თეონა ვეშაგური
(15.07.2021)

შარლ მიშელი ჩამოდის, რათა მოახდინოს მონიტორინგი, თუ როგორ სრულდება აღნიშნული მემორანდუმი. მმართველი პოლიტიკური ძალა მიიღებს სერიოზულ გაფრთხილებას, რადგან ის რაც ქვეყანაში მოხდა 5-6 ივლისს არის მემორანდუმის პირდაპირი დარღვევა, განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას ავრცელებს, მომავალ კვირას, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტის შესახებ.

როგორც კობახიძემ „რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 18 თუ 19 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. 5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას მოუწევს მწვავე კრიტიკის მოსმენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო. ასევე სასამართლოში არსებული მოვლენების შესახებ, რადგან აშკარაა რომ აღნიშნული მემორანდუმი არ სრულდება.

„შარლ მიშელი ჩამოდის, რათა მოახდინოს მონიტორინგი, თუ როგორ სრულდება აღნიშნული მემორანდუმი. მმართველი პოლიტიკური ძალა მიიღებს სერიოზულ გაფრთხილებას, რადგან ის რაც ქვეყანაში მოხდა 5-6 ივლისს არის მემორანდუმის პირდაპირი დარღვევა. მართალია, იქ არ წერია კონკრეტულად ამ ფაქტის შესახებ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მემორანდუმი შედგენილია ევროპული ღირებულებების მიხედვით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე ძალადობის ფაქტები ეწინააღმდეგება ამ ღირებულებებს, რაც თავისთავად ნიშნავს მემორანდუმის პრინციპების დარღვევას.

ვფიქრობ, საუბარი იქნება სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებაც, მემორანდუმის ერთ-ერთერთი პუნქტი იყო მოსამართლეთა არჩევის პროცესის შეჩერება რაც არ განახორციელა მმართველმა პარტიამ.

ხელისუფლებას მოუწევს სერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემა და მკაცრი გაფრთხილებების მოსმენა. ქვეყანა შედის კიდევ ერთ პოლიტიკურ კრიზისში რაც რა თქმა უნდა იწვევს ევროკავშირის აღშფოთებას. შარლ მიშელის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ამ ეტაპისთვის იქნება საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და გამჭირვალედ წარმართვა.

თუ ხელისუფლებას სურს სიტუაციის დარეგულირება, პირველ რიგში უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესები, მოგვცეს გარანტია რომ წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართება მშვიდ და სტაბილურ გარმოში და უზრუნველყოს შეუფერხებლად ვაქცინირების პროცესების შეუფერხებლად წარმართვა," - განაცხადა მაისაიამ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე