თამთა ჩაჩანიძე
(08.05.2021)

მელია გამოცუნცულდება ციხიდან და შეცუნცულდება პარლამენტში, ევროკავშირმა ეს კეთილი ნების სანაცვლოდ გააკეთა და ამიერიდან „ნაცმოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა არ დაიწყონ ახლა, რომ მელია დამნაშავე არ იყო და ისე იჯდა ციხეშიო - აცხადებს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მელიას ციხიდან გამოსვლის მერე, ოპოზიციაში არაფერი შეიცვლება.

„რეზონანსი": ოპოზიციის რა ერთობლივ პერსპექტივას ხედავთ ადგილობრივ არჩევნებზე იმ ფონზე, როცა დღეს ერთმანეთის მისამართით სხვადასხვა თემებზე მწვავე კრიტიკას აღარ ერიდებიან და ასეთი დაპირისპირებაა?

ედიშერ გვენეტაძე: ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ იმ ოპოზიციისა, რომელიც ე.წ. საფანჩატურეთში იყო გაერთიანებული. მათ ერთმანეთთან გაერთიანების არავითარი შანსი არა აქვთ, ვინაიდან ეს იყო ეკლექტური გაერთიანება, რომელიც ანგარებაზე იყო დამოკიდებული, რადგან იმ პერიოდისთვის ბატონ სააკაშვილს აწყობდა.

სანამ სააკაშვილს ფული ჰქონდა, ამ ხალხს აფინანსებდა. გონივრულ ეჭვს გამოვთქვამ, რომ ისინი არა ერთმანეთისადმი სიყვარულით, არამედ დოლარებისადმი სიყვარულის გამო იყვნენ გაერთიანებულები. მიშას ფულებმა ჭირი მოგვჭამა და აგრეთვე საფანჩატურეთის გაერთიანებამაც ჭირი მოგვჭამა. თუ ფული იქნება, ისინი დროებით გაერთიანდებიან, თუ არა და იმ ძველი ქართული სიმღერის არ იყოს, „თუ ფული გაქვს შენი ვარ, თუ არა და სხვისი ვარო".

„რ": ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო გადაიხადა, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ ველზე?

ე.გ: აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება. მელია გამოცუნცულდება ციხიდან და შეცუნცულდება პარლამენტში, ევროკავშირმა ეს კეთილი ნების სანაცვლოდ გააკეთა და ამიერიდან „ნაცმოძრაობამ" და მის სატელიტებმა არ დაიწყონ ახლა, რომ მელია დამნაშავე არ იყო და ისე იჯდა ციხეშიო.

დამნაშავე თუ არ იყო, ევროკავშირზე უმაღლესი და ავტორიტეტული ორგანო არსებობს რაიმე? მაშინ ის ხალხი ფულს რატომ უხდის, ესე იგი მელია დამნაშავეა, წმინდა წყლის დამნაშავეა, რომელიც წესით ციხეში უნდა იყოს, მაგრამ დასავლეთმა და ევროკავშირმა საქართველოში სიტუაციას შეხედა, რომ მძიმეა, „ნაცმოძრაობა" რუსეთის პოლიტიკას ცალსახად ატარებს, ამიტომ შესაძლებელად მიიჩნია, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და გაეკეთებინა ისევ საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

„რ": არის თუ არა დღეს ე.წ. მესამე ძალის რესურსი?

ე.გ: პოლიტიკური ველი ვაკუუმს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იტანს, საქართველოში საფანჩატურეთის ოპოზიციამ პოლიტიკური ვაკუუმი გააჩინა, თუმცა აუცილებლად ახლო მომავალში, სადღაც 2-3 თვეში გამოჩნდებიან, ეს ადგილი შეივსება და ის ძალა გამოვა, რომელიც ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული და კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება.

ოპოზიცია აუცილებლად უნდა იყოს და ხელისუფლებათა ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს, ოღონდ კანონიერი არჩევნების გზით და არა თოფითა და ზარბაზნიოთ, რომელზედაც საფანჩატურეთის ოპოზიცია დღესაც ოცნებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე