თამთა ჩაჩანიძე
(28.06.2021)

შავ ზღვაში მასშტაბური სამხედრო-საზღვაო სწავლება „სი ბრიზ 2021" დაიწყო, მანევრების ორგანიზატორი უკრაინისა სამხედრო-საზღვაო ძალები და აშშ-ის მეექვსე ფლოტია. საქართველოს მხრიდან ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ორი საპატრულო კატარღა „დიოსკურია" და „ოჩამჩირე". როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, წვრთნებისას რუსეთის შავი ზღვის ფლოტთან ინციდენტები გამორიცხული არაა.

„სი ბრიზ 2021"-ის სამხედრო მანევრები ივლისის შუა რიცხვებამდე გასტანს, მასში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ჯგუფი. წვრთნაში სულ ჩაერთვება 30-ზე მეტი ქვეყნის 5 000 სამხედრო მოსამსახურე, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი, 18 სპეციალური დანიშნულების რაზმი და მყვინთავთა ჯგუფები. ასევე, ცნობილია, რომ შავ ზღვაში შევიდა და სწავლებაში ერთვება ამერიკული სამხედრო ხომალდი „როსი".

წვრთნების ფარგლებში, სამხედროები სხვადასხვა საბრძოლო სცენარს გაივლიან. მათ შორის იქნება სადესანტო ხომალდების შეტაკება, მანევრები ხმელეთზე, მყვინთავთა ოპერაციები, ანტისაჰაერო თავდაცვა, ურთიერთქმედება სპეციალური ოპერაციების დროს, ხომალდსაწინააღმდეგო აქტივობა და ასევე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.

აღნიშნულზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის საზღვართან ახლო მიმდინარე წვრთნებს ყურადღებით დააკვირდებიან, რომელშიც ნატოს ძალებიც მონაწილეობენ.

26 ივნისს კი ბრიტანული საესკადრო ნაღმნოსანი „დეფენდერი" ბათუმის პორტში შემოვიდა, საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.

მანამდე, რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ რუსეთის სანაპირო დაცვამ სწორედ ამ ხომალდს გაუხსნა გამაფრთხილებელი ცეცხლი, როდესაც ის ოდესიდან საქართველოსკენ მოემართებოდა და ყირიმის აკვატორიიდან განდევნა.

თუმცა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის გახსნის შესახებ ცნობები უარყო.გაერთიანებული სამეფო, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიულ წყლებს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ამ წვრთნებში საქართველო იმ კუთხითაა ჩართული, რომ სამხედრო საზღვაო პოლიციის ორი საპატრულო კატარღა მონაწილეობს.

„წვრთნებში საქართველო იმ სახითაა ჩართული, რომ ორი სამხედრო საზღვაო პოლიციის საპატრულო კატარღა იღებს მონაწილეობას - „ოჩამჩირე" და „დიოსკურია", სამხედრო საზღვაო წვრთნები ოდესასთან მიდის და როგორც ვიცი მონაწილეობას ნატოს 21 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. წვრთნები უფრო დემონსტრაციული მნიშვნელობისაა, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ.

„წვრთნების თემა ფორმალურად ტერორიზმის წინააღმდეგაა, მაგრამ ეს რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან რაც ნაღმოსან „დეფენდერთან" მიმართებაში მოხდა - რუსებმა რომ ცეცხლი გაუხსნეს, ამ ფონზე ეს წვრთნები დემონსტრაციული ხასიათისაა. პირველი, რომ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადონ და მეორე მოახდინონ ძალის დემონსტრაცია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ.

„თუ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდნენ, როგორც ჩანს რუსები მოემზადებიან, აცხადებენ, რომ თუ ბრიტანული ხომალდის უკრაინის მსგავსი პრეცენდენტი განმეორდებაო, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ცეცხლს გავხსნითო.

"უკრაინელები მართლები არიან, რადგან იგი ყირიმის ანექსიას არ სცნობს და ხომალდი უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა, რუსები ამბობენ ჩვენიაო და აფხაზეთშიც იგივეა, თუმცა, არა მგონია ბრიტანეთმა გაიმეოროს, რადგან რუსეთმა შესაძლოა სანაპირო დაცვის სისტემები აამოქმედონ და არა მგონია ბრიტანეთმა უკვე ჩვენს წყლებში გაიმეოროს" - განაცხადა მან.

მაისაია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ბრიტანეთმა და ამერიკამ ახალ ატლანტიკურ ქარტიას მოაწერეს ხელი და ფიქრობს, რომ შესაძლოა ბრიტანული ხომალდ „დეფენდერის" შავ ზღვაში ვიზიტიც ამას უკავშირდება.

„რუმინეთში სამხედრო საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სადაც სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ახალი ცივი ომის საკითხებზე იყო საუბარი, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და ამერიკის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ - თავდაცვის მინისტრები, მათი მოადგილეები, გენერალური შტაბის უფროსები და მკვლევარები.

„საქართველოდან მთავარი თანამომხსენებელი მე ვიყავი. ჩემი მოხსენება იყო შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების განზომილება და ახალი სამხედრო საფრთხეები და იქ გააჟღერეს, რომ რომ ამერიკელებმა და ბრიტანელებმა - ჯონსონმა და ბაიდენმა ახალ ატლანტიკურ ქარტიას მოაწერეს ხელი, რომელიც სამხედრო პოლიტიკური მჭიდრო თანამშრომლობას მოიცავს, ამერიკელები და ბრიტანალები შეიკვრნენ და ევროპელები ხახამშრალი დატოვეს.

„ვფიქრობ, რომ ბრიტანული ხომალდის ვიზიტი ამერიკულ-ბრიტანული ერთობლივი რუსეთზე ზეწოლის გამოა. ეს ისეთივე ტიპის შეთანხმებაა,რომელსაც 1941 წელს რუზველტმა და ჩერჩილმა ხელი მოაწერეს. ხომალდის აქ შემოსვლით ჩვენი მხარდაჭერაც გამოხატეს.

„ევროპა ცალკე მუშაობს - მაკრონი და მერკელი ფიქრობენ, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა შეიმუშავონ, ბრიტანელებმა და ამერიკელებმა კი ახალი ტიპის გაერთიანება შექმნეს" - განაცხადა მაისაიამ.

სამხედო ანალიტიკური ჟურნალ„არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ „სი ბრიზ 2021" ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლებაა, სადაც საქართველოცაა ჩართული. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტთან ინციდენტებიც მოხდეს.

„წვრთნებში მოინაწილეობას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზაზღვ რო პოლიციის სანაპირო დაცვის ორი საპატრულო კატარღა - „დიოსკურია" და „ოჩამჩირე".

„დიდი ბრიტანეთის საესკადრო ნაღმოსანი „დეფენდერი" ოდესიდან ბათუმისკენ მოემართებოდა და მან რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ახლო ჩაუარა, რუსეთმა ჩათვალა, რომ ბრიტანეთის სამხედრო ხომალდმა მათი ტერიტორიული წყლები დაარღვია, ამიტომაც მის მიმართულებით გამაფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლი გახსნა, ასევე მისი სვლის წინ ოთხი საავიაციო ბომბი ჩამოყარა.

„მაგრამ ბრიტანელები აცხადებენ, რომ მათ ეს შეგნებულად გააკეთეს, რადგან ყირიმი უკრაინისაა და შესაბამისად ეს უკრაინის ტერიტორიული წყლებია, ამიტომაც მათ ასეთი მარშრუტი აირჩიეს.

„ახლა ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება დაიწყო, 32 ხომალდი მონაწილეობს, 40-მდე თვითმფრინავი, ხუთი ათასამდე ადამიანი და გამორიცხული არაა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტთან რაღაც ინციდენტები კიდევ მოხდეს, რადგანაც რა თქმა უნდა რუსები იქ გარშემო იდგებიან, ან ხელის შეშლას ეცდებიან, ან დააკვირდებიან," - განაცხადა ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე