ელზა პაპოშვილი
(25.06.2021)

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა. მისი განცხადებით, ეკონომიკური სტაბილურობისა და სიძლიერისთვის აუცილებელია რეგიონების განვითარება და ადგილებზე ახალი სამუშაოების შექმნა. 

როგორც მან პარლამენტში ანგარიშისა და  ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, ყველა  დიდი თუ მცირე პროექტი სწორედ რეგიონების გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება. მისი განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონების გაზიფიცირება და წყალმომარაგება.

მისივე თქმით, „საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, გაიხსნა მაგისტრალური გზის 70 კმ-მდე. ასევე გეტყვით, რომ ამ სამუშაოებმა თბილისი-ბათუმის გზა 1 საათით უკვე შეამცირა.

„გეგმაზომიერად ვახორციელებთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების პოლიტიკას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან და წელს ჯამში          8 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით გაიზარდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მაგალითისთვის -  აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 84.5%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს.

ეტაპობრივად  ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს გარემოსდაცვით სფეროში. ახალი ტყის კოდექსი უზრუნველყოფს ხე-ტყის დამზადების სამუშაოების ორგანიზებულ მართვას და ტყეების დაცვას. ბოლო წლებში, რეკორდულად, 280 ათასი ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი და დღეს ის ქვეყნის 12%-ს ფარავს.

დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებულმა არაერთმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა და სამუშაოებმა გააჩინა ახალი მიზიდულობის ცენტრები, შექმნა ახალი შესაძლებლობები როგორც  ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ზოგადად მოსახლეობისთვის,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და  ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება - 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება.

„1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა  - 100 000 ქულის ნაცვლად 120 000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ახალი ინდექსაციის წესით პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას იღებენ. დღეს სახელმწიფო პენსია 240 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, უნდა გაიზარდოს და გავზრდით ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ  20%-იან დანამატს. შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის - 330 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ყველას გვესმის, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ძალიან კარგი და აუცილებელი- ინდექსაცია, რომელიც 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს ზოგადად, შრომის უსაფრთხოებას და ჩვენი დასაქმებული მოქალაქეების უფლებების დაცვას. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით ან/და სათანადო ფულადი დახმარებით  42 976 ოჯახი (119 043 პირი) უზრუნველვყავით. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 3 000 ეკომიგრანტი ოჯახი.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ, უნდა დავსახოთ ქვეყნის განვითარების  ახალი ჰორიზონტი

2021 წლის ბოლომდე კიდევ 3 000-მდე დევნილი და 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით. გაიზარდა შშმ პირების დახმარება და ივლისიდან სოციალური პაკეტი 250 ლარამდე იზრდება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობა, ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროგრამას იწყებს.

მისივე თქმით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს რომელთაც, შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. 

„აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება. 

გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დამატებით, მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოებში, 100 ათასი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ და 50 პროცენტით გაიზრდება პროდუქტიულობა.

დღეს წიაღის სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 37 000 ადამიანი. წიაღის რეფორმის ეფექტური განხორციელების შედეგად, 2030  წლისთვის დამატებით შეიქმნება 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს საგარეო ვაჭრობის განვითარება. დღეს თავისუფალი ვაჭრობის  რეჟიმით ვსარგებლობთ 45 ქვეყანასა და ერთ საბაჟო ადმინისტრაციულ ერთეულთან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამას  მომდევნო წლების განმავლობაში დაემატოს 11 ქვეყანა.

ასევე მინდა დამატებით გითხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში’’ 2000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარება ექსპორტის განხორციელებაში.

2012 წელს საქონლის  ექსპორტი შეადგენდა 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ეს მაჩვენებელი 2020 წელს იყო 3.3 მილიარდი დოლარი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს წლებში, ექსპორტი გახდეს 5 მილიარდი დოლარი," -  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს, ამასთან, კვლავ დიდი ყურადღება დაეთმობა განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას. „ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 270 მლნ. ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი - 243 მლნ. ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ. ლარს მიაღწევს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა მასწავლებლებისა, პრემიერი ხელფასის გაზრდა პოლიციასაც დაპირდა. „გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება. მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თანამოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს,“ - თქვა მან.

პრემიერის განცხადებით, დიდი ყურადღება დაეთმობა  განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას.

„ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი  ამოცანაა. დიდი ყურადღება დაეთმობა  განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას. ჩვენი მოლოდინით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 ათას მეგავატს გადააჭარბებს. ახალი სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიებზე მოვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის  პროექტის შესრულებას. ამაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირთან, ჩვენს პარტნიორებთან," -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.  

სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები. მისი თქმით, პირველად ჩვენი ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალებს გადაეცა საქართველოში წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ამასთან, უახლოეს მომავალში დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, იგეგმება ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოებას. მომავალი წლიდან კი დელტა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას იწყებს. გრძელდება ჯარის მომარაგება ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინებითაც“.

„სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის ჩვენი პროექტის ფარგლებში, უკვე გაისად 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 2030 წელს ჩვენ გვექნება ეფექტიანი, თანამდეროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც შეძლებს ადეკვატურად მოახდინოს საფრთხეებზე დროული რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც. 

„დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტია პანდემიის მართვა. დავაჩქარეთ სახელმწიფო სტაციონარული დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მუშაობამ დაგვარწმუნა, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის არსებითია სახელმწიფოს გააჩნდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკუთარი რესურსი. ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 57 ახალი ადმინისტრაციული  შენობა აშენდა, 5-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

დღეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის COVID-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო მომსახურება უფასოა. პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც. ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ხელფასი 30%-ით გაიზარდა. ყოველწლიურად იზრდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8 000 ლარით. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტით მოსარგებლეებს შესაძლებლობა აქვთ 12 000-ის ნაცვლად 20 000 ლარის ღირებულების სამედიცინო სერვისი მიიღონ. ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის პროგრამით განსაზღვრული თანხა 15 000-დან 23 000 ლარამდე გაიზარდა.

საქართველო ინარჩუნებს პროგრესს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და ცე-ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობაში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას აქვს გეგმა, შეიმუშაოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია; საწყის ეტაპზე შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფციაც.

„ასევე, უზრუნველყოფილი იქნება რეგულარული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვან ჩართულობას და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - თქვა პრემიერმა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანებსა და გეგმებს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველო გეგმავს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის ოფიციალურად შეიტანას, ამისთვის საჭიროა, დასრულდეს ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ასევე ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება.

„მნიშვნელოვანია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე