ელზა პაპოშვილი
(25.06.2021)

შემზარავი ფაქტი მარტვილში, 8 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულია მისივე მეზობლები მამა-შვილი, რომლებიც პოლიციამ უკვე დააკავა. გაუპატიურებული ბავშვის თანასოფლელებმა კი ბრალდებულების სახლი გადაწვეს. ირკვევა, რომ 8 წლის გოგონაზე 60-წლამდე მამა და 35-წლამდე შვილი სექსუალურად სისტემატიურად ძალადობდნენ და მას მოკვლის მუქარით აიძულებდნენ, რომ ფაქტი საიდუმლოდ შეენახა. 

ბავშვი ამტკიცებს, რომ მასზე მეზობლები 3 წლის განმავლობაში ძალადობდნენ. ის ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როცა გააუპატიურეს. მომხდარის შესახებ მშობლებს მხოლოდ მაშინ უთხრა, როცა  ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა. ამ შემზარავმა ფაქტმა მთელი სამეზობლო ფეხზე დააყენა. მამა-შვილის სახლი გადაწვეს და ოჯახი აიძულეს სოფელი დაეტოვებინათ. 

გოგონას ახლობლები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ ცუდად გახდომის შემდეგ დედამ ბავშვი ექიმთან წაიყვანა. ექიმმა კი ეს საზარელი ამბავი აცნობა. დედამ მაშინვე სახლში პოლიცია გამოიძახა და ბავშვმა გამოკითხვისას ყველაფერი დეტალურად მოყვა. მან ზუსტად მიუთითა, მასზე ვინ და როგორ ძალადობდა. პოლიციამ მამა-შვილი მაშინვე დააკავა. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი მსგავს ქცევაში ეჭვმიტანილი ადრეც იყვნენ, მაგრამ ფაქტი არასდროს ჰქონდათ. ახლა კი ექსპერტიზის პასუხიც არსებობს და ბავშვიც ყველაფერს დეტალურად ჰყვება. 

„არ ვიცით ეს საშინელი ენით აუწერელი ამბავი ბავშვმა  როგორ უნდა გადაიტანოს. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ  მდგომარეობაშია. კარის მეზობლები ამას რომ ჩაიდენენ, რა სახლის დაწვაზეა საუბარი. ეს არაადამიანი გარეწრები თურმე 5 წლის ბავშვზე 3 წლის განმავლობაში ძალადობდნენ.

ბავშვმა სიმართლე მხოლოდ მაშინ გაამხილა, როცა მუცელი ასტკივდა და გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. დედამ ექიმთან წაიყვანა და ეს შემზარავი ამბავი გავიგეთ. მაშინვე პოლიცია გამოიძახა და ადგილზე მოსულებმა ბავშვისგან წარმოუდგენელი ამბავი მოისმინეს. ზუსტად ჰყვება სად და როგორ იძალადეს. ეს ავადმყოფები... მოვითხოვთ ორივეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ესენი სასიცოცხლო ადამიანები არ არიან. ბავშვს დანით და თოფით აშინებდნენ. ეუბნებოდნენ დედას და მამას მოგიკლავთო. 8 წლის ბავშვის დაშინებას რა უნდა, ეს გარეწრები საცოცხლოებიც არ არიან. ბავშვი შოკშია ისეთი სტრესი აქვს, როგორ გამოვა არ ვიცით. სამუდამო დაღი აქვს“, - ამბობს გოგონას ერთ-ერთი ახლობელი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე