რეზონანსი
(29.06.2021)

აღმოსავლეთ პარტნიორობს პროექტიდან ბელარუსის გასვლა საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ იქნება - ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ფაქტი შეიძლება ამ პროექტის ჩავარდნად შეფასდეს, რაც ჩვენთვის, როგორც პროექტის მონაწილე ქვეყნისთვის, ნეგატიური მოვლენა იქნება და საქართველოს განვითარების სხვა ასპექტებსაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის დატოვების შესახებ გაბცხადება ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს, 28 ივნისს გააკეთა. მთავარ მიზეზად დასახელდა ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციები:

„ბელარუსი იძულებული გახდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. ჩვენ ვერ შევასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების პირობებში", - ნათქვამია ნახსენებია ოფიციალურ განცახდებაში.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასა:

„კიდევ ერთი ნაბიჯი უკან. ეს კვლავ გაამწვავებს დაძაბულობას და ჩვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობის ჩარმორთმევა ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს ბელარუსის მოსახლეობაზე", - განაცხადა შარლ მიშელმა.

ქართველი ანალიტიკოსის, ზურაბ ბატიაშვილის მოსაზრებით, აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ბელარუსის გასვლა არის ნეგატიური მოვლენა როგორც თვითონ ბელარუსის, ისე საქართველოსთვისაც, ვინადან ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთთან ბელარუსის მეტად დახლოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც პროექტის ჩავარდნა:

„საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია. აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ბელარუსის გასვლა გამოიწვევს იმას, რომ ის კიდევ უფრო დაუახლოვდება რუსეთს და ის ცნობილი რუსული გეგმა საბჭოთა კავშირის აღდგენის თაობაზე კიდევ უფრო რეალისტური ხდება მასში ბელარუსის შესაძლო ჩართვიდან გამომდინარე.

„საერთო ჯამში, ეს ბელარუსის კიდევ უფრო იზოლაციას გამოიწვევს, ხელისუფლებასა და ხალხს ერთმანეთისგან კიდევ უფრო დაშორებას, სასიკეთოს არაფერს გამოიწვევს.

„საქართველოსთვისაც ძალიან ცუდია, იმიტომ 6 ქვეყანა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დარჩა 5. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერთგვარი ჩავარდნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ბელარუსის ფრთის, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა უნდა იყოს ან დემოკრატიული ან არადემოკრატიული და აქ გაივლო „წითელი ხაზი".

„ბელარუსი მთელი ამ დროის განმავლობაში ისედაც იყო გამიჯნული, თუმცა, ეს ახლა გაფორმდა ოფიციალურად და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა", - განაცხადა ბატიაშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ნეგატიური იქნება საქართველოსთვის, თუმცა, მისი თქმით, ადრე თუ გვიან ბელარუსი მაინც დაუბრუნდება ევროკავშირთან პარტნიორობას:

„ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ბელარუსის ყოფნა აღმოსავლეთ პარტნიორობაში საქართველოსთვის, ვიდრე ის ფული, რომლსაც ბელარუსი აღარ მიიღებს და შეიძლება ჩვენზე გადანაწილდეს. ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან პოზიტიური არ არის არც ევროპისთვის და არც საქართველოსთვის, ვინაიდან აქ იგივე ბელარუსის ან სხვა ქვეყნის, ყოფნა გულისხმობს ამ სახელმწიფოების ევროპეიზაციას, სტაბილურობასა და დემოკრატიის განვითარებას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება წელს დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, აღმოსავლეთ პარტნიორობას ბელარუსის გარეშე მოუწევს დღის წესრიგის გადაკითხვა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბელარუსის გამოსვლა არ არის სამუდამო. ადრე თუ გვიან ის დაუბრუნდება ევროპულ ინტეგრაციას, ვინაიდან ხალხის დიდი ნაწილი ბელარუსში მხარს უჭერს სახელმწიფოს დაახლოებას ევროპასთან.

„სანამ ლუკაშენკო და მისი პოლიტიკა იქნება, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, თუმცა ლუკაშენკო სამუდამოდ ვერ იქნება ბელარუსის მმართველი, გამომდინარე იმ სარისკო პოლიტიკიდან, რომელსაც იგი აწარმოებს ქვეყანაში", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე