“როცა ადამიანს ეუბნები, რომ მეორე აცრა ზუსტად ამ რიცხვში უნდა გაგიკეთოთ, ის უნდა გადადებულიყო, შენახულიყო, ეს თავიდანვე გათვლილი უნდა იყოს”
თამთა ჩაჩანიძე
(23.06.2021)

კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნას ქვეყანა ვაქცინების დეფიციტით ხვდება - 22 ივნისის მონაცემებით, საქართველოში, 5000-მდე მოქალაქეს „ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღების პრობლემა შეექმნა - ამათგან უმეტესობა მეორე დოზას ელოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, დაზარალებულთათვის ვაქცინაცია ავტომატურად უნდა გადადებულიყო, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტება გააკეთა, რომ ეს ლოჯისტიკური ხარვეზი იყო და უწყება ამას საფუძვლიანად შეისწავლის.

ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, თქვენი ჯავშანი გადადებულია. ახალ თარიღთან დაკავშირებით მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას. ბოდიშს გიხდით უხერხულობის შექმნისთვის - ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება ასობით მოქალაქემ მიიღო, ვინც „ასტრაზენეკას" მეორე დოზით უახლოეს დღეებში უნდა აცრილიყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რის საფუძველზე შეიქმნა „ასტრაზენეკას" ვაქცინის დეფიციტი. ამბობს, რომ "კოვაქს პლატფორმიდან" შესყიდული „ასტრაზენეკას" ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო, ვერ ხორციელდება ვაქცინის პირველ დოზაზე და მეორე დოზაზე რეგისტირებული მოქალაქეების აცრა მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას" ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა.

„მოგეხსენებათ, რომ „ასტრაზენეკას" ვაქცინა ქვეყანაში ორჯერ შემოვიდა, 43 000-43 000 დოზა, ანუ ერთად 86 600-მდე. პირველად შემოვიდა 13 მარტს, მეორე აპრილის შუა რიცხვებში და მესამედ უნდა შემოსულიყო მაისის შუა რიცხვებში - ეს იყო „კოვაქსით" შესყიდული ვაქცინა. შედეგ მოწოდების ეს ვადა გადავიდა ივნისზე, ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იყო, რომ მოგვეწოდებოდა 22 ივნისს, გამთენიისას.

„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, რომელსაც ახლა არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ვერ მოხდა მოწოდება. ამიტომ, ჩვენ შეგვექმნა „ასტრაზენეკას" დაახლოებით 4 000-დან 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი. „ასტაზენეკა" არის ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა, რომელიც კეთდება ორჯერადად და ის კეთდება ინსტრუქციის მიხედვით 4-დან 12 კვირის შუალედში. ანუ მეორე რევაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს 4-დან 12 კვირამდე". - განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას" ვაქცინის დეფიციტი ძირითადად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შეიქმნა. დასძენს, რომ ყველაზე მეტ აცრებს ორი წამყვანი კლინიკა - რესპუბლიკური და ხეჩინაშვილის კლინიკები ახორცილებენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ არ დავმალავ და გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებებია, ამ პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადება კი ასეთია:

„ვსარგებლობთ შემთხვევით და პირველ რიგში მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ჩვენს თანამოქლაქეებს კოვიდ19-ის საწინაღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის. დღეისთვის სრულად აცრიალია 84 000-ზე მეტი მოქალაქე. აცრებზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და „კოვაქს პლატორმასთან" არსებული შეთანხმების საფუძველზე ივლისის თვიდან დაგეგმილია სამ მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება ქვეყნისთვის.

„ამასთან, „კოვაქს პლატფორმიდან" შესყიდული „ასტრაზენეკას" ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტირებული მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში.

„ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას" ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზაიდან 10-12 კვირის პერიოდში შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის" , - აცხადებს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კი სამინისტრომ „ასტრაზენეკას" განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო. ამბობს, რომ უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე დაფიქსირდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს.

„ამ შემთხვევაში ლოჯისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მიმღები კლინიკა, რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს და ბუნებრივია, ის ითხოვს ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდება რეგისტრირებული მოქალაქეების ასაცრელად და ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები.

„ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა, რომ გამოიკვეთოს, რა ეტაპზე გვქონდა შეცდომა თუ ხარვეზი, რადგან დაუშვებელია ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რომელსაც ჩვენ ივლისიდან დავიწყებთ, როდესაც ვაქცინების ასეთი დიდი რაოდენობა ქვეყანაში შემოვა და მას შესაბამისი ადმინისტრირება სჭირდება, მსგავსი ლოჯისტიკური შეცდომები რომ კიდევ განმეორდეს. ამდენად ამ საკითხს სამინისტრო ძალიან სერიოზულად შეისწავლის და შესაფერისი რეაგირებაც ექნება ადმინისტრაციულ დონეზე.

„პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე აღმოცენდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს ხარვეზი. შემდეგ რეაგირებაც იქნება შესაბამისი.

„სრულიად გამოვრიცხავ იმას, რომ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ვაქცინაცია, მას შეექმნება ამის პრობლემა. აუცილებლად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოქალაქესთან იმუშავებენ ჩვენი სამსახურის ოპერატორები, რომ შეატყობინონ მათ ვაქცინაციის შეცვლილი თარიღი, მიიღებენ შეტყობინებასაც და ინდივიდუალურადაც მოვიწვევთ",- განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე კონკრეტულად როდის შეძლებენ „ასტრაზენეკას" მეორე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეები ვაქცინაციას „რეზონანსს" ჯანდაცვის სამინისტროში ეს პასუხი გაგვცეს, რომ „ვაქცინების მილიონი დოზა ორ კვირაში ჩამოვა", თუმცა, რომელი ვაქცინა შემოვა და კონკრეტულად რა რიცხვში, ამბობენ, რომ ეს დაზუსტდება.

„პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ვაქცინის მილიონი დოზა ორ კვირაში შემოვა, რომელი ვაქცინა შემოვა და როდის, ეს დაზუსტდება და ამასთან დაკავშირებით გვექნება კომუნიკაცია,

„ამირან გამყრელიძემაც და მინისტრის მოადგილემაც განმარტა, რომ ლოჯისტიკური ხარვეზი იყო და მაგის გამო შეიქმნა პრობლემა,"- განგვიცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

როგორც ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, „ასტრაზენეკას" მეორე დოზის დეფიციტი დიდი ალბათობით ლოჯისტიკის პრობლემაა, კითხვებზე ზუსტ პასუხს კი პარლამენტში დაბარებული ჯანდაცვის მინისტრი გასცემს.

„ეს სწორედ, რომ ლოჯისტიკის პრობლემაა, იმიტომ, რომ როცა ადამიანს ეუბნები, რომ მეორე აცრა ზუსტად ამ რიცხვში უნდა გაგიკეთოთ, ის უნდა გადადებულიყო, შენახულიყო, ეს თავიდანვე გათვლილი უნდა იყოს. სამწუხაროდ ამიტომაცაა ჩვენი მინისტრი დაბარებული პარლამენტში და ალბათ იქ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„ამ ქვეყანაზე ყველაფერი ხდება, შესაძლოა კომპიუტერული შეცდომა იყო, ან რაღაცა, ჩვენც ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა, დამნაშავე ადრე თუ გვიან გამოიკვეთება, ფაქტია, რომ ეს ძალიან არასასიამოვნო ამბავია. თუმცა, თუ მაქსიმუმ ერთ კვირაზე იქნება საუბარი, ეს დიდ პრობლემას არ შექმნის , მაგრამ თუ 1-2 თვემდე გაიწელა, რა თქმა უნდა პრობლემაა" - თქვა მან.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ ადამიანმა პირველი დოზა „ასტრაზენეკა" გაიკეთოს, ხოლო მეორე დოზა იყოს სხვა ჩვენთან უკვე აპრობირებული რომელიმე ვაქცინა, ხმალაძემ გვიპასუხა:

„რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით „ფაიზერი" უნდა შემოვიდეს, რომელიღაცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავიდან „ასტრაზენეკა" ჰქონდა გაკეთებული და რადგან ასაკოვანი იყო და სისხლის შედედების პრობლემები ჰქონდა, მას პირდაპირ მისცეს რეკომენდაცია და მეორე დოზით ფაიზერით აცრეს, ამიტომ თუ „ფაიზერი" შემოვიდა, ეს ძალიან კარგი იქნება, არა მხოლოდ ყველასთვის, არამედ ამ პაციენტებისთვისაც" - განაცხადა მან.

მისი თქმით, ორი კვირა, მეორედ აცრის მომლოდინეებისთვის ძალიან დაგვიანებული არ იქნება.

„არა მგონია, რომ ქვეყანა დაიქცეს, ანტისხეულები სისხლში მაინც ცირკულირებს და ამ ადამიანებს, ვინც აცრილები არიან, სასიკვდილო განაჩენის წინაშე არ დააყენებს, თუ ღმერთმა ქნა და ორ კვირაში ჩამოვიდა და თუ მართლა მეტი არ გადაიწია, რა თქმა უნდა, ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, როცა შეპირებულ ადამიანს მიიყვან და აცრას არ გაუკეთებ.

„ვაქცინაცია მიდის თუ არა კარგად, ამაზე რეგულაციების მოხსნა დამოკიდებული არ იყო, რადგან ძალიან ბევრია აცრილი, ინფექციაგადატანილი რაღაცა მასაც წამოვიდა, თუმცა შედეგი ძალიან მალე გამოჩნდება, თუ რეგულაციებს დაიცავენ, სიტუაცია არ გაუარესდება.

"თუმცა, ქართული მენტალიტეტი ასეთია, რომ რახან რეგულაციები მოიხსნა, მაშინ ყველაფერი კარგადაა და დასაშვებია, თუმცა, დღეში 700 ადამიანი რომაა ინფიცირებული და 12 გარდაცვლილი, ამაზე არავინ არ ფიქრობს,"- განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება ექიმ-ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას შეფასებას, იგი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ „ასტრაზენკას" ვაქცინის დეფიციტი ლოჯისტიკის პრობლემაა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„ლოჯისტიკის პრობლემაა, მაგრამ რა რგოლში იქნა დაშვებული, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პასუხი უნდა გაეცეს და უნდა გამოვლინდეს თუ ეს გაუგებრობა რატომ მოხდა, რამაც ვაქცინაცია შეაფერხა. ზოგადად სიტუაცია, რომ ვაქცინა არ გაქვს და რეგულაციები მოხსნა, საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ და ვთვლი, რომ რეკომენდაციების დაცვაა მნიშვნელოვანი.

„დახურულ სივრცეში პირბედეები აუცილებლად გამოვიყენოთ და ღია სივრცეში პირბადის გამოყენების რეკომენდაცია მაინც არის და იქ სადაც დისტანცირება ვერ ხერხდება ვთვლი, რომ აქაც უნდა იქნას გამოყენებული.

"საკურორტო სეზონს რაც შეეხება, განსაკუთრებით ბათუმში, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანებია და მობილობაც დიდია, შარშანდელი წლიდან გამომდინარე, რეკომენდაციები იქაც უნდა დავიცვათ.

„სახელმწიფოს მხრიდან კი ეს ხარვეზები აღმოფხვრილი უნდა იქნას და კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაშია, უფრო მკაფიო პასუხები უნდა გაეცეს და მილიონი ვაქცინის მოწოდება, რაზეც საუბარია, დროულად უნდა მოხდეს, რადგან სხვანაირად სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნება გაგვიჭირდება,"- განაცხადა მან.

ამბობს, რომ მსოფლიო ქვეყნების პრაქტიკით, პირველი დოზა „ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ „ფაიზერის" გაკეთების პრეცენდენტი არსებობს, სხვა ვაქცინებზე კი ინფორმაცია არ აქვს.

„ასტრაზენეკას" შემდეგ, მსოფლიოში „ფაიზერის"გაკეთების პრეცენდენტი არსებობს, არაერთი შემთხვევა ყოფილა და სხვადასხვა კვლევებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ატისხეულები საკმაოდ მაღალ ტიტრში გამომუშავდა. რაც შეეხება სხვა ვაქცინების გაკეთებას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციები არ გვაქვს, მაგალითად „ასტრაზენეკას" შემდეგ ჩინური ვაქცინის გაკეთება რამდენად ეფექტურია, ამიტომ ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით,"- განაცხადა გოგინავამ.

ეს არის ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის, რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობა, - ასე აფასებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ინტერპრესნიუსთნ" კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას.

„ჩემი დამოკიდებულება ერთგვაროვანია. არც წყენა მაქვს, არც სიხარული. რა თქმა უნდა, გარე სივრცეში პირბადის მოხსნა ზაფხულის პირობებში, როდესაც ადამიანები ისედაც ვერ ატარებდნენ, მესმის და მისაღებია. ღია სივრცეში, კაფე, ბარი, რაც კი მუშაობდა ვხედავდით, რომ პირბადის ტარების წესი დაცული არ იყო, ეს აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

რაც შეეხება ღამით გადაადგილების საკითხს, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ იყო ხელისუფლება, მაგრამ 23:00 საათის შემდეგ ამის მოხსნა ავტომატურად გამოიწვევს ადამიანების სახლში გადანაცვლებას, თავყრილობებს, ქეიფს, მსგავს ღონისძიებებს. ამ გამოწვევების ფონზე, როდესაც საზოგადოება დაცული არ გვყავს, ახალი შტამებია და ასე შემდეგ ძალიან რისკის შემცველია.

„როგორც ზოგი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ამბობს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს თუ იღებ, მაშინ უნდა თქვა, რომ სტუმრიანობა შეზღუდულია, ერთ ადამიანზე მეტს ვერ მიიღებ. კი ბატონო, გარეთ არ ავკრძალოთ, ვისაც უნდა ღამე 01:00-02:00 საათზე ისეირნონ, მაგრამ თავყრილობების სახლში პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია, აქ უნდა ჩაგვედო რეგულაცია, ამას შეცდომად განვიხილავ.

„ნებისმიერი რეგულაციის შემსუბუქება ადამიანს ფსიქოლოგიურ წნეხს თითქოს უხსნის, რაც მას უფრო თავისუფალი ურთიერთობისკენ უბიძგებს და სოციალური დისტანცია იშლება.ვაქცინაციის პროცესი ამ დროს რეალურად არ გვაქვს, მე ამ ყველაფერს, ასე ვაფასებ - ეს არის ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის, ამ რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობა", - აღნიშნავს კულუმბეგოვი.

რაც შეეხება ქვეყანაში „ასტრაზენეკას" ვაქცინის დეფიციტს, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, „სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე