ელზა პაპოშვილი
(07.05.2021)

ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ის როგორც სამოქალაქო პირი ადრეც აქტიურობდა, ამიტომაც მისი გადაწყვეტილება გასაკვირი არ უნდა იყოს, აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“. რაც შეეხება იმას, იქნებიან თუ არა ის და უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე ერთად, ძაბირაძე ამბობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად იქნებიან. 

თუკი უცნობიც პოლიტიკაში შემოსვლას ასე ღიად დაანონსებს, მაშინ მათ ერთი საერთო ელექტორატი ეყოლებათ. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელსაც ასევე უკვე გაცხადებული აქვს, რომ პოლიტიკაში შემოვა, ის ყველაზე გავლენიანი და მძიმეწონიანი ფიგურაა, ამიტომაც მისთვის უცნობი და ვასაძე კონკურენტები ვერ იქნებიან. მათი მაინც ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ უნდა ეშინოდეს და მცირე პარტიებს. ოპოზიციურ ფლანგზე ახლად შემოსული პოლიტიკური ძალები ძირითადად მაინც ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე იმუშავებენ. 

„ლევან ვასაძე უფრო რუსული ვექტორის მიმართულებით აღიქმება. თუმცა ამ მხრივ პოლიტიკურ ველზე არაერთი მოთამაშეა და დიდი კონკურენციაც იქნება. დიდად ამ ვექტორის პოლიტიკოსებს და პარტიებს ჩვენი მოსახლეობა არ წყალობს. გავიხსენოთ იგივე „მარში“, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ვნახეთ რა შედეგიც მიიღეს. არ ვიცი, უცნობი და ვასაძე ერთად იქნებიან თუ არა, ამგრამ თუ გაჩეჩილაძეც პოლიტკურ ველზე შემოსვლას გადაწყვეტს, მაშინ ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად იქნებიან.  

რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება შეიძლება ოპოზიციურ ველზე კონკურენციას სპეციალურად ზრდის, რათა მათი დაქსაქსულობით ხმების 43%-ი უფრო ადვილად აიღოს, ცოტა ლოგიკას მოკლებული მგონია. ვასაძე თუ ვინმეს ხმებს წაიღებს, ეს ძირითადად მაინც „ოცნების“ ამომრჩეველი იქნება და არა „ნაციონალური მოძრაობის“. მმართველ გუნდს ახალი პარტიების გამოჩენა პოლიტკურ ველზე მაინც და მაინც ხელს არ აძლევს“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.   

მისივე თქმით, ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლის. იქნებიან ადამიანები, რომლებიც მას ხმას მისცემენ, მაგრამ ეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერს ნიშნავს. ძაბირაძე ამბობს, რომ მისი ამომრჩეველი ძირითადად პრორუსული ორიენტაციის  ამომრჩეველია, რომელიც ნაციონალისტური და პატრიოტული განცხადებებით გამოირჩევიან.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე