„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური იდეოლოგია, ხედვა, ტაქტიკური ხაზი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ პარტიამ გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში მობრუნდეს, ამას ვერცერთი განზომილებით ვერ ვხედავ - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელიც მიიჩნევს, რომ მალე პოლიტიკურ ველზე მესამე, გახარიას ძალა გამოჩნდება, რომელიც პირველობისთვის იბრძოლებს. ამ და სხვა საკითხებზე „რეზონანსი" იგორ კვესელავას ესაუბრა.
„რეზონანსი": „ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ არჩევნებში დიდი ალბათობით მონაწილეობას მიიღებს და ასევე დიდი ალბათობით პარტიის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს?
ი.კ: „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური იდეოლოგია, ხედვა, ტქატიკური ხაზი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ პარტიამ გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში მობრუნდეს, ამას ვერცერთი განზომილებით ვერ ვხედავ, ვერც ხალხის განწყობით, ვერც პოლიტიკური, ვერც სოციალური, ვერც ეკონომიკური, ვერც ფსიქოლოგიური და ა.შ.
ეს ტაქტიკა თავის დროზე ბოლშევიკებსაც ჰქონდათ და ავტორიტეტიც ასე იქმნებოდა, საზოგადოებაში წინააღმდეგობა და დაჩაგრული კაცის სინდრომი უნდა შეიქმნას, დაჩაგრულ კაცს კი საზოგადოება ყოველთვის მხარს უჭერს, ამ შემთხვევაში პიროვნება მელია გამოინახა, რომელიც ამ დინებას დაჰყვა - ეს მარტივი საქმე არაა, ამასაც გამბედავობა უნდა, თუმცა გამოინახა.
ეს არჩევნები „ნაცმოძრაობისთვისაც" და „ქართული ოცნებისთვისაც" გადამწყვეტია, თითქოს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაღაცნაირად ქვედა საფეხურია, მაგრამ ამ ეტაპზე ასე არაა, რადგან ეს განსაზღვრავს იმას,ჩვენ გვექნება თუ არა 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
მეორე მხრივ განმსაზღვრელია იმადაც, რომ თუ ოპოზიციამ თავის ხელში პოლიტიკური სადავეები აიღო, როგორც მსხვილ ქალაქებში ასევე რაინოებში, მაშინ უკვე ხელისუფლების ცვლა ქვემოდან ზემოთ დაიწყება. რაც შეეხება იმას, გაიმარჯვებს თუ არა მელია, მე ამის ეჭვი ემპარება, თუნდაც იმის მიზეზით, რომ „ქართულ ოცნებას" თავისი კანდიდატურა ეყოლება, აქვეა გახარიას და მისი გუნდის ძალა, რომელმაც კი არ მიიძინა, მიყუჩებულია და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
„რ": როგორია გახარიას შანსები ადგილობრივ არჩევნებზე და ზოგადად პოლიტიკურ ველზე?
ი.კ: გახარია მწვერვალზეა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ამ სიმაღლიდან ჩამოვიდეს და იბრძოლოს, მას თავის სტრატეგია და ტაქტიკა აქვს და ვფიქრობ, რომ მაისს არ უნდა გადააცილოს. პოლიტიკაში საჭიროა დროზე მოსვლა - არც გვიან და არც ადრე. ის ამჟამად უკვე აქტიური პოლიტიკისათვის ემზადება, რომ თვითონ კი არ უნდა იყოს შემყურე, მაგალითად ის მაინც „ქართული ოცნების" შემყურე იყო, მის პოლიტიკას ახროციელებდა, ახლა კი სურს, რომ იდეოლოგია თვითონ შექმნას და პოლიტიკა თვითონ განახორციელოს.
ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი სერიოზული ძალა იქნება, თბილისშიც და განსაკუთრებით სამეგრელოში, ასევე სხვა რეგიონებშიც. მას ჰყავს ძალა, რომელიც ალბათ მალე გააქტიურდება, პროგრამაზე მუშაობენ, თორე სხვა შემთხვევაში ეს რომ არ გააკეთოს, საზოგადოება იტყვის, დამარცხდაო. ვფიქრობ, გახარია არაა ის ადამიანი, რომ დამარცხებულად წავიდეს, ან დამარცხებულთა რიგებში იყოს.
საპარლამენტიო რესპუბლიკის პირობებში კოალიციაა საჭირო, ამიტომ ამ შემთხვევაში კოალიცია გამორიცხული არაა, მაგალითად გახარიასი ვიღაცასთან.
„რ": მაგალითად ვისთან?
ი.კ: ახლა ფაქტიურად სამი ძალაა, „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა" და მესამე არის გახარიას ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ არა მეორე ან მესამე, არამედ პირველი ძალა იყოს. ანუ ეს ის ძალაა, რომელიც პირველობისთის ემზადება, ამას ვერც „გირჩი" ვერ გააკეთებს, ვერც „მოქალაქეები", ვერც „ლელო"და ვერც სხვები, მაგრამ გახარიას გუნდს ექნება პრეტენზია იყოს პირელი და არა მესამე, ამ სიტუაციაში კი შესაძლებელია კოალიციის თვალსაზრისით გარიგება მოხდეს, ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ასეთი კალაძეა.
გამორიცხული არაა, რომ ამით ახალი ძალა შემოვიდეს, ყველაფერი ბერდება, მათ შორის პოლიტიკაც, ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ" თავისი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა გაიარა და ზამთარი დაუდგა.
არის სხვა ვარიანტიც, თუ ვაშაძის მოქმედებებს დავაკვირდებთ, ის ხან ოპოზიციაშია, ხან სხვა პოზიცია აქვს, ის ამ სიტუაციას უყურებს თუ მისთვის სად სჯობია. მისი მოძრაობა პირველ ადგილზე რომ ვერ გავა, მისთვის ცნობილია, ამიტომ ის სადღაც უნდა დადგეს. გახარია კი არ მივა მასთან, ის უნდა მივიდეს. ვაშაძე „ნაცმოძრაობაში" ვერ მივა - წამოვიდა და ვერ მუბრუნდება.
„ლელოსა" და ვაშაძის კავშირი მაინც გამორიცხული მგონია, იმიტომ რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე ლიდერები არიან, ვაშაძეც ლიდერია, ერთ ქუჩაზე ორი ლომი არ ცხოვრობს, ამიტომ პოლიტიკური მომენტიდან გამომდინარე, შესაძლოა პოლიტიკური კოალიცია შეიქმნას, ან გახარია-ვაშაძე, ან გახარია-კალაძის ერთობა. თუმცა მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, ალბათ ეს მალე გაირკვევა, შეიძლება გახარია მარტოც გამოვიდეს, მაგრამ თუ ბრძოლა უნდა, კოალიცია უნდა შექმნას.
„რ" რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო პერიოდის დაძაბულ ურთიერთობაზე რა აზრის ხართ?
ი.კ.: რუსეთმა ისეთი სვლა გააკეთა, რომ წვრთნები მოაწყო, რადგან ჯარის დიდ ნაწილს იქ პირდაპირ ვერ შეიყვანდა, ეს მსოფლიოს სალაპარაკო გახდებოდა, ამიტომ ეს მოაწყო და დიდი ნაწილი ადგილზე დატოვა, მეორეც კიდევ „ჩრდილოეთ ნაკადი" აშშ-ს და უკრაინას არ უნდა, მაგრამ ეს გერმანიას და ევროპის ქვეყნებს უნდათ, ბუნებრივია, როცა ეს პროექტი დამთავრებულია, ასეთ სიტუაციაში გარკვეულწილად წინააღმდეგობის გაწევა უნდა მოხდეს, ზუსტად ამ დროს რუსეთსა და უკრაინას შორის დაიძაბა სიტუაცია.
ეს პროექტი უკრაინას არ უნდა, რადგან მის გადაგდებას ნიშნავს. მასა და რუსეთს შორის ქარიშხალმა გადაიარა, რომელიც რუსეთისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
როცა აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინი მკვლელია, ეს არადიპლომატიურია, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა გაქვავდა. არადა ზუსტად ამ დროს მოხდა უკრაინაში შეტაკება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე