ია აბულაშვილი
(30.06.2021)

მმართველი გუნდი თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატს მომავალ კვირაში ოფიციალურად წარადგენს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, მათი რეალური კანდიდატი ყოველთვის იყო და არის კახი კალაძე და მისგან მხოლოდ თანხმობას ელოდებიან.

"ნაციონალურ მოძრობაში" კი აცხადებენ, რომ ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" უნდა წარადგინოს და ეს კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს.

თვითმმართველობის მომახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

"რეზონანსი" ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ თბილისში ხელისუფლების დამარცხება ნიშნავს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები მომავალ წელს აუცილებლად ჩატარდება და ეს მარცხი "ოცნებას" ჩამოშლის;

ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რისთვის ემზადება, რიგგარეშე არჩევნებისთვის თუ დიდ ქალაქებში გამარჯვებისთვის? თუ რიგგარეშე არჩევნეისთვის ემზადება, მაშინ ამაზე უნდა იმუშაოს, თუ დიდ ქალაქეში გამარჯვებისთვის, აქცენტი ამაზე უნდა გააკეთოს.

ორივეს ერთად ვერ შეძლებს, ამის რესურსი არ აქვს. ხელისუფლებაც ხომ გულხელდაკრეფილი არ იჯდება? ოპოზიციამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ხელისუფლებამ 43%-ი ვერ აიღოს.

"რ": "ოცნების" კანდიდატი დიდი ალბათობით კახი კალაძე იქნება, მმართველი გუნდი მხოლოდ მის თანხმობას ელოდება. "ნაცმოძრაობა" ნიკა მელიაზე აკეთებს აქცენტს და სხვა პარტიებსაც მოუწოდებს, რომ ერთიან კანდიდატად აირჩიონ.

ვ;ძ: კახი კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი თბილისის მერობის და ოპოზიციიდან ვერ ვხედავ, რომ კალაძეს ვინმემ მოუგოს. ნიკა მელიას აქვს რეიტინგი და გლდანში შეიძლება მოიგოს, მაგრამ თბილისს მთლიანად ვერ აიღებს.

ოპოზიციას გამორჩა კალაძე, მთელი ამ ხნის განმავლობაში აქცენტს აკეთებდა ივანიშვილზე და გახარიაზე. კალაძე თავის საქმეს წარმატებით უძღვებოდა და ახლაც მშვენიერ პრეზენტაციებს აკეთებს, როგორ იყო მისი მოღვაწეობა დედაქალაქის მერის რანგში 4 წლის განმავლობაში. ოპოზიციამ ახლა დაიწყო შტურმი კალაძეზე, მაგრამ, დააგვიანა.

"რ": გახარიას რა შანსები აქვს?

ვ.ძ: გახარია მუშაობს იმაზე, რომ 43%-ზე კითხვის ნიშანი გააჩინოს. ორნიშნა რეიტინგი კი აქვს, მაგრამ არჩევნების დროს შეიძლება მოაკლდეს და 5%-ზე ჩამოვიდეს მისი რეიტინგი. გახარიას პარტიული კუთხით ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. მოსაგვარებელია ორგანიზაციული და სტრუქტურული საკითხები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამის მოგვარება კი 3 თვეში რთულია.

"რ": თვითმმართველობის არჩევნებმადე 3 თვით ადრე როგორ შეაფასებდით ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას? ჟვანიამ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეგავლენით მიიღო თუ თავად წავიდა?

ვ.ძ: ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთანხმებული ვერსია ხელისუფლებასა და თამარ ჟვანიას შორის - გაიარეს და ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე ასე სჯობს, ეს არის ჩემი ვერსია.

თვითმმართველობის არჩევნებში თუ ხელისუფლება 43%-ს აიღებს, ოპოზიციის ერთ-ერთი არგუმენტი, რომ არჩევნები ჟვანიამ გააყალბაო, უკვე წაერთვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე