თამთა ჩაჩანიძე
(21.10.2020)

„თავდამსხმელი საკმაოდ კარგადაა შეიარაღებული, როგორც სამხედრო ექსპერტი შემიძლია გითხრათ, ეტყობა რომ იარაღს კარგად ფლობს და ჩანს, რომ მას საბრძოლო მოქმედებების ბოლოდროინდელი გამოცდილებაც გააჩნია, მე რომ მომცე იარაღი და გამიშვა, ასეთი თავდაჯერებული ვერ ვიქნები." - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმას, სადაც დღის ბოლო თავდამსხმელმა 3 მძევალის გარდა ყველა გაათავისუფლა და ტერიტორია ავტომობილით დატოვა.

ოთხშაბათს შეიარაღებულმა პირმა ბანკში 19 პირი მძევლად აიყვანა, ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია. გადაკეტილია ბანკის მიმდებარე ქუჩები, ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

მაისაია მიიჩნევს, რომ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირებებში გადაიზარდა.

„სიტუაცია საკმაოდ მძაფრია იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკურ პარტიებს შორის შეტაკებები გამოიწვია, მეორე მომენტი ისაა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კონფლიქტის ზონაა, რამდენიმე მეტრში ოკუპანტები დგანან, მათი ოპერატიული სპეცსამსახურები საკმაოდ ინტენსიურად აკვირდებიან და არაა გამორიცხული, რომ თავდამსხმელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოინდომოს.

„მთავარი ისაა, რომ თავდამსხმელი საკმაოდ კარგადაა შეიარაღებული, როგორც სამხედრო ექსპერტი შემიძლია გითხრათ, ეტყობა რომ იარაღს კარგად ფლობს და ჩანს, რომ მას საბრძოლო მოქმედებების ბოლოდროინდელი გამოცდილებაც გააჩნია, მე რომ მომცე იარაღი და გამიშვა, ასეთი თავდაჯერებული ვერ ვიქნები.

„ჩანს, რომ უნარები საკმაოდ მაღალი აქვს, ეტყობა, რომ ყუმბარის ტყორცნა საკმაოდ კარგად იცის, ასევე ეტყობა, რომ სპეცდანიშნულების მომზადება კარგად აქვს გავლილი, მან სპეციფიკური იარაღის ხმარებაც იცის, ანუ ავტომატური იარაღი ქვემოთ აქვს მიბმული, კარგი ფსიქოლოგიური მომზადება აქვს გავლილი, მას სამხედრო ფორმა და სპეციალური სამხედრო ჟილეტი აცვია, რომელიც რამოდენიმე მჭიდის, საბრძოლო ხელყუმბარის ჩასადებია და რომელსაც ტყვიაგაუმტარი ჟილეტის სახითაც იყენებენ.

„მას ბალაკლავა სწორად აცვია, როგორც ჩანს ადამიანს სპეცმომზადება აქვს გავლილი, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს გავლილი, მე ასეთი აზრი მრჩება, რომ ეს უბრალო სამხედრო მოსამსახურე არაა.

„გამოსავალი რაშია არ ვიცი, ესეც გასარკვევია ეს ადამიანი მარტოა თუ არა. თუ მასთან სხვა ადამიანიცაა, რომელიც მასკირებას კარგად აკეთებს, ეს პოზიციას კიდევ უფრო უძლიერებს, შესაძლოა ერთი პერიმეტრს აკვირდებოდეს და მეორე მძევლებთან იყოს, როგორც ჩანს ალბათ მისი გეგმა ასეთია, რომ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გაიჭრას, ან ტყის მასივში მოხვდეს და გაუჩინარდეს. გამოსავალი იმაშია, რომ ეხლა ბურთი და მოედანი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მოედანზეა"- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე