„აუდიტის სამსახური სწავლობს არსებულ სავარაუდო ხარვეზებს, რომელიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში - ასევე, სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მარაგების მართვას” - ტიკარაძე
თამთა ჩაჩანიძე
(28.06.2021)

"ასტრაზენეკას" ვაქცინების დანაკლისთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სავარაუდო ხარვეზებს აუდიტის სამსახური სწავლობს, რისი დასრულების შემდეგ, შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით კი, ის ადამიანები, ვინც „ასტრაზენეკას" მეორე დოზაზე არიან დარეგისტრირებულები, „როცა მათი დრო მოვა, აუცილებლად აიცრებიან და ვაქცინის გარეშე არავინ არ დარჩება".

„აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია, ის არის პროცესში და სწავლობს არსებულ სავარაუდო ხარვეზებს, რომელიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ასევე, ის სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე მარაგების მართვას, თუმცა, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მნიშვნელოვანია ასევე ქსელის სრული შესწავლა, იმისთვის, რომ გაკონტროლდეს ყველა ის მარაგი, რომელიც დღესდღეობით არის ძებნაში.

„მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნით, ის საზოგადოებას დასკვნას თვითონ გააცნობს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა ბედი ელით იმ ადამიანებს, ვინც „ასტრაზენეკას მეორე დოზაზე არიან დარეგისტრირებულები 4-10 კვირის ინტერველით და აცრას ვერ ახერხებენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო მამუკაშვილმა „რეზონანსს" განუცხადა, რომ ვაქცინის გარეშე არავინ დარჩება და ყველა თავის განკუთვნილ პერიოდში აიცრება.

„აიცრებიან აუცილებლად, როცა მათი დრო მოვა, ვაქცინის გარეშე არავინ არ დარჩება, ახლა ისინი იცრებიან 10-12 ვისაც აქვს გასული, დანარჩენებიც აუცილებლად აიცრებიან, ისევ „ასტრაზენეკათი". - განაცხადა მან.

კითხვაზე მარაგში თუ არის ამ ადამიანების ვაქცინის მეორე დოზები, გვიპასუხა, რომ: „მათი დოზები ექნებათ, აუცრელი არავინ არ დარჩება".

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზნანსთან" საუბარში აცხადებს, რომ მასაც ის ინფორმაცია აქვს, რომ ვინც მეორე დოზა „ასტრაზენეკას" ელოდება, ვაქცინა დროულად შემოვა და იგივე ვაქცინა გაუკეთდება, რაც პირველ ჯერზე.

„მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც ზოგადად საზოგადოებას, რომ ვაქცინა დროულად უნდა შემოვიდეს და იმათ ვინც პირველი დოზა „ასტრაზენეკა" გაიკეთა, მეორე დოზაც „ასტრაზენეკა" გაუკეთდებათ, თუმცა დეტალები არ ვიცი.

"თუ „ფაიზერი" შემოვიდა, ამის პრეცენდენტიც არსებობს მსოფლიოში, როცა პირველი დოზა „ასტრაზენეკა" გაუკეთდა, ხოლო მეორე დოზა ფაიზერი და სხვათა შორის არის კვლევები, როცა არცთუ ცუდი შედეგი აჩვენა, ამიტომ ასეთი რამეც შეიძლება მოიხდეს და ამაში დიდი ტრაგედია არაა" - განაცხადა გოგინავამ.

მან არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას განაცხადა, რომ ერთის მხრივ ეპიდსიტუაცია სტაბილურია, თუმცა, ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, სიტუაცია ფეთქებადსაშიშია.

„თუ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, შესაძლებელია, რომ შემოდგომისთვის იმუნური ფენა გაგვიჩნდეს, რომელიც მდგომარეობას შეამსუბუქებს, მაგრამ ჩემი აზრით, მხოლოდ ვაქცინაცია შემოდგომაზე ეპიდსიტუაცის გაუარესებისგან ვერ დაგვიცავს, იმიტომ, რომ ხალხის იმ რაოდენობის აცრა ვერ მოხერხდება, რაც ეპიდსიტუაციას რეალურად შეცვლის. ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის რეკომენდაციები დავიცვათ, რაც საჭიროა, რომ დაავადების სწრაფი გავრცელება არ მოხდეს.

„რა თქმა უნდა, ფეთქებადსაშიში სიტუაციაა, რომელიც ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოში ალბათ კიდევ უფრო ფეთქებადი გახდება, როცა შემოსული ტურისტების რაოდენობა და საკურორტო ზოლში მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება" - განაცხადა გოგინავამ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მზად არიან, რომ ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს. ვაქცინების მობილიზებაზე საუბრისას ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო კვირის ბოლოსთვის „სინოფარმის" და „სონოვაკის" ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს.

ტიკარაძისვე განმარტებით, ასევე ცნობილია თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის" ვაქცინა, თუმცა კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ჯერ ვერ გააცხადებს.

„რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ „ფაიზერის" ვაქცინას, კონტრაქტიდან გამომდინარე მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, „ფაიზერიც" ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,5%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2,47%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 2,34%.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 604-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 254 737 აცრა გაკეთდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე" სტატუსი მიენიჭოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე