თეონა ვეშაგური
(14.07.2021)

2020 წლის 11 ივლისს ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა. საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან განთავისუფლებული გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

რამდენიმე წუთის წინ მან ერგნეთში ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა. გათავისუფლებულს ადგილზე დახვდა პრემიერ-მინისტრი, ერგნეთში იყმოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გახელაძის გათავისუფლების პროცესში ჩართულები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და კათოლიკოს-პატრიარქი.

„მადლობა ზაზას, პირველ რიგში, ამ გმირ კაცს, ვაჟკაცს! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის და პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში; ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი!" - განაცხადა პრემიერმა.

„კარგად ვარ არ ველოდებოდი ნამდვილად, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის, ღმერთი სწყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდით დგომით ყველაფერი კარგად დამთავრდა", - განაცხადა გახელაძემ.

ოკუპანტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით ამ საკითხში უამრავი ადამიანის ჩართულობის შედეგია დღევანდელი გათავისუფლების გადაწყვეტილება.

„არა მხოლოდ საერთაშორისო კონტაქტებით, არამედ შიდა არხების მხრიდანაც აქტიური ჩართულობა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავდ იმისა რომ რუსეთს არ სურდა ამ საკითხთან კავშირი, მაინც არაფერი დაიმალა და საერთაშორისო თანამეგობრობის საშუალებით, ამასთან ერთად სხვა კავშირებითაც რომელზეც ვერ ვისაუბრება დადგა ეს შედეგი" - განაცხადა არეშიძემ.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე