ელზა პაპოშვილი
(15.07.2021)

კონსტიტუციონალისტი ვლადიმერ ბოჟაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ეს ვაქხანალია“, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, იმისკენ არის მიმართული, რომ იციან თვითმმართველობის  არჩევნებზე კვლავ დამარცხდებიან და თავის გადასარჩენად  რაღაცა ხომ უნდა მოიფიქრონ. 

ამბობს, რომ ოპოზიცია ყოველ დღე მხოლოდ იმას ფიქრობს, ქვეყანას რა გაუფუჭოს.  თუმცა ყველა მცდელობა წყალში ჩაეყრებათ, რადგანაც მოსახლეობა ქვეყანაში კიდევ ერთ რევოლუციას,  ქაოსსა და არეულობას არ დაუშვებს. 

„ამ ხალხს ეს ქვეყანა არ უყვარს და დღედაღამ მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა ავნონ. მთელი 7 თვის განმავლობაში სახელმწიფო აჯანჯღარეს და ახლა ისევ იგივეს გაკეთება უნდათ. ევროკომისარი ჩამოვიდა საქართველოში და ქვეყანას დახმარების სახით  4 მილიარდი ევრო ჩამოუტანა.  ევროპა ცდილობს  გავძლიერდეთ და განვითარდეთ. ამ კაცმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ ალბათ ყველა პარტია ვინც დარჩენილია ამ დოკუმენტს ხელს მოაწერსო. 

ხელს კი არა ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ მთავრობას უნდობლობა გამოვუცხადოთო და „ნაციონალებმა“ საერთოდ პარლამენტიდან გავდივართ,  მუშაობას ვწყვეტთო. გეგონება, კანონების  წერაში ოფლს ღვრიდნენ. 

ოპოზიციურმა  სპექტრმა  ერთხელ არეულობა უკვე სცადა, მაგრამ არ გამოუვიდათ. არც ქვეყნის მოსახლეობას და არც დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება არ უნდა. ეს რომ სურდეთ ასეთი მყარი მხადაჭერა მათი მხრიდან არ  იქნებოდა. ვის სჭირდება აქ არეულობა და დესტაბილიზაცია? როგორც კი ქვეყანაში სტაბილურობის განცდა ჩნდება, პოლიტიკური პროცესები ცხრება, მაშინვე ოპოზიციის ნაწილი რაღაცას იგონებს იმისთვის, რომ პროცესები ისევ ხელახლა არიოს“, - ამბობს ბოჟაძე „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე