა პრესსპიკერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე