თამთა ჩაჩანიძე
(24.06.2021)

იმის მყარი სამხილი, რომ ვაშინგტონში სააკაშვილი გახარიას შეხვდა, არ გვაქვს, მაგრამ ამდენი საეჭვო დამთხვევა რაზე მიუთითებს? ძალიან დიდი კითხვებია - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით კი ყოფილი პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი ერთმანეთს შეერთებულ შტატებში შეხვდნენ და რომ "ნაციონალური მოძრაობის" და პარტიის "საქართველოსთვის" დელეგაციები, ამერიკაში ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

გიორგი გახარიას გუნდი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას კატეგორიულად უარყოფს, ასევე უარყოფს „ნაცმოძრაობაც". "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთ სასტუმროში მოხვედრა ეჭვებს ამძაფრებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორ ძალას შორის ალიანსი არსებობს.

„რეალურად, ეჭვები ყოველდღიურად მძაფრდება იმასთან დაკავშირებით, რომ არის კონკრეტული ალიანსი ჩამოყალიბებული ორ პოლიტიკოსს შორის და ეს კიდევ უფრო გაამძაფრა ამ ე.წ. დამთხვევამ. მოტივი შეიძლება იყოს სხვადასხვა და გარკვეული ინფორმაციაც გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ გვინდა შევიდეთ ჭორაობაში, შეიძლება იყოს მერკანტილური მოტივები, შეიძლება იყოს სხვა მიზეზებიც.

„ძალიან მარტივად რომ გავაანალიზოთ - ახლა მოდის თვითმმართველობის არჩევნები. ყველამ ვიცით, რომ ორნიშნა შედეგს ის ვერ აიღებს, ის შემოდის იმისთვის, რომ რამდენიმე საკრებულოში 2-3 კაცი გაიყვანოს? ძალიან ნათელია, რომ ის პირდაპირ შემოდის იგივე მიზნით, რა მიზანიც აქვს ნაცმოძრაობას - „ქართული ოცნება" რამენაირად დააახლოვოს 43%-ს. ძალიან მარტივად იკვეთება აქ ინტერესები და ამ ინტერესების უკან რა შეიძლება იდგეს, ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი ინფორმაცია,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტია „საქართველოსთვის" ყოფილ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაციას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას ერთ სასტუმროში მოხვედრა შემთხვევითობა იყო.

„გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს არ შეხვედრია, რაღაც გაურკვეველ კონსპირაციაზეა საუბარი და მეორე, გიორგი გახარია არ ცხოვრობს იმ სასტუმროში, სადაცაა გაჩერებული „ნაციონალური მოძრაობა". ლევან დოლიძე თბილისიდან გაფრინდა ამერიკაში და ბატონი გიორგი ბატონ ქემოკლიძესთან ერთად გაფრინდნენ ბრიუსელიდან. ჩვენი გუნდი ერთმანეთს შეხვდა ამ სასტუმროში და მეორე დღიდან ისინი გადავიდნენ სხვა საცხოვრებელში," - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა.

„ეს არის „ქართული ოცნების" უბადრუკი მცდელობა, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელი, მათი ლიდერი გააშავონ. ისინი ასე ექცევიან აბსოლუტურად ყველას, ძალიან არასწორად. რომ მომხდარიყო ასეთი შეხვედრა, ამაზე ვისაუბრებდით ჩვენც და ყოფილი პრემიერიც, მაგრამ რაც არ ყოფილა, იმაზე ხომ არ ვისაუბრებთ," - განაცხადა ენმ-ეს წევრმა, დავით კირკიტაძემ.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე ახცადებს, ბევრი დამთხვევებია, რაც სააკაშვილი-გახარიას შესაძლო ალიანსზე ეჭვს საზოგადოებას უმძაფრებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვაშინგტონში ასეულობით ფეშენებელური და ათეულობით ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, როგორიცაა მაგალითად „მეიფლაუერი". ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთსა და იმავე სასტუმროში ამ ორი პოლიტიკური აქტორის გაბინავება მომხდარიყო, აქ ალბათობის თეორია უნდა გამოვიყენოთ, შესაბამისად ჩნდება ეჭვები თუ ერთ სასტუმროში ეს საეჭვო დაბინავება რატომ მოხდა.

„გახარიას პარტიის წარმომადგენლებს როგორც სჩვევიათ, თავდაპირველად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები იყო, რომ შეხვედრა არ ყოფილა, რომ იმ სასტუმროში საერთოდ არ იყვნენ. როგორც აღმოჩნდა, „რუსთავი 2"-ის ინფორმაციის თანახმად, გახარიამ თავად კამერების წინ აღიარა, რომ ერთი დღე-ღამე იმ სასტუმროში გაჩერდა, სადაც ასევე სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები იყვნენ, შესაბამისად ის ეჭვები, რომელიც გახარიას პოლიტიკურ აქტივობას თან ახლავს, სულ უფრო ძლიერდება.

„წარმოიდგინეთ ადამიანი ოპოზიციაში გაჩნდა, ჯერ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომაზე კითხვებს და შემდეგ ძალიან ბევრი ვერსიები და დამთხვევები ჩნდება, რომლებზეც ასევე საზოგადოებას დამაჯერებელი პასუხები არ მიუღია. იმის მყარი მტკიცება, რომ შეხვდნენ, არ გვაქვს, მაგრამ ამდენი საეჭვო დამთხვევა რაზე მიუთითებს? ძალიან დიდი კითხვებია.

„ვნახოთ კიდევ რა გაირკვევა, მაგრამ აქ კიდევ ერთი ფაქტიცაა, რაც სააკაშვილის ამერიკაში სტუმრობას უკავშირდება. წარმოიდგინეთ, „ნაცმოძრაობის" ნომინალური თავმჯდომარე თითქმის 2 კვირაა ვაშინგტონშია მხოლოდ ერთ კონგრესმენს და ერთ სენატორს შეხვდა, როგორც ჩანს მელიას სააკაშვილის მეშვეობით დამატებითი ძალები დასჭირდა, რომ მისი ნაცნობ-მეგობრობის კავშირებით ნიკანორ მელია ვინმეს მაინც შეხვდეს.

„მაგრამ აქ საზოგადოებაში შეკითხვები კიდევ ჩნდება, „ნაცმოძრაობის" ამერიკაში სტუმრობა ამერიკულ ისტიბლიშმენტთან შეხვედრის მიზნით იყო თუ ასევე არაა გამორიცხული, რომ გახარიას გუნდთანაც ფარულად გარკვეული კონსულტაციები შემდგარიყო. მე ამას არ ვამტკიცებ, თუმცა არსებული ფაქტები და დამთხვევები არა მხოლოდ მე, არამედ საზოგადოებას ამას აფიქრებინებს. კარიკატურული ჟანრით თავის მართლება გადაწყვიტეს, თუმცა სლოგანი „არა ჩადებას" 2018 წლის თებერვლიდან გვახსოვს, როცა გახარია მინისტრობის დროს შსს-მ გამოაქვეყნა, მის გვერდზე გუშინ ზუსტად იგივე სლოგანი გამოჩნდა, ასევე გაურკვეველია „ნაცმოძრაობის თავმჯდომარის" პოლიტიკოსის პარლამენტარის ვარდისფერ ფერებში გამოჩენა, ასე რომ ძალიან ბევრი სასაცილო და ტრაგიკომიკური დამთხვევაა, პასუხები ჯერ კიდევ არ გვაქვს," - განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე