ქრისტინე კაპანაძე
(26.06.2021)

პარასკევს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და „ოცნების" 10 წლიანი გეგმა წარადგინა. მისი გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართა, რაც პრემიერსა და ოპოზიციას შორის მწვავე კამათში გადაიზარდა.კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადებებს დამაჯერებლობა აკლდა, ხოლო 10 წლიანი გეგმის წარდგენა „კარგად გათვლილი აფიორაა".

ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე პარლამეტის წევრებს 9 აგვისტო გაახსენა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამარცხვინო უწოდა.

„თუ გახსოვთ 9 აგვისტო, უშიშროების სხდომა - ვხედავთ, ალბათ არაფხიზელ მდგომარეობაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფ სამარცხვინო ადამიანს, რომელიც ღლიცინებდა, როცა ჩვენი გმირი სამხედროები იღუპებოდნენ," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე „ნაცმოძრაობას" მიმართა და თქვა, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების.

„ტყუილად კარგავთ დროს, დროა დაისვენოთ,"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ოპოზიციის შეფასებები - „კატასტროფა" და „ტანჯვა-წამება"

ღარიბაშვილის გამოსვლა ოპოზიციამ მწავედ გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით ღარიბაშვილის გამოსვლა იყო ტანჯვა-წამების 8 საათი.

„დღევანდელ დღეს შეიძლება ვუწოდოთ ტანჯვა-წამების 8 საათი. იდგა მთავრობის მეთაური და იტანჯებოდა,"- ამბობს გოცირიძე.

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით კი, იმის ნაცვლად, რომ ღარიბაშვილს რეალურ პრობლემებზე ესაუბრა, ისევ წარსულზე საუბრობდა.

„ეს იყო ამ გაღატაკებულ ქვეყანაში სეირი ხალხისთვის, წყლის ნაყვა, ზიზღის, სიძულვილის ფოიერვერკი. იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე გვესაუბრა, რა ეშველება ამ სადოცავ, გაღატაკებულ ქვეყანას „შენი 9 წელი, შენი 9 წელი", „შენი ფარცხალაძე", „შენი კეზერაშვილი" - კატასტროფაა,"- თქვა ელისაშვილმა.

ღარიბაშვილის გამოსვლას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარიაც გამოეხმაურა. მისი თქმით „ქართული ოცნება" „ნაცმოძრაობას" ემსგავსება.

„ქართულ ოცნებას" უჭირს კონკურენტებთან ოპონირება, ძალიან ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას" - სიტყვების დონეზე, ფრაზების დონეზე, ქმედებებზე არაფერს არ ვამბობ, ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ეს არის იმედგაცრუება," - განაცხადა გახარიამ „ამერიკის ხმასთან".

პარალელები პუტინის პრესკონფერენციასთან

მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობას" ემსგავსება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც იზიარებს. ის „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობა" შეეყარა.

„ნაცმოძრაობაც" ამას აკეთებდა სულ - 10 და 15 წელზე თვლიდნენ თავიანთ გამოსვლებს იმ იმედით, რომ საზოგადოება ამაზე წამოეგებოდა. ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანებზე, რათა ისინი დაარწმუნონ, რომ ხელისუფლებაში დიდხანს დარჩებიან.. ქართულ ოცნებას" „ნაციონალური მოძრობა" შეეყარა.

„საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ფსიქოლოგიურ ანკესს წამოეგება. ამ ანკესის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენ 2024 წელს შევიტანთ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებზე. სასაცილოა, რატომ შეგაქვს 2024 წელს? წელს შეიტანე, მაგრამ მზად არ ვართ არც წელს და არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ 2024 წელს ვიქნებით. მეტიც, შეიძლება უარესი ვითარება გვქონდეს, რადგან ჩვენი დემოკრატია უკუსვლით მიდის.

„ქართული ოცნება" რაც არსებობს, სულ გვპირდებიან - წელს ვიქნებით კარგად, მომავალ წელს უკეთ. თუმცა რეალობა სხვა რამეს ამბობს. 10 წელზე გათვლა, ეს კიდევ უფრო უარესია, კიდევ უფრო ბუნდოვანია ყველაფერი. ვფიქრობ, ეს არის კარგად გათვლილი აფიორა," - ამბობს ზაქარეიშვილი.

ოპოზიციასთან პრემიერის კამათსაც აფასებს და ამბობს, რომ პრემიერის არგუმენტები არადამაჯერებელი და დამთრგუნველიც კი იყო.

„ღარიბაშვილის კამათი ოპოზიციასთან ძალიან დამთრგუნველი იყო. ის არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მან უნდა მართოს სახელმწიფო დღეს და ისაუბროს პრობლემებზე, რომელიც დღეს არსებობს და არა იმაზე, თუ რა ხდებოდა 10-15 წლის წინ.

„ვფიქრობ, მას ჰქონდა სრულიად არასერიოზული აგრუმენტები. კითხვებს თავს არიდებდა. როდესაც ის იხსენებს აგვისტოს ომს და სააკაშვილს აკრიტიკებს, სწორედ იმ წელს წააგო არჩევნები „ნაცმოძრაობამ". მორჩა, აღარ არის ის დრო. მას დღევანდელ მდგომარეობაზე უნდა ესაუბრა.

„სრულიად უპასუხისმგებლო გამოსვლა იყო, რადგან, როდესაც მმართველს ეკითხებიან - „დღეს რას აკეთებ?" და ის პასუხობს - „10 წლის წინ უარესი იყოო", ეს კატასტროფაა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

მან ღარიბაშვილის გამოსვლა ჟენევაში 16 ივნისს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინის მიერ გამართულ პრესკონფერენციას შეადარა.

„როდესაც პუტინს ჰკითხეს რუსეთში ადამიანის უფლებებზე, მან უპასუხა - თქვენ ნახეთ ამერიკაში რა ხდებაო. მუდმივად ხდებოდა გადამისამართება აშშ-ზე, რაც ძალიან სამწუხაროა. ევროპელების თვალში როგორც პუტინის, ასევე ღარიბაშვილის გამოსვლაც ძალიან ტრაგიკულად გამოჩნდება," - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე