თამთა ჩაჩანიძე
(24.06.2021)

ვფიქრობ,რომ ეს შეხვედრა დიდი ალბათობით არ შემდგარა, აქ მთავარია თუ ვის აწყობდა ამ ინფორმაციის გავრცელება. ჩემი აზრით ეს აწყობს „ოცნებასაც" და „ნაცმოძრაობასაც" - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ განაცხადა, რომლითაც პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა.

იგორ კვესელავა: სააკაშვილი თავის დროზე აცხადებდა, პოლიტიკური თამაშების აკადემიკოსი ვარო, გახარიაც და სააკაშვილიც ქარიზმატული ფიგურები არიან, საქართველოში კი ასეთ პიროვნებებს პატივს სცემენ. მიშას აწყობს, რომ გახარიას ავტორიტეტი ამით თანდათანობით ჩააჩოჩოს და რეიტინგი დააკარგვინოს. ტელევიზიით ვნახე, რომ იმ სასტუმროს წინ გაბადრული და კმაყოფილი სახით მოდიოდა.

„ნაცმოძრაობას" ეს იმიტომ სჭირდებოდა, რომ ის გახარიაში თავის მოწინააღმდეგეს ხედავს. მე არ ვიცი სასტუმროში პირველი ვინ მივიდა, მაგრამ თუ მიშამ იცოდა, რომ გახარიას ვაშინგტონში ტურნე ჰქონდა, არაა გამორიცხული, რომ ეს სპეციალურად გაეკეთებინა. ესაა პოლიტიკური თამაშის ნაწილი, ერთის მხრივ სურდა, რომ „ნაცმოძრაობისთვის" ქულები დაეწერა, ხოლო მეორეს მხრივ გახარიასთვის ქულები წაერთმია. ხომ არის საუბარი, გახარია „ნაცმოძრაობიდან" გარკვეულ ხმებს წაიღებსო, იგი ასევე წაიღებს „ოცნებიდანაც".

ახლა კი ის ხდება, რომ „ოცნების" მხარდამჭერი, რომელიც მერყეობდა, გახარია თუ „ქართული ოცნება", ამ ნაბიჯით გახარიას ხმას არ მისცემს, რადგან ვინც „ნაცმოძრაობის" მოძულეა, ის, ბუნებრივია, ექსპრემიერის მიმართ ნეგატიურად განეწყობა. ვფიქრობ, ეს შეხვედრა არ შედგა, მაგრამ აქ მთავარია, რომ ინფორმაცია გავრცელებულიყო. ახლა ამტკიცონ, რომ შეხვედრა არ ყოფილა, ეს უკვე გავრცელდა და მათ უკვე არ აინტერესებთ, რეალურად რა მოხდა.

მინდა გავიხსენო ერთი რამ, ობამა მიხეილ სააკაშვილს არ ხვდებოდა, მაგრამ სააკაშვილმა მოახერხა და შეხვდა. მან მიიღო ინფორმაცია, რომ დერეფანში უნდა გამოევლო, სწორედ მაშინ მოახერხა შესვლა. ერთმანეთს შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს. ობამამ არ იცოდა, ეს ყველაფერი წამებში მოხდა და ფოტოზე დააფიქსირეს.

„რ": ამ ინფორმაციის გავრცელებით გახარია თუ იქნებოდა კმაყოფილი?

ი.კ.: მედალს ორი მხარე აქვს, მაგრამ გამორიცხული არაა, თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ გახარიამ „ნაცმოძრაობიდან" ხმები უნდა წამოიღოს - საუბარია იმ მერყევ ელექტორატზე, რომელიც ზღვარზე დგას. ასეთ სიტუაციაში გამორიცხული არაა, რომ ასეთმა ხალხმა გახარიასკენ გადადგას ნაბიჯი. ჩემი აზრით, ამ ინფორმაციის გავრცელებით სამივე ძალამ მოიგო, ყველამ თავისი სარგებელი მიიღო. მოდის არჩევნები და ვფიქრობ, რომ შეიქმნება კოალიციური მთავრობა და ზუსტად ამ სამ ძალას შორის მოხდება ადგილების გადანაწილება.

„რ": „მთავარმა არხმა" „იფსოსის" კვლევები გამოაქვეყნა, სადაც პარტიების რეიტინგის პირველი სამეული ასეთია: „ქართული ოცნება" 32%, „ნაციონალური მოძრაობა"-23%, გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას - "საქართველოსთვის" 8%. თქვენი აზრით რა რეიტინგი აქვს ამ სამეულს ახლა?

ი.კ: მე ვფიქრობ, რომ გახარიას ხმები 10-15%-ში მერყეობს, „ქართულ ოცნებას" 32% ექნება, „მთავარი" მას ხმებს არ მოუმატებდა და ჩემი აზრით, რეალური რეიტინგი 32-35%-ზე მერყეობს. ყოველ შემთხვევაში 43% არაა. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას", ერთი პერიოდი მათი რეიტინგი დაეცა, მაგრამ მელია როცა დაიჭირეს და გამოვიდა, პარტიიდან ელექტორატის დენა შეაჩერა. ასევე რეიტინგი დასავლურმა ტურნეებმაც შეუნარჩუნა. ჩემი აზრით, ახლა „ნაცმოძრაობის" რეიტინგი 15-18%-ში მერყეობს. ბუნებრივია „მთავარი" იმას არ გააკეთებდა, რომ მესამეზე ენმ ყოფილიყო და მეორეზე გახარია.

„რ": საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედგაცრუებული იყო იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატები წარუდგინა, რაც მისი თქმით, ცალსახად 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება არაა. ამბობს, რომ ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს პროცესი, ვიდრე რეფორმის სრულად განხილვა მოხდება.

ი.კ: ესაა საკმაოდ მკაცრი და ფანქრით ხაზგასმული განცხადება, რომ ეს ასე უნდა იყოს და ასე უნდა მოხდეს. ესაა კატეგორიული მოთხოვნა. ამ ადამიანს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ აქ უცხოური დიპლომატებიც ვნახეთ, რომლებიც ძალიან სიტყვაძუნწები იყვნენ და შეფარვით გამოთვქმდნენ სათქმელს. დიპლომატიაში მთავარი ესაა. უნდა ვკითხოთ და რჩევები უნდა მივიღოთ, მაგრამ ეს დიქტატში და მოთხოვნაში არ უდა გადაიზარდოს. ეს ხელისუფლების კურსზე დარტყმაა. ის ამ პროცესში უკვე შუა გზაშია და უკან ვერ დაიხევს. თუმცა ეს კურსი მცდაია თუ არა ეს სხვა საკითხია.

„რ": ევროკავშირში გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა პარტნიორებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით პრეზიდენტ პუტინთან ერთობლივი სამიტის გამართვის იდეა შესთავაზეს.

ი.კ: ევროკავშირი ესაა ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობა, ისე როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი იყო, თუმცა აქ თავისუფლება და დემოკრატიაა. ეს შეხვედრა შესაძლოა ჩვენთვის არაფრისმომცემი აღმოჩნდეს. იქ არა მგონია, რომ საქართველოს საკითხი დადგეს. ეს ინიციატივაა და თუ პუტინი მიიჩნევს, რომ შეხვედრა რუსეთისთვის მომგებიანია და რაღაცას მისცემს, მაშინ შედგება, მაგრამ თუ ის რუსეთისთვის არაფრისმომცემი იქნბება, მაშინ არ შედგება. თუ ეს შეხვედრა შედგა, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება, ვიდრე პოლიტიკური, რადგან „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა გერმანიისთვისაც და რუსეთისთვსაც მნიშვნელოვანია.

„რ": არსებულ შიდა პოლიტიკურ სიტუაციას როგორ შეაფასებთ?

ი.კ: ისე ვართ პოლიტიკურ ჩიხში შესული, რომ ამ ეტაპზე ყველა ასპექტით ჩვენი გადსამრჩენელი კოალიციური მთავრობაა, რომელშიც სამი-ოთხი ძირითადი ძალა იქნება წარმოდგენილი, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესია, მომზადებული არ ვართ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, სომხეთში რომ არჩევნები ჩატრადა, პოლიტიკური კულტურით უფრო მაღლა დადგა, დიდი გართულებები არ ყოფილა, როგორც შეიძლება პარტიის მხრიდან 43%-იანი დათქმა იყოს, ეს რა შუაში იყო.

ვთქვათ პარტიების ის რეიტინგი, რაც აღვნიშნე, ისე დარჩა, მაშინ პრემიერი „ოცნების" წარმომადგენელი იქნება, მაგრამ „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი 2-3 მინისტრი აუცილებლად იქნება. ასევე იქნებიან გახარიას გუნდის წარმომადგენლები.

„რ": ანუ, თქვენი აზრით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია?

ი.კ: ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს, რომლის განმსაზღვრელი ადგილობრივი არჩევნებია. საქართველოში აუცილებლად კოალიციური მთავრობა იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე