ოპოზიცია პრეზიდენტისგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის. დაადებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, ჯერ უცნობია. ექსკლუზიური უფლების პირველად გამოყენებაზე ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრეზიდენტმა კონსულტაციები დაიწყო ოპოზიციასთან, რომლის დიდმა ნაწილმაც მას ვეტოს დადებისკენ მოუწოდა. კანონში შეტანილი ცვლილებები ხელისუფლების ოპონენტებმა აქტივისტების უფრო მკაცრად დასჯის სურვილით ახსნეს.
საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.
ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს, ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება მეორე კანონპროექტის დარეგისტრირება, სადაც არსებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული.
"ჩემი აზრით, სწორი იქნება ვეტოს გამოყენება ამ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, შევხვდი და გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, ახლა ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. თუ ვეტოს დადება არ მოხდება, ჩვენ ალტერნატიულ გზად ვისახავთ იმას, რომ დავარეგისტრიროთ კანონპროექტი ცვლილებების შესახებ, რომ გავასწოროთ ის ვითარება, რაც შეიქმნა ამ დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების შედეგად,"-აცხადებს სამადაშვილი
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, პრეზიდენტი იმასაც განიხილავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში შესწორებებით გადააგზავნოს.
"პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არ გამორიცხავს ვეტოს დადების შესაძლებლობას, მეტიც - მან თქვა, რომ შესაძლებელია თავისი შემხვედრი წინადადებით და შესწორებებით დააბრუნოს პარლამენტში, რაზეც ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ შემთხვევაში, სულ მცირე, სტატუს კვო უნდა შენარჩუნდეს, ანუ, იმაზე გაუარესებული მდგომარეობა არ უნდა იყოს, რაც საწყის ეტაპზე იყო,"-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
"ლელოს" წევრ კახა კოჟორიძის თქმით, კანონპროექტი ადამიანების უფლებების გამაუარესებელია და იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"ეს კანონი არის 1984 წელს საბჭოეთის დროს მიღებული კანონი, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოშიც მოქმედებს და მიმართულია საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ. სირცხვილია, რომ ჩვენ ეს კანონი კვლავ გვაქვს. სალომე ზურაბიშვილი როგორც ევროპული წარსულის მქონე პოლიტიკოსი და დღეს უკვე საქართველოს პრეზიდენტი, კარგი იქნება, თუ ამ სტანდარტს დაამკვიდრებს, რომ საბჭოთა გადმონაშთებს კანონმდებლობაში, ადამიანის უფლებების გამაუარესებელ გადაწყვეტილებებს ყოველთვის დაადებს ვეტოს,"- აცხადებს კოჟორიძე.
პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების საფუძველს "ქართულ ოცნებაში" ვერ ხედავენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პრეზიდენტის უფლებაა, თუმცა კანონის ძველი ვერსიის ძალაში დატოვება არასწორად მიაჩნიათ.
"ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი საქმე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ შექმნილია ისეთი სისტემა, რომ საკონსტიტუციო ორგანოები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას. მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტიც.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კანონი, რომელიც თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან და მეტიც - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო შესასრულებელი და ეს იყო ძირითადი საფუძველი ამ კანონპროექტის. ასევე, აუცილებელია ისეთი პრევენციული ხასიათის ზომების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვას," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვეტოს საფუძველი არ არსებობს, თუმცა, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, "ქართული ოცნება" კანონპროექტის ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორი იქნება პრეზიდენტის შენიშვნები.
"ქართული ოცნება" მზად არის წარადგინოს საკუთარი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და მეტი სიცხადე შეიტანოს ამ დისკუსიებში. ოპოზიციის პოზიცია, რომ დიდ რისკებს ხედავენ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, ეს არგუმენტირებული არ არის. შესაბამისად, საამისოდ, ვეტოს დადებისთვის წინაპირობები არ არსებობს. არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს. არ არის ასე, ამას არ ვეთანხმები და შესაბამისად არგუმენტაცია, რომელსაც ოპოზიცია ასახელებს, სწორი არაა,"- განაცხადა სარჯველაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე