ელზა პაპოშვილი
(08.05.2021)

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის ევროკავშირმა გირაო უკვე ჩარიცხა. თუმცა მელია დღეს ციხეს ვერ დატოვებს, რადგანაც პროკურატურას სასამართლოსთვის რომ მიემართა 18 წუთი ჰქონდა და უწყებამ ყველა დოკუმენტის მომზადება ვერ მოასწრო. ევროკავშირის ფული კი ბიუჯეტამდე საიას გავლით მივიდა. შესაბამისად, მელიას ციხეში გატარებ კიდევ ერთი დღე მოუწევს. ახლა ყველაფერი პროკურატურაზეა დამოკიდებული, რომ მან სასამართლოს მიმართოს და აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეცვალოს. ამის გაკეთება კი ნებისმიერ დროს შეუძლია. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მოსამართლემ მის გათავისუფლებაზე უარი თქვას. მას ამის საშუალებას კანონი აძლევს. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კი  ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა "დემოკრატიისთვის" გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა. 

"დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა.

გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე,"- აღნიშნულია განცხადებაში.  

რაც შეეხება იმას, როდის გათავისუფლდება ნიკა მელია - ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი პროკურატურამ მეილზე უკვე  მიიღო.  

„ექვს აკლდა რამდენიმე წუთი, მეილი რომ მივიღეთ. დღეს ვეღარ მოვასწარით სასამართლოსთვის მიმართვა. ჩვენ მზად ვართ და როგორც კი ამის საშუალება გვექნება მივმართავთ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე“, - აცხადებენ პროკურატურაში.  

როდის და რა პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს ნიკა მელია საპატიმროს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული თავმჯდომარის ადვოკატების ინფორმაციით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა - პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების/შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს უნდა მიმართოს და ის სწორედ ამის შემდეგ გათავისუფლდება.

„არც ნიკა მელია, არც ჩვენ, მისი ადვოკატები აღნიშნულ პროცედურაში, ხელისუფლებას, ევროკავშირსა და პროკურატურას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არ ვყოფილვართ ჩართული. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია დეტალები და რაც შეეხება პროცედურებს, პროცედურა არის, როგორც აქამდე არაერთხელ აღგვინიშნავს, ხელისუფლების ხელში. პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვლა და ნიკა მელია ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და ეს არის პროცედურა სამართლებრივი. თუმცაღა, როდის გააკეთებს ამას ხელისუფლება, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული, - ამბობს გიორგი კონდახიშვილი. 

გირაოს თანხა კი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ჩარიცხა. ამის დამადასტურებელი ფოტო და განცხადება კი ორგანიზაცისი თაბმჯდომარეემ ნიკა სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"მტრედით არ გაგვიგზავნია ქვითარი და არ ვიცი, ამდენი ხანს რით ვერ მივიდა. გაგზავნის დრო 17:42 საათია" - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი Facebook-ზე წერს და აქვეყნებს დამადასტურებელ ფოტოსაც, სადაც პროკურატურისთვის გაგზავნილი გირაოს ქვითარი და დოკუმენტი ჩანს.  

საპარალმენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გადახდილი გირაო არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი მას პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს. ყაველაშვილს ასევე მიაჩნია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადაიხადა გირაო.

"რომ გამოდიხარ და იჩემებ, რომ ლიდერი ხარ, პასუხისმგებელი ხარ რაღაცაზე და იძახი, რომ ვერ დამიჭერენ - დაიჭირეს, არ გადავიხდი - გადაიხადა. რა მნშვნელობა აქვს [ვინ გადაიხადა]. თუ ვთანხმდები გირაოს დიდ მადლობას გადავუხდიდი ევროკავშირსა და ჩემი, ჩემი პარტიის შესაძლებლობით დავთანხმდებოდი და სხვა რამეზე გავაკეთებდი აქცენტს. ესეც მიუღებელია, რატომ აკეთებს, რომ თითქოს ამ გირაოს გადახდით შეიძლება პოლიტპატიმრად აღიაროს? მაშინ ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მის მაგივრად მე ვიხდი გირაოს - ეს არ თქმულა", - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.  

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" თევმჯდომარე ნიკა მელიასათვის გირაოს გადახდის ფაქტს, მელიას პოლტპატიმრობის აღიარებად აფასებენ ოპოზიციაში. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, ეს უპრეცენდენტო შეთხვევაა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ნუგზარ წიკაურის განცხადებით, ნიკა მელია ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართული არ ყოფილა. მან გირაოს გადახდის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიიდან გაიგო.

"ევროკავშირის ეს ნაბიჯი არის უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში. ეს არის მაღალი პოლიტიკური სოლიდარობისა და მორალური ღირსების აქტი. ჩვენ მადლობას ვუცხადებთ, ყველა იმ ადამიანს ვინც გადადგა ეს ნაბიჯი. მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას არანაირი ბრალი, არანაირი კრიმინალი არ გააჩნდა და ის იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკური პატიმარი. ამ მოლაპარაკებებში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მიმდინარეობდა, მონაწილეობას არ იღებდა არც ნიკა მელია და არც მისი ადვოკატები. ნიკა მელიამ გირაოს გადახდის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო", - ამბობს ნუგზარ წიკლაური.

რაც შეეხება შარ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ მელიას გათავისუფლების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა.

"ეს ცალსახად ადასტურებს, რომ ნიკა მელია იყო პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლი. ევროკავშირმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა "ქართულ ოცნებას"- ასეთ კომენტარს აკეთებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია, რომელიც მიიჩნევს, რომ ნიკა მელია საერთო ბრძოლას მალე შეუერთდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე