იქნება თუ არა საჭირო გარკვეული რეგულაციების ხელახლა შემოღება მომდევნო ორი კვირის დაკვირვების შემდეგ გადაწყდება
ელზა პაპოშვილი
(14.07.2021)

სამედიცინო სფეროს ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ მსგავსი დინამიკით გაგრძელდა ვირუსის გავრცელება, შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს. განსაკუთრებული სიწრაფით კი ქვეყანაში დელტა შტამი, ე.წ. ინდური შტამი ვრცელდება, რომელიც აგრესიულად ბავშვებშიც ვითარდება. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის სტატისტიკის რიცხვები ქვეყანაში დღითიდღე იზრდება. მინისტრის თქმით, იქნება თუ არა საჭირო გარკვეული რეგულაციების ხელახლა შემოღება - ეს მომდევნო ორი კვირის დაკვირვების შემდეგ გადაწყდება. ხოლო  ბავშვებში გაზრდილი ინფიცირების შემთხვევების გამო კლინიკურ სექტორთან დაწყებულია მუშაობა, რათა მოხდეს მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზება.

"აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და იმ რეგულაციების ხარისხიანად გამოყენება, რომელიც მიწოდებული აქვს კერძო სექტორს. სწორედ ეს რეგულაციები განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა ჩვენ შემოდგომაზე ისევ და ისევ იმ არჩევანის წინაშე, ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას და გვექნება თუ არა განმეორებითი ლოკდაუნი.

რა თქმა უნდა, ამის სურვილი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა, ამის ფუფუნებას ჩვენ არ გვაძლევს პანდემია და ის რიცხვები, რომელიც დღითიდღე არის მზარდი და განაპირობებს უკვე ამ გადაწყვეტილებების მიღებას.

როგორც შრომითი ინსპექცია ასევე ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კერძო სექტორთან იმისთვის, რომ მათთან განახლდეს ისევ ის კომპეტენციები და ის მითითებები, რომელიც მათთვის არის მიცემული რეგულაციების სწორ დაცვასთან მიმართებაში და ჩვენ დამოკიდებულები ვართ სწორედ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტზე და ასევე, რაოდენობაზე, რის შედეგადაც შეიძლება გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ჩვენ გვქონდა ორჯერადი ნახტომი და ინფექცია უკვე არის საკმაოდ გაზრდილი და შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილებების (რეგულაციების შესახებ) მიღებისთვის," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე. 

ბავშვებში „დელტა“ ვარიანტის დროს უფრო მეტად აღინიშნება ფილტვის დაზიანება, მოზრდილებთან შედარებით ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების ბევრი შემთხვევაა, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, სადაც ბავშვების კორონავირუსის „დელტა“ შტამით ინფიცირებაზე ისაუბრა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, „დელტა“ ვარიანტს ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა ნაკლებად ახასიათებს.

„რა თქმა უნდა, როდესაც „დელტა“ ვარიანტს ვახასიათებთ, მას შედარებით უფრო მეტად გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში, ასევე 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ამ მონაცემების უკან, პირველ რიგში, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები დგას. ყველაზე მეტი მონაცემი ჩვენი ბრიტანელი კოლეგების გვაქვს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი გაახალგაზრდავდა, ბავშვებში სიმპტომების მეტად გამოვლენა.

შეიძლება თუ არა, კლინიკური სიმპტომების საფუძველზე, განვასხვავოთ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, რომელიმე სხვა ვარიანტისგან?- ალბათ, არა. თუმცა, რაღაც ნიუანსები არის.

ეს ნიუანსია ყველასთვის კარგად ცნობილი ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა, რომელიც საკმაოდ ხშირია კორონავირუსის ბრიტანული და ჩინური ვარიანტის შემთხვევაში, რაც ნაკლებად ახასიათებს „დელტა“ ვარიანტს. ასევე, ერთ-ერთ თავისებურებად ითვლება უფრო მეტად გამოხატული თავის ტკივლი და არა ცხელება, ყელის ტკივლი და არა ხველა. კიდევ ერთი, რაც ბავშვებშიც ფიქსირდება, უფრო მეტად „დელტა“ ვარიანტის დროს, აღინიშნება ფილტვის დაზიანება, კერძოდ, ფილტვების ანთების განვითარება. მაინც მინდა გავიმეორო, რომ მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ძალიან რთული იქნება კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის განსხავება“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, ყველა 1 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსის რომელიმე სიმპტომი აქვს, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. 

თსსუ-ს პროფესორი დევი ტაბიძე კი ამბობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა COVID-19-ის რომელი შტამი იქნება გავრცელებული. პროფესორის თქმით, მათი არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ ვირუსი ბობოქრობს და ჩვენ მის წინააღმდეგ ვერაფერს ვაკეთებთ.

"ალფა იქნება ეს, გამა, ბეტა თუ ნებისმიერი, რაც გინდა დავარქვათ, ეს თუ ყველაფერი არის, მეტყველებს იმაზე, რომ ვირუსული შტამი ბობოქრობს და ჩვენ მის წინააღმდეგ ვერაფერს ვაკეთებთ ისეთს, რომ შევწყვიტოთ მისი მოქმედება.

თუ ჩვენ იმ რეგულაციებს არ შევასრულებთ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აბსოლუტურად აზრი არა აქვს ვირუსის სახელების და ა.შ. შემოღებას," - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დევი ტაბიძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია ისედაც გაუარესებულია და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდება და მოსახლეობა ყველა საჭირო რეკომენდაციას არ დაიცავს, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.

"ჩვენთან, ამ ეტაპზე, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია და თუ სწორ დასკვნებს არ გამოვიტანთ და არ იქნება შესაბამისი ღონისძიებები გატარებული და მოსახლეობა არ დაიცავს რეკომენდაციებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება. 

“ტალღაზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა თუ ასეთი დინამიკით გაგრძელდა ახალი შემთხვევების მატება და პლუს რეკომენდაციები არ შესრულდა, რა თქმა უნდა, შესაძლოა მკვეთრად გაუარესდეს," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე