ია აბულაშვილი
(24.06.2021)

პოლიტოლოგ ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ორგანიზაცია "იპსოს-საქართველოს" მიერ ჩატარებული პოლიტიკური კვლევა აცდენილია ამჟამად არსებულ რეალობას, რადგან რა მანიპულაციებიც უნდა ჩაატაროს „ნაცმოძრაობამ", ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მისი „მბჟუტავი" პოლიტიკური მოღვაწეობა საბოლოოდ გაქრება, „ქართული ოცნება" კი ხმების 53%-ს მიიღებს.

ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაკვეთით „იპსოსის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 23% - ნაცმოძრაობას, 8% - გიორგი გახარიას მიერ ახლად შექმნილ პარტიას „საქართველოსთვის". დანარჩენ პარტიებს ასეთი მაჩვენებელი აქვთ: გირჩი - 5%, ლეიბორისტული პარტია და ევროპული საქართველო - 3%, ლელო - 2%, "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2% და ა.შ. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით იმართება, გამოკითხულთა 90% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიზისია.

„ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს, მექოთნე ქოთანს ყურს საითაც უნდა, იქით გამოაბამსო, „მთავარმა არხმაც", რომელიც ნაცმოძრაობის რუპორია, დაიქირავა თავისი ძმობილი ორგანიზაცია და დიდი ფულიც დახარჯა, რათა სასურველი რეალობად გამოეცხადებინა, მაგრამ დღეს აღარავის აღარ სცალია ნაცმოძრაობის ნაბოდვარისთვის და ეს კვლევაც კვლევად დარჩება.

ჩემი აზრით, კვლევა აცდენილია დღევანდელ რეალობას, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ნაცმოძრაობა თავის მბჟუტავ პოლიტიკურ ცხოვრებას საბოლოოდ დაასრულებს, ქართული ოცნება კი 53%-ზე მეტ ხმას მიიღებს. ქართულ ოცნებას ამ წარმატებაში დიდწილად ხელს შეუწყობს თავად ნაცმოძრაობა, რომელიც არაადეკვატურია და ზეცაში დაფრინავს. მათი მმართველი კიევიდან „ბრძნულ რჩევებს" იძლევა, რასაც არა მხოლოდ ნაცმოძრაობა, არამედ ხაზარაძეც დიდი ენთუზიაზმით იზიარებს, ანუ მეორე ბოიკოტისთვის ემზადება საფანჩატურეთის ოპოზიცია, რომელიც ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც პირველი," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე