თამთა ჩაჩანიძე
(28.06.2021)

ორშაბათს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების გარჩევა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა - პრემიერმა ოპოზიციის მწვავე კითხვებს უპასუხა და საკანონმდებლო ორგანოში ოპონენტები ერთმანეთს სიტყვიერადაც კი დაუპირისპირდნენ.

„ამ დღეების განმავლობაში დეტალურად მიმოვიხილეთ ჩვენს მიერ განხორციელებული საქმეები, მნიშვნელოვანი რეფორმები, კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, თუ სად ვიყავით, სად ვართ და სად გვინდა, რომ ვიყოთ.

„მე ასევე დეტალურად წარმოგიდგინეთ, გამოვკვეთე ის ძირითადი პარამეტრები და კონტურები ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისა, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, განვითარებასა და ჩვენი სამშობლოს გაძლიერებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დარბაზში იყო ბევრი ცილისწამებაც, ტყუილი და მანიპულაცია.

„ბუნებრივია, ძალიან ბევრი ცილისწამება მოვისმინე, ძალიან ბევრი ტყუილი, ბევრი მანიპულაცია, ეს გვესმის ძალიან კარგად, ვინაიდან ვიცით, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ბატონმა ირაკლიმ ძალიან სწორი შეფასება გააკეთა, როცა მორიელს შეადარა ის ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ყოველთვის, მეგობრებო, უნდა შევახსენოთ პირველ რიგში ჩვენს თავს და ვსაუბრობთ რა ჩვენს ახლო წარსულზე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევედაროთ „ნაცმოძრაობას" და წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი იმგვარად, თუ როგორი კარგები ვართ.

„არამედ ეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, მოსახლეობას, რომ წარსულში ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. არაერთხელ გაჟღერდა ამ დარბაზში 90-იანი წლები. 30 წელს ითვლის ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია. ძალიან ბევრი ტრაგიკული შეცდომა, ფატალური შეცდომა დავუშვით ჩვენ, ჩვენმა ხალხმა და იმ ელიტებმა, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას წლების განმავლობაში. მოდით ვთქვათ მაშინ რას მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში. 90-იანი წლებში, მას შემდეგ რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, მთელი ერი იყო გაერთიანებული საერთო დიდი მიზნის გარშემო.

„ეს იყო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დიადი იდეა, რასაც მივაღწიეთ, ბუნებრივია, დაინგრა საბჭოთა კავშირი. ამის შემდეგ ჩვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ელიტების მიერ ქვეყანა ჩაება სამოქალაქო ომში, ძმათა მკვლელ ომში, დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში. ჩვენმა გათიშულობამ და ერის გახლეჩვამ, განაპირობა ის, რაც განაპირობა, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ,"- აღნიშნა პრემიერმა.

ბატონო მამუკა, თქვენეული ხედვა არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ლელოს" ლიდერს, პარლამენტის დეპუტატს, მამუკა ხაზარაძეს.

„არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ბატონი ხაზარაძის საუბარი და მისი გამოსვლა. ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ როდესაც ბატონი ხაზარაძე საუბრობს ბატონ ივანიშვილზე, მე შედარებისთვის ფაქტებით მინდა მივმართო მას და ძალიან სამწუხაროა, რომ ის დღეს დარბაზში არ ესწრება. ჩვენ, აქ, მთელი მთავრობა თითოეულის გამოსვლას დავესწარით, ყველას ყურადღებით მოგისმინეთ.

„ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან, ბატონმა ხაზარაძემ მეგობრებო, შედარებისთვის, ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც ის თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი. დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის რამდენს? მილიარდ 500 მილიონ დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს მილიარდ 500 მილიონი დოლარი. აი, ეს არის პასუხი თქვენს დემაგოგიაზე და თქვენეული ხედვა ბატონო მამუკა, არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი მეგობრებო."- განაცხადა მან.

როგორც პრემიერმა დებატებისას აღნიშნა, მმართველ გუნდს გაერთიანების სურვილი აქვს, თუმცა ოპოზიციასთან ამის პერსპექტივას ვერ ხედავს.

„არაერთი გამომსველი, მათ შორის ბატონი ვაშაძე და ქალბატონი ჩარკვიანი გამოვიდნენ და ქვეყანა მოიხსენიეს შემდეგი ეპითეტებით: „ყველაზე უბედური ქვეყანა", „ჩამპალი ქვეყანა". თქვენ ქვეყანა არ გიყვართ მეგობრებო. როგორ საუბრობთ ჩვენს სახელმწიფოზე?! ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს გავერთიანდეთ. მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან".

„როგორ შეიძლება, რომ ჩვენ „ნაციოანლურ მოძრაობასთან" ვითანამშრომლოთ. ქვეყანა 6 თვის განმავლობაში საბოტაჟის რეჟიმში ამყოფეს, პასუხი არ გაუციათ ჩვენი მოქალაქებისთვის, რატომ დააზიანეს ჩენი სახელმწიფო.

„იცით, რას მეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები? - მეუბნებიან, რომ ისინი დაიღალნენ „ნაცმოძრაობის" ლიდერების ჩივილით ჩვენზე, ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე, რეალურად იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება. ჩვენ მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი, ღიად გააჟღერეს, რომ თურმე მათივე შეფასებით, ქვეყანა არ არის მზად, რომ გახდეს ნატოს წევრი.

„ შევახსენებთ კიდევ ერთხელ მათ, რომ ისინი თავგამოდებით ითხოვდნენ, არ მიეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ჩვენ ამას მივაღწიეთ და კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ, მიუხედავად თქვენი მავნებლური პოლიტიკისა. ეს არის მავნებლობა. ეს მავნებლობა უნდა დაამთავროთ იმიტომ, რომ ასე ქვეყანა ვერ განვითარდება."- განაცხადა პერემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა სამთავრობო გეგმაზეც, რომელიც მომდევნო 10 წელზე იქნება გათვლილი და რომელზეც მთავრობა ახლა მუშაობს. ესენია:

ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს.

2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე;

2030 წლისთვის წთელი ხიდი - სარფის მაგისტრალზე მგზავრობის დრო განახევრდება და 8 საათის ნაცვლად, 4 საათი გახდება;

2030 წლისთვის გაორმაგდება ღორის, ფრინველისა და საქონლის ხორცის წარმოება, ხოლო რძით უზრუნველყოფა, 108%-ს მიაღწევს. მილიარდამდე გაიზრდება ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები;

2030 წელს ჩვენ გვექნება ეფექტიანი, თანამდეროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც შეძლებს ადეკვატურად მოახდინოს საფრთხეებზე დროული რეაგირება";

წიაღის რეფორმის ეფექტური განხორციელების შედეგად, 2030 წლისთვის დამატებით შეიქმნება 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დღეს წიაღის სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 37 000 ადამიანი.

გაიზრდება საქართველოში ინვესტორთა რაოდენობა;

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარება ექსპეროტის განხორციელებაში.

მცირე და საშუალო საწარმოები დამატებით 100 000 მოქალაქეს დაასაქმებენ და 50%-ით გაზრდიან პროდუქტიულობას.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაორმაგდება და 6,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

2030 წლისთვის არაქართულენოვანი სკოლების კურსადმთავრებულთა მოსწავლეების 95%-ს ეცოდინება სახელმწიფო ენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე