მარიკა ხორავა
(22.10.2020)

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ანტირეკორდი დამყარდა. გარდაცვლილთა დინამიკა საათობრივად იზრდება. თბილისი კვლავ ვირუსის აფეთქების კერად რჩება. ყოვლდღიურად იმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ხუთშაბათს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ასევე, კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 9 401 პირს. სამწუხაროდ, 24 საათში 6 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 178 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 584, აჭარაში - 646.

მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12.

1 848 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 144 - აჭარაში, ხოლო 555 - თბილისში. 7 164 პირი მკურნალობს ბინაზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 939, აჭარაში - 2 221. სულ 6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 285 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში - 9 254, იმერეთში - 3 479.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა სიჭინავამ.

ფოთში 11-ვე საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ამ ფორმით სწავლება 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევის შედეგად მიიღეს.

„22 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, 11-ვე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, რაც გამოწვეულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით. ამ ერთი კვირის მანძილზე ყველა კონტაქტების მოძიება მოხდება და შესაბამისად რამდენიმე მოსწავლეს აქვს „პისიარ" ტესტი აღებული, ველოდებით პასუხებს. ამიტომ ამ პერიოდში, ყველა საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 11 საჯარო სკოლიდან 8 საჯარო სკოლაში დაფიქსირებულია კოვიდ ინფექციის შემთხვევა. გარდა ამისა, წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო კერძო სკოლამ, მოგვმართა რესურს ცენტრს ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასავლასთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით კვლავაც განაგრძობენ მეცადინეობას დასწრებითი ფორმით, ხოლო მე-7 - დან მე -12 კლასებში 2 ნოემბრამდე დისტანციური ფორმატით ისწავლიან,"- განაცხადა ქორქიამ.

საქართველოში, 22 ოქტომბრის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიდან 14 რუსთავში დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში განუცხადეს, მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენისა და ინფცირებულების კონტაქტების მოძიების მიზნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე