ქრისტინე კაპანაძე
(14.07.2021)

დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინა „ფაიზერი" საქართველოშია და ვაქცინაცია 16 ივლისიდან დაიწყება. ამასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ "ფაიზერმა" შესაძლოა ვაქცინაციის პროცესი დააჩქაროს, თუმცა, აცრის შემდგომი შედეგი, რომელმაც ეპიდვითარება უნდა დაასტაბილუროს, შედარებით გვიან - 2-3 თვეში დადგება.

საკითხზე, თუ რამდენად შეუწყობს „ფაიზერი" ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას, „რეზონანსს" ეპიდემიოლოგი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრა. მისი თქმით, თუ ვაქცინა სწრაფად იქნება ათვისებული, ეს დადებით შედეგებს მოიტანს დაახლოებით 2-3 თვეში.

„ახლა შეიძლება „ფაიზერით" ვაქცინაციის შედეგი ეფექტური არ იყოს, თუმცა, გრძელვადიანად, სწრაფად ვაქცინირების პროცესის დაჩქარების შემთხვევაში რასაკვირველია მოიტანს შედეგს. ვაქცინაციის შედეგს ჩვენ მოვიმკით 2-3 თვეში.

„უახლოეს პერსპექტივას რაც შეეხება, უმჯობესია ახლა დავიცვათ რეკომენდაციები, რადგან არ მოხდეს სწრაფი გავრცელება ეპიდემიის. სამომავლოდ თუ წარიმართება ვაქცინაცია კარგად, მაშინ ეპიდსიტუაცია გვექნება სტაბილური.

საკითხზე, თუ ყოველდღიურად რატომ იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი და არის თუ არა მოსალოდნელი შეზღუდვების შემოღება - გოგინავა ამბობს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი დროთა განმავლობაში ეფექტური ვაქცინაციის პროცესთან ერთად დაიკლებს, თუმცა, იქამდე თუ საჭირო გახდება, მთავრობამ შეზღუდვები უნდა განაახლოს.

„მანამ, სანამ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ეპიდვითარების გაუმჯობესება არ არის შესაძლებელი - ამას სჭირდება დრო, რომ დაგროვდეს იმუნური ფენა, რომ ჩვენ ეპიდსიტუაციაზე გავხლენა მოვახდინოთ.

„თუ საჭირო გახდება, მთავრობამ უნდა იზრუნოს შეზღუდვების შემოღებაზე, თუნდაც პირბადის ტარების მოთხოვნაზე და ა.შ," - ამბობს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში, სამწუხაროდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია.

„ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას გაუარესებულა: ინციდენტობა 100 ათას მოსახლეზე, ახალი შემთხვევები, დადებითობის მაჩვენებლი ბოლო 7-14 დღის აცდა 4% -იან თამასას. ერთადერთი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ.

მისი თქმით ეპიდვითარების გაურესება შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშრდება.

ის ასევე „ფაიზერთან" დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ გარდა მილიონი დოზა „ფაიზერის" ვაქცინისა, მალე გახდება ცნობილი როდის და დამატებით რამდენი დოზა „ფაიზერი" შემოვა აშშ-დან დონაციის სახით.

„გუშინ გვიან ღამე ქვეყანაში შემოვიდა პირველი პარტია „ფაიზერის", იმ დიდი მილიონ დოზიანი ხელშეკრულების. მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს და ამ ხელშეკრულებით უნდა გვქონდეს მილიონამდე დოზა. დამატებითი „ფაიზერი" გამოიყო აშშ-ის დონაციის ფარგლებში, მალე გახდება ცნობილი რამდენი დოზა და როდის შემოვა აშშ-დან დონაციის სახით,"- ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, პირველ ეტაპზე „ფაიზერის" ვაქცინაზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებზე.

„ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად - 14-14 ათასად. მოგეხსენებათ, რომ მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ ყველა ადამიანს რომ გარანტირებულად შეხვდეს მისთვის იქნება გარანტირებული მეორე დოზა.

ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს იმაზე, რომ „ფაიზერზე" ასაკი დაიწევა და იქნება 16 წლის ზემოთ.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძის თქმით კი, ჩვენთან ყოველდღიურად ვაქცინირებულთა სამიზნე რიცხვი იყო 15-20 ათასი ადამიანი, რაც წინა დღეების მონაცემებით მიუღწეველი აღმოჩნდა,თუმცა ის ფიქრობს, რომ 16 ივლისიდან ფაიზერით ვაქცინაციის პროცესის დაწყება მიზანს უფრო დაგვაახლოვებს.

„მოგეხსენებათ, ყველაზე მეტი მოლოდინი ჩვენს მოსახლეობას და სამედიცინო პერსონალს ჰქონდა სწორედ „ფაიზერის" ვაქცინასთან დაკავშირებით. ამ ვაქცინის შემოსვლა დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეცვლის ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას.

„ჩვენთვის სამიზნე რიცხვი იყო 15-20 ათასი ადამიანი, რაც წინა დღეების მონაცემებით მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობთ, 16 ივლისი იქნება სრულიად განსხვავებული და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს მიზანს.

მისი თქმით ტექნიკური ხარვეზების ალბათობა არ გამოირიცხება, თუმცა ეს პრობლემა სწრაფად მოგვარებადია.

„ტექნიკური ხარვეზების ალბათობას ვერავინ გამორიხავს და შესაძლოა იყოს, მაგრამ ეს წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე სწრაფად გვარდება და ხელს არ შეუშლის რეგისტრაციის პროცესს. 5 ივლისიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მზად იყო ყოველდღიურად 15-20 ათასი ადამიანის მისაღებად, ამიტომ პრობლემა არ უნდა შეიქმნას,"- ამბობს ჩხაიძე.

როგორც ირკვევა საქართველო ფაიზერის 1 მილიონ დოზას ელოდება, თუმცა ეს დოზები ერთდეჯარადად არ შემოვა და იქნება ეტაპობრივი.

ფაიზერით ვაქცინაციის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით გაკეთდება, იმუნიზაცია კი პირველ ეტაპზე 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

„ფაიზერით" იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", 1. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო", ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე