მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლის შესახებ აკეთებს განცხადებას და აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი", რომელიც დიდი ალბათობით მომავალში პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება. პოლიტიკურ ველზე მეორედ გამოჩენას ოპოზიციისგანაც და ხელისუფლებისგანაც საკმაოდ ხისტი შეფასებები მოჰყვა.
ვასაძემ მოძრაობის დაფუძნებაზე განცხადება „თბილისი მარიოტში" სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება,რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი,შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური,ეკონომიკური,ისე კულტურული, სოციალური,იდეოლოგიური თვალსაზრისით," - აცხადებს ლევან ვასაძე.
თუ ვინმეს რაიმე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფერს პასუხი არჩევნებზე გაეცემა, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა.
„ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი კანონმდებლობისა და კონსტიტუციიდან გამომდინარე ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის დაკმაყოფილებულია. არჩევნები წარმოადგენს საზომს იმისთვის, თუ ვის უჭერს მხარს ქართული ელექტორატი. ასე, რომ თუ ვინმეს რაიმე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფერს პასუხი არჩევნებზე გაეცემა", - განაცხადა მათიკაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, „მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ვასაძე პრორუსულობას ღიად ქადაგებs და პრორუსს ადამიანებს, „დეკლარირებულ რუსულ აგენტურას" საქართველოში რაც უფრო ნაკლები მხარდაჭერა ექნება, უკეთესია.
„ვასაძე არ მალავს, რომ კრემლზე ამოსდის მზე და მთვარე. პრორუსულობას ღიად ქადაგებს. ერთი პოლიტიკოსი გვყავს, რომელიც პუტინთან ხელგადახვეული იდგა და ამით დღემდე ამაყობს. მეორე აგერ, ვასაძე ისეთ ხალხთან მეგობრობით ამაყობს, „ნა ტბილისიო" რომ მოუწოდებდა ტანკებს 2008 წლის ომის დროს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება ბიზნესმენის სამომავლო გეგმებს, თავად ვასაძის ინფორმაცით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი" 16 მაისს, 9 აპრილის ბაღში აქციას გამართავს. აქციის ჩატარებამდე კი თავად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
„ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა აპირებს 16 მაისს ჩაატაროს საჯარო აქცია. აქციის ადგილად გვინდოდა პარლამენტის წინ, თუმცა იქ პერმანენტული კარვების ქალაქია გაშლილი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს „ნაცებმა" და „ქოცებმა". ხალხში ტყუილად არ არის გაჩენილი ტერმინი - ნაცქოცები და ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს ორი ძალა თეატრალურად ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ იდეოლოგიურად ერთმანეთის მკვებავია. ჩვენ ძალიან დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს 10-15 კაცს, თუმცა ასობით თანამოაზრე გვყავს. ეს არიან პოლიტიკური ექსპერტები, იურისპუდენციის და ეკონომიკის ექსპერტები. დომხალში გაუსვრელი და პატიოსანი ხალხი, რომელთაც საქართველოში დიდი ავტორიტეტი აქვთ. ზეგიდან მოგზაურობას დავიწყებ საქართველოში, დავიწყებ მესტიიდან, მერე ზუგდიდი, სენაკი, გურია, ქართლ-კახეთი. 16 მაისამდე რამდენსაც მოვასწრებ, ვივლი", - აღნიშნა მან.
ვასაძეს მიაჩნია, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობას უნდა დაუბრუნდეს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, ძლიერი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ ის გადაიქცეს ისეთ ტირანად, როგორადაც იქცა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა თუ არ გაქვს ასეთი ინსტიტუტი, მაშინ გარანტირებულად გაქვს ის ქაოსი, რომელშიც ჩვენმა მრჩეველებმა შეგვაგდეს ახლა," - განაცხადა ლევან ვასაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე