თამთა ჩაჩანიძე
(25.06.2021)

მსოფლიოს კორონავირუსის ახალი დელტა-ვარიანტი უტევს, ინდური შტამი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, გავრცელების თვალსაზრისით ექვსეულში შედიან იდოეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია და რუსეთი. მაშინ როცა საქართველოში ტურისტული სეზონია, ყველაზე მეტი ტურისტი კი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის, რა ეპიდემიოლოგიური საფრთხის წინაშე ვართ და როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ?

ინდური შტამის გამო, რამდენიმე ქვეყანა ისევ შეზღუდვების გამკაცრებაზე ფიქრობს, ისრაელში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა უკვე აცრილია, კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება, მთავრობამ ხელისუფლებას მოუწოდა, საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. განსაკუთრებით ეს გაფრთხილება იმ ოჯახებს ეხებათ, რომელთაც აუცრელი ბავშვები ჰყავთ.ამასთან, მთავრობა ისრაელის დატოვებისა და ქვეყანაში ჩამომსვლელთათვის დამატებითი ზომების შემოღებას არ გამორიცხავს.

ევროკავშირის დაავადებთა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის ამ ვერსიაზე შემოდგომისთვის ახალი შემთხვევების 90% მოვა და ევროპის ქვეყნებს ვაქცინაციის მაქსიმალურად დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ცენტრის დირექტორმა ანდრეა ამონმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებმაც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა მიიღეს, ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკის ქვეშ იმყოფებიან, რადგან მოსალოდნელია, რომ ზაფხულში ეს ვარიანტი განსაკუთრებით ახალგაზრდებში გავრცელდეს.

„დელტა ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები და ვფიქრობთ, რომ აგვისტოს ბოლოს ეს ვარიანტი პასუხისმგებელი იქნება ევროკავშირში კორონავირუსების ინფექციების 90 პროცენტზე.

„სამწუხაროდ, წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ვარიანტს შეუძლია დააინფიციროს ადამიანები, რომლებმაც უკვე მიიღეს ვაქცინის ერთი დოზა. პოზიტიური მხრივ, ევროპაში არსებული ყველა ვაქცინის ორი დოზა უზრუნველყოფს მაღალ დაცვას ამ ვარიანტისა და მისი შედეგებისგან. მაგრამ 80 წელს გადაცილებული ადამიანების 30% და 60 წელს გადაცილებულთა 40% ჯერ არ არის ბოლომდე აცრილი ," - განაცხადა ანდრეა ამონმა.

ეპიდემილოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ როცა მსოფლიოში სწრაფადგავრცელებადი შტამი ცირკულირებს, ტურისტების შემოდინებისას უსაფრთხოების დაცბის თვალსაზრისით სახელმწიფომ დამატებითო ზომები უნდა მიიღოს და საზღვარზე ტურისტებს დამატებითი სწრაფი ტესტირება უნდა ჩაუტარონ.

„როცა საუბარია ტურისტზე და არ აქვს მნიშვნელობა რუსეთიდან შემოდის თუ სხვა ქვეყნიდან, მასში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით პოტენციური საფრთხე უნდა დავინახოთ, ამიტომაც ყველა დოკუმენტაცია თან უნდა ჰქონდეს, მე მაინც მიმაჩნია, რომ საზღვარზე ყველა ტურისტზე სწრაფი ტესტი გაკეთდეს, სხვა გზა არა გვაქვს, ფაქტია, რომ საკმაო გადამდებლობა აქვს ინდურსაც და ბრიტანულ შტამსაც.

„რეალურად რუსეთში ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებს ცუდად იცავენ, ინდოეთზე ხომ საუბარი ზედმეტია, იქ სრული კატასტროფაა, თუ ზედა კასტებზე არ ვისაუბრებთ, მე მგონი, საერთოდ არც გაუგიათ თუ რა არის ეპიდემიოლოგი, ამიტომ ჩვენ ისევ და ისევ თავი ეპიდემიოლოგიურად უნდა დავ იცვათ და ძალიან კარგი იქნება თუ მთავრობა „ფაიზერით" და „ასტრაზენეკათი" აცრას დააჩქარებს და მეტ ყურადღებას დაუთმობს, რადგან ეს ორი ვაქცინა ინდურ შტამზე ყველაზე კარგად მოქმედებს. სხვანაირად უკეთესს ჩვენ ვერაფერს ვერ გავაეთებთ, რადგან სამწუხაროდ უშუალოდ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი არ გაგვაჩნია,"- განაცხადა მან.

არსებული სიტუაციის შეფასებისას, ხმალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სტაბილური ეპიდსიტუაციაა.

„მთავარია, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იყოს, რომ მძიმე პაციენტი უყურადღებოდ არ დაგვრჩეს, საშინელი პერიოდი რომ გავიხსენოთ, როცა უბრალოდ ადგილები არ იყო, ესაა კატასტროფა, მაგრამ როცა ექვსასი კაცია ინფიცირებული და გამოჯანმრთელებული უფრო მეტია და როცა მსოფლიო ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური კუთხით „საომარი" მდგომარეობაა და მძიმე პანდემია მძვცინვარებს, ამ შემთხვევაში რეალურად ჯანდაცვის სისტემას შეუძლია პაციენტების რიცხვს გაუმკლავდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ანუ მდგომარეობა მნიშვნელოვნად საყურადღებოა, მაგრამ არა კრიტიკული და საპანიკო, დინამიკა მაინც დადებითისკენ იხრება, რადგან აცრების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და ალბათ ზამთრისთვის ბევრად უკეთესი სიტუაცია გვექნება," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე