„2022 წლისთვის შესაძლოა აღარ იყოს საჭირო ნიღბები ხალხისთვის და ოჯახური შეკრებებისა და წვეულებების გამართვა შესაძლებელი გახდება“
მარიკა ხორავა
(21.10.2020)

საქართველოში კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს, ინფიცირებულთა რიცხვი, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება, კრიტიკულად მაღალია, გარდაცვლილთა დინამიკა კი საათობრივად იზრდება. ამ მხრივ ურთულესია სიტუაციაა მსოფლიოს რიგ ქვეყნებშიც, თუმცა, ამ ეტაპისთვის, პირბადის ტარების, დისტანციის დაცვისა და ხელების ხშირი დაბანვის გარდა, ვირუსისგან თავდაცვის სხვა საშუალებები არ არსებობს.

როდის იქნება კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად, ვაქცინის შექმნას უფრო მეტი დრო სჭირდება თუ მედიკამენტს, ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ შესაძლოა, ვაქცინა გაზაფხულისთვის მზად იყოს.

„არის მოლოდინი, რომ ვაქცინა იმ წლის დასაწყისისთვის იქნება, თუმცა, მოლოდინები მანამდეც იყო, მაგრამ ბოლომდე ვერცერთმა ვაქცინამ ვერ გაამართლა, ყველა ეტაპი ვერ გაიარა.

„ამ თემაზე წინასწარ საუბარი ცოტა გამიჭირდება, თუმცა, მოლოდინი არსებობს. შეიძლება, გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში მიდის მუშაობა. ახლა იმის თქმა, პირველად ვაქცინას რომელი ქვეყანა შექნის და დაასწრებს, ძალიან რთულია. ბევრი ქვეყანა და ფარმაცევტული კომპანიაა მობილიზებული, რომლებიც ცდილობენ ვაქცინის შექმნას.

„ჩემი აზრით, ვაქცინის შექმნა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე - მედიკამენტის. ვაქცინა საჭიროა, რომ პანდემია შევაჩეროთ და ინფიცირებულთა რაოდენობა შევამციროთ.

იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ვაქცინის წარმოება შეჩერდა, ამიტომ ზუსტი პასუხი, თუ როდის იქნება ვაქცინა, არ არსებობს. იმ ქვეყნების კომპანიებიც კი, რომლებიც აწარმოებენ, თავს იკავებენ კონკრეტული ვადის დასახელებისგან", - განაცხადა გოგინავამ.

BBC-ს ინფორმაციით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა შობისთვის მზად იქნას. გაერთიანებული სამეფოს ვაქცინის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ კეით ბინგემმა განაცხადა, რომ კოვიდის ვაქცინა შობისთვის შესაძლებელია, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის იქნას ხელმისაწვდომი. ვაქცინის რაოდენობა შეზღუდული იქნება, მთავრობა გადაწყვეტს, ვინ და როდის უნდა მიიღოს იგი.

კეით ბინგემმა თქვა, რომ ვაქცინა არ იქნება „ვერცხლის ტყვია", იგი ვერ დაეხმარება ადამიანებს, რომ ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ყველა ინფექციისგან დაიცავს. იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ მოიძებნება ვაქცინა, რომელიც „დაიცავს ზოგიერთ ადამიანს ინფექციისგან და შეუძლია, შეამციროს სიმპტომების სიმძიმე".

მისი თქმით, ალბათ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ საჭირო იქნება რევაქცინაცია და საეჭვოა, რომ ერთხელ აცრა საკმარისი იქნება. რამდენად ახლოს ვართ კორონავირუსის ვაქცინასთან? გადაცემა BBC Scotlands The Seven საუბრისას ბინგემმა განაცხადა, რომ თავიდაპირველად შეიქმნება ვაქცინის შეზღუდული მარაგი და ყველა ვერ მიიღებს მას. საჭირო იქნება მთავრობის, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის შერეული კომიტეტის (JCVI) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ვინ აიცრას და როდის უნდა მოხდეს ვაქცინაცია.

JCVI- მ განაცხადა, რომ ვაქცინა პრიორიტეტულად უნდა განაწილდეს. პირველ რიგში, ვაქცინაცია უნდა იყოს მედპერსონალისა და მოხუცებისთვის.

ამჟამად მსოფლიოში ასობით ვაქცინის კვლევა ტარდება, მათ შორის ექვსი ვაქცინა მუშავდება დიდ ბრიტანეთში. დღემდე ყველაზე მეტი პროგრესი ოქსფორდის ვაქცინამ განიცადა.

კეიტ ბინგემმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია მოლოდინის მართვა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება შეცვალოს ვაქცინამ. „ეს არ იქნება „ვერცხლის ტყვიის" ვაქცინები და ყველანი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ 1-ელ იანვარს. ჩვენ, ალბათ, დაგვჭირდება ერთზე მეტი ვაქცინა მოსახელობისთვის".

ბინგემმა აღნიშნა, რომ ძნელია ზუსტი თარიღის დადგენა, თუ როდის შეიძლება დაიწყოს ნორმალური ცხოვრება - განსაკუთრებით იმის გარეშე, თუ არ გვეცოდინება, რა ტიპის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, რამდენი დოზა იქნება საჭირო, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ის და რომელ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება, საუკეთესოდ იმუშაოს.

„არსებობს რეალური დრო, როდის შეგვიძლია, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას? რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ მოხდება, ჩვენ არ ვიცით ზუსტი თარიღი, მაგრამ ვიცით, რომ მოხდება, თუმცა, მალე არა", - აცხადებს ბინგემი.

მისი თქმით, ვაქცინაზე მუშაობა თავიდან უნდა დაიწყოს, თუკი მომავალში ვირუსი საკმარის მუტაციას განიცდის. იგი იმედოვნებდა, რომ 2022 წლისთვის აღარ იქნებოდა საჭირო ნიღბები ხალხისთვის და უფრო დარწმუნებული იყო, რომ 2022 წელს ოჯახური შეკრებებისა და წვეულებების გამართვა შეგვეძლებოდა. შეიძლება, მომავალ წელს ზაფხულის არდადეგებზე წასვლაც შეგვეძლოს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მას სურს, რომ „რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს Covid-19 ვაქცინაზე წვდომა, ხოლო შოტლანდიის მთავრობამ თქვა, რომ „სამუშაო კარგად არის შესრულებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ მზად ვართ კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად, თუ ის მალე შეიქმნება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე