„ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა - აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად“
ქრისტინე კაპანაძე
(09.05.2021)

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ნიკა მელიასთვის გირაო გადაიხადა, ამ ფაქტს საქართველოში დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები დიამეტრულად განსხვავებულად აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობა" და მისი მოკავშირეები ირწმუნებიან, რომ ეს მელიას პოლიტპატიმრობის სტატუსის აღიარებაა, რაც „ქართულ ოცნებაში" სასაცილოდაც არ ჰყოფნით და სარკაზმით აცხადებენ, რომ „მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა".

ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ ექსპერტებსაც - იკვეთება ორი მოსაზრება, ერთ შემთხვევაში ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა მელიას პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებული არ არის და ქვეყნაში სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება, ხოლო მეორე შემთხვევაში გირაოს გადახდა ირიბი მინიშნებაა იმისა, რომ მელია პოლიტპატიმარია.

„ნიკა მელია რომ პოლიტპატიმრად არის აღიარებული, და ეს აღიარა ევროკავშირმა, დადასტურდა იმ საჯარო გამოხმაურებებით, რომელიც იყო 23 თებერვლის შემდეგ, როდესაც მოხდა მელიას დაკავება და ჩვენს ოფისზე თავდასხმა. რა თქმა უნდა გირაოს დეკლარირება ზუსტად არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან,"- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

„ეს ტრაგიკომიკური სპექტაკლიც სრულდება. ტრაგიკული იმიტომ, რომ მართლაც ამ ყველაფერმა, მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა... ყველას კარგად გვახსოვს, რომ ნიკანორ მელია ჯერ აცხადებდა, რომ მას ვერ დაიჭერდნენ და მერე აცხადებდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს, შემდეგ არ გამოვიდოდა, ხან იღებდა გირაოს, ხან არ იღებდა," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

კიდევ უფრო რადიკალური ოყო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. „კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა - რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის არ შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს, ყველა დაემორჩილოს კანონს და ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას და არავინ არ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა. ჩვენ არავის არ შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა - აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად", - განაცხადა მან.

ამ საკითხზე, „მთელ კვირას" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა. მისი აზრით, ევროკავშირის მთავარი მიზანი სტაბილურობის დამყარებაა, ხოლო ის პოლიტიკოსები, რომლებიც პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, არეულობისკენ არიან მიმართულნი.

„ევროკავშირის რიტორიკაში ამ თემაზე საუბრის დროს სიტყვა „პოლიტპატიმარი" არ გაჟღერებულა, თუმცა ხშირად გაჟღერდა და ითქვა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს სტაბილურობით, რადგან ჩვენთან პოლიტიკურად არასტაბილური მდგომარეობა ხელს აძლევს რუსეთს.

„დასავლეთის გზავნილი მელიას გირაოს გადახდის დროს სწორედ ამ სტაბილურობის შენარჩუნება იყო, რადგან ეს კიდევ უფრო დააჩქარებს საქართველოში ევროპული ღირებულებების და პოლიტიკის შემოსვლას.

„ის პოლიტიკური პირები კი, რომლებიც მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, არიან მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ და აგრესია დათესონ, რადგან ევროკავშირის მიზანი - არის თუ არა მელია პოლიტპატიმარი, ამის გარკვევა არ ყოფილა, არამედ იყო ქვეყანაში წესრიგის დამყარება და პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობა," - ამბობს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე კი, ფიქრობს, რომ ევროკავშირის მხრიდან მელიასთვის გირაოს გადახდა იყო ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ის პოლიტპატიმარია.

„გარკვეულწილად ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა არის ირიბი მინიშნება იმაზე, რომ მელია პოლიტპატიმარია. გამომდინარე აქედან ევროკავშირმა აღიარა, რომ მელია არ არის კრიმინალი და არავითარ სახელმწიფო გადატრიალებას არ გეგმავდა.

„მართალია პირდაპირ არ დაუდასტურებია ევროკავშირის გირაოს გადახდის მიზეზი იყო თუ არა ეს გარემოება, თუმცა ვფიქრობ, ირიბი მინიშნება სწორედ ეს იყო.

„ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მელიას პოლიტპატიმრობაზე საუბარი არ ყოფილა გირაოს გადახდის დროს, მაშინ მე მაქვს მათთან კითხვა: თქვეს თუ არა სადმე ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომ მელია არის დამნაშავე და გეგმავს სახელწმიფოს გადატრიალებას? არც ეს არ უთქვამთ რეალურად და პირიქით შეშფოთება გამოთქვეს, როდესაც ნიკა მელია ციხეში აღმოჩნდა.

„რასაკვირველია ევროკავშირის მხრიდან ეს ნაბიჯი არის ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებისკენ მიმართული, თუმცა მეორეს მხრივ მათი ნაბიჯი ნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა. მათი ნაბიჯი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების აზრით მელია დამნაშავე არ არის," - ამბობს ნიკა ჩიტაძე „მთელ კვირასთან" საუბრისას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე