ია აბულაშვილი
(22.10.2020)

„ოპოზიციის განაცხადი, რომ არ შეეგუება არჩევნების შედეგებს, მხოლოდ ბაქიბუქია. არჩევნებს ცალსახად მოიგებს „ქართული ოცნება" და სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნა არ დასჭირდება" - განაცხადა „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა ედიშერ გვენეტაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა გამარჯვების შანსებზე საუბრისას.

ანალისტიკოსთა შეფასებით, ქართველი ამომრჩეველი კვლავ ორი ალტერნატივის წინაშე დგას - „ქართული ოცნება" თუ „ნაციონალური მოძრაობა". მათი პროგნოზით, სხვა პოლიტიკური მოთამაშეების მცდელობის მიუხედავად, ეს ორი პარტია კვლავ რჩება სიმძიმის ცენტრად და მთავარი ბრძოლა „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის გაიმართება.

„სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ხმას „ნაციონალურ მოძრაობას" აძლევენ. იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ამ არჩევნებში ისინი 10%-ზე მეტს ვერ აიღებენ. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა აეკრძალოს ქართულ პოლიტიკაში ყოფნა. დასასრულის საფუძველი კი მათ მიერ ჩადენილ ყველ დანაშაულთან ერთად, შეიძლება გარეჯის საქმეც აღმოჩნდეს, რომელიც დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ ივანიშვილს და „ოცნების" პოლიტიკურ გუნდს გათვლილი აქვთ ის სავარაუდო შედგები, რომელზედაც უნდა გავიდეს ქართული სახელმწიფო დავით გარეჯთან მიმართებაში.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელოს" ჰქონდა შანსი გამხდარიყო სერიოზული ოპოზიციური ძალა, მაგრამ ვერ შეძლო. ნათელაშვილი ამ არჩევნებიდან ერთ სარგებელს ელის, ფულის სახით. პატარა ვაშაძემ ბავშვივით აიჩემა პრემიერ-მინისტრი ვარო, ჩემი შვილიშვილივით - კოსმონავტი უნდა ვიყოო. გუბაზ სანიკიძე რისი გამკეთებელია, რომ იქადნება, სახლში არ დავრჩებით და არჩევნების შდეგებს არ შევეგუებითო. გუბაზის განცხადებებზე ფილმი „ბაში-აჩუკი" მახსენდება, სპარს ფალავანს რომ დაამარცხებს ბაში-აჩუკი და ქართველები რომ ყვირიან, ახლა „გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გასიებული ფალავიანიო".

ამ არჩევნებს ცალსახად მოიგებს „ოცნება" და არც კოალიციის შექმნა დასჭირდება სხვა პარტიებთან. არც იმას გამორიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამოუწურავი ფანტაზიის კაცია, არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში ახალ-ახალი სიურპრიზები შემოგვთავაზოს," - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე