ელზა პაპოშვილი
(24.06.2021)

აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრში შევიდა. მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესში ასტრაზენეკას გადანაწილებაზე ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა. რამ გამოიწვია შეფერხება, ეს სპეციალური ჯგუფის მუშაობის შემდეგ გაირკვევა.

ცენტრში აუდიტის შესვლას ადასტურებს მისი გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, თუმცა აცხადებს, რომ საქმე გვაქვს დეფიციტური ხარჯვასთან და არა ვაქცინების გაქრობასთან ან დანაკლისთან:

„გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ზოგადად იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. დღესაც გახლდნენ ჩვენთან. არავითარი დანაკლისი და არავითარი გამქრალი ვაქცინები არ გახლავთ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ის პირები რომლებსაც 10-12 კვირა უსრულდებათ პირველი აცრიდან,  ასტრაზენეკათი ვაქცინაციას შეძლებენ:

„ასტრაზენეკაზე ვერ ვცრით პირველი დოზით მოქალაქეებს და ვცრით და ავცრით ყველა ადამიანს, სანამ შემოვა კიდევ მესამე პარტია, ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-12 კვირა,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ სხვა ვაქცინების მსგავსად ასტრაზენეკას მთლიანი მარაგის ორად გაყოფა არ ხერხდებოდა. მისივე თქმით, შექმნილი პრობლემის მიზეზს აუდიტი გაარკვევს:

„აუდიტი გაარკვევს, გამოიკვლევს, დადებს. წაიღეს ყველა საბუთი, როდის მოვიდა, სად მოვიდა, რამდენი მოვიდა, რა კონტრაქტი იყო, როგორი იყო და ასე შემდეგ. ვერ მოგვაწოდა კოვაქსმა და ჩვენ თითოეულ დოზას, როგორც სხვა ვაქცინებზე ვქენით, რომელსაც ერთ თვეში მეორე დოზა უწევს ამას ვერ გავყოფდით შუაზე,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.  

აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც შევიდა, კლინიკაში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დარჩა რევაქცინაციის გარეშე.

შემოწმების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. რამდენად სწორად მიმდინარეობდა იმუნიზაცია და დღის განმავლობაში რამდენი ერთეული ვაქცინა იყო გამოყენებული პროცესს აუდიტორები შეისწავლიან. პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კლინიკაში ვაქცინის შენახვის პირობები შეამოწმა.

რამ გამოიწვია ვაქცინის დეფიციტი? - ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის პროცესის შეფერხება და რისკები ერთის მხრივ პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას დაუკავშირა და მეორეს მხრივ კონკრეტული პირების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებაც არ გამორიცხა. მინისტრი დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამერიკის ელჩთან ერთად იმყოფებოდა.

აშშ საქართვლოს ვაქცინაციის პროცესში დაეხმარება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს მილიონი დოზა ვაქცინა  ექნება.

მანამდე კი საქართველო ასტრაზენეკა-ს 43 ათას დოზას ელოდება. დღეიდან რეგისტრაციის ფანჯარა გაიხსნა იმათთვის, ვინც პირველი აცრიდან 10-12 კვირის პერიოდში იმყოფება. დანარჩენებს რამდენიმე დღე ლოდინი მოუწევთ. პირველი აცრისთვის რეგისტრაცია გავლილებს პრეპარატის არ არსებობის გამო ჯავშანი გაუქმებული აქვთ. დაავადებათა კონტროლი მათ სურვილის მიხედვით სხვა ვაქცინებს სთავაზობს.  

კლინიკური განვითარების მენეჯერი და ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე „რეზონანსის“ კითხვაზე, ვინ უნდა აგოს პასუხი ჩავარდნილ ვაქცინაციის პროცესზე, გვპასუხობს, რომ როდესაც პანდემიის მართვა დაიწყო, არავის არასდროს უთქვამს ამ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი პირი ვინ არის. დღემდე არ ვიცით, ვინ იყო პასუხისმგებელი სამკურნალო პროტოკოლებზე, ვაქცინის შემოტანაზე და მის განაწილებაზე.  

„ეს არის კოლექტიური პასუიხსმგებლობა, ვითომ ყველაა პასუხისმგებელი, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, არავინ პასუხისმგებელი არ არის. ამ ვაქცინაციის განაწილების საკითხზეც ასეა. არვინ ამბობს რეალურად ვინ უნდა აგოს პასუხი. ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ვაქცინის შემოტანაზე, დისტრიბუციაზე, დასაწყობებაზე და განაწილებაზე პასუხს აგებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მოსახლეობის მხრიდან ისედაც მთავრობის მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა იყო, რაც ამ ჩავარდნილმა ვაქცინაციის პროცესმა კიდევ უფრო გაართულა. ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ანტივაქსერია, ახალ კი სოციალურ ქსელებში წავიკითხე, რომ ის ვაქცინები, რაც მეორე დოზად უნდა გაეკეთებინათ უბრალოდ გაყიდეს. ეს ეჭვი ხელისუფლებამ როგორ უნდა გააქარწყლოს წარმოდგენა არ მაქვს. როდესაც ნდობაა დაკარგული და ამ ნდობის აღდგენის მაგივრად პირიქთ, საქმეს უფრო აფუჭებ, რა მასობრივ ვაქცინაციაზე ვსაუბრობთ? კაცი შვილამ არ იცის ვინაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. მე მაგალითად დღემდე ვერ გავიგე ვინ ხელმძრვანელობს კონკრეტულად  ვაქცინაციის პროცეს“, - ამბობს კავკასიძე „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, შარშან ივლისში გვითხრეს, რომ საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია დაიწყებოდა. იმის შემდეგ კი ყველას ვისაც არ ეზარებოდა რაღაცა დაპირებებს იძლეოდა. ამიტომ კავკასიძეს მიაჩნია, რომ ჩავარდნილი ვაქცინაციის  პროცესი მოსახლეობის  უნდობლობას კიდევ უფრო გაზრდის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ჯანდაცვის დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ თუ ეროვნულ გეგმას გავყვებით, წლის ბოლოს 60% მოსახლეობის  ზრდასული ასაკის უკვე აცრილი უნდა იყოს და გამოდის, რომ დღეში 19 000 ადამიანს უნდა ვცრიდეთ. არადა დღეში სულ 500 დოზა ვაქცინა კეთდება. ხოლო ამ 60%-ზე სწორება სრულიად არარეალურია. 

„ვაქცინაციის ტემპებით დღეს ჩვენზე წინ შრი-ლანკა, ბანგლადეში და ზიმბაბვეა, რომლებიც  ჩვენს ქვეყანაზე გაცილებით ჩამორჩენილები არიან. ახლა ჩვენთან ვნახოთ, როგორი შეუსაბამო სიტუაცია გვაქვს. ერთის მხრივ ქვეყანა იხსნება, რაც აბსოლუტურად კარგია. თუმცა ამ გახსნის ფონზე ვაქცინა არა გვაქვს, რაც კატასტროფაა. რეალურად ქვეყანაში აცრილი 5%-იც არ არის“, - ამბობს კავკასიძე „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე