ია აბულაშვილი
(29.06.2021)

მმართველი გუნდი თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატს მომავალ კვირაში ოფიციალურად წარადგენს. როგორც „ოცნებაში“ აცხადებენ, მათი რეალური კანდიდატი ყოველთვის იყო და არის კახი კალაძე და მისგან მხოლოდ თანხმობას ელოდებიან. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას მის წინააღმდეგ კონკურენტუნარიანი კანდიდატი არ ჰყავს და მისი გამარჯვება გარდაუვალია. ხოლო თუკი ამისთვის მეორე ტური იქნება საჭირო, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კალაძეს დაუჭერს მხარს.

როგორც საყვარელიძემ „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა, შესაძლოა მმართველ პარტიაში ბოლო დროს გარკვეული ფარული შიდა პროცესები მიმდინარეობდა, რამაც გააჭიანურა დედაქალაქის მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პრაქტიკულად გამორიცხულია ამან კალაძეს კენჭისყრაში მონაწილეობა გადააფიქრებინოს.

„ბოლო სიტყვის შენახვა გასაკვირი არ არის და არჩევნების წინ ასეთი რამ  ხშირად ხდება. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ არსებობდეს წყალქვეშა დინებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის გადაწყვეტილებაზე. მეეჭვება, რომ კალაძე ასეთ დინებებს აჰყვეს, რადგან ის ამბიციური და ძლიერი პიროვნებაა. ვფიქრობ, რომ კვლავ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის, რადგან მისთვის პასიური ცხოვრება ამ ეტაპზე და ამ ასაკში ძნელად წარმოსადგენია.  გასათვალისწინებულია ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მას წარმატებულად თვლის.

„რაც შეეხება იმას, ვინ იქნება კალაძის საპირწონე ოპოზიციიდან თბილისის მერის არჩევნებში, რეალურ სურათს თუ გადავხედავთ, ოპოზიციას არ აქვს ის რესურსი, რომ გაიმარჯვონ, მით უფრო თბილისში, რადგან ერთიანი კანდიდატი მაინც „ნაცმოძრაობიდან“ იქნება, თბილისი კი საქართველოს სხვა ქალაქებს შორის ყველაზე ანტი-„ნაცია“. შეიძლება ის ხმებიც ვერ აიღონ, რაზედაც პრეტენზია აქვთ. 

„ნიკა მელიამ თავიდანვე თქვა, რომ უპერსპექტივო მიმართულებით ნაბიჯს არ გადავდგამო, ამიტომ რატომ მოირგებს დამარცხებულის როლს?!

„რაც შეეხება  გახარიას და მის ახალად შექმნილ პარტიას, გახარია დიდი ალბათობით თავის კანდიდატურას არ დააყენებს, რადგან რამდენი სიტყვაც თქვა, მის გაშლილ თემებში უფრო მსხვილი გეგმები ფიგურირებს, რომელიც პრემიერობას შეესაბამება. პარტიიდან ვიღაცას ალბათ დააყენებენ და დამარცხების შემთხვევაში შეიძლება მისმა გუნდმა კალაძეს დაუჭიროს მხარი. გახარიამ ხომ თამამად გამოაცხადა, რომ სიმპატიურად არის განწყობილი კალაძის მიმართ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე