„ქართულმა ოცნება“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა არჩილ თალაკვაძემ ამჯერად გოგი მეშველიანი წარადგინეს.
„ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული და ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. სწორედ ამიტომ ეს არჩევანი იქნება არა მხოლოდ წალკის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ გოგი მეშველიანი იქნება წალკის მუნიციპალიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი ხმა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბი ეკონომიკის შვილები ვართ. კიდევ ბევრი გვაქვს საშრომი, რომ ქვეყნის ეკონომიკა ძლიერი გახდეს. სახელმწიფო ქართველ გლეხს ეხმარება იმისთვის, რომ მან რაღაც გამბედაობა მოიკრიფოს, რისკები აიღოს და დამოუკიდებელ ცხოვრებაში თავისი პატარა ბიზნესის კეთება დაიწყოს. ამიტომ ვეხმარებით გლეხებს შესაბამისი პროგრამებით. ეს ის ხალხია, რომელმაც ხვალ და ზეგ წარმატებას უნდა მიაღწიოს, დაასაქმოს თავისი მეზობელი, მეგობარი და ეს მთელ რეგიონს გააძლიერებს“, - მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი.
„პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია, დღეს კი, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ხალხს ღირსეული ცხოვრების პირობები ექნება როგორ ქალაქში, ასევე სოფლად.
„ამ მიზნების მისაღწევად, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მოიტანა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა, რასაც ჩვენმა გუნდმა მყარი საფუძველი ჩაუყარა და განვითარების სწორ რელსებზე დააყენა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება განათლებული და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტის მეოთხედი გამოყო“, - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას კახა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ასე დაახასიათა გოგი მეშველიანი: „ის არის განათლებული, ენერგიული, პასუხისმგებლიანი კაცი, რომელიც ამ რთულ დღეებში, როდესაც გლობალურმა პანდემიამ განსაცდელის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანა, მაშინაც კი, როდესაც კარანტინის დროს ჩაკეტილი იყო რაიონი, ბოლომდე რჩებოდა თავის საზოგადოებასთან, თავის ქალაქთან, სოფელთან და იმ ადამიანებთან, ვისაც მისი იმედი ჰქონდა“.
„ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო საქმიანობაში, რომ თქვენ ენდობოდეთ იმ ადამიანს, ვინც აირჩიეთ, გქონდეთ იმ ადამიანის იმედი, ვინც თქვენი წარმომადგენელი უნდა იყოს პარლამენტში. გოგი არის გამოცდილი საჯარო მოხელე, აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, მან კარგად იცის საპარლამენტო მუშაობა, აქვს კონტაქტები მთავრობის წევრებთან, პრემიერ-მინისტრთან და მას შეუძლია პროექტების დამუშავება თქვენთან ერთად და მისი დროულად მიტანა ხელისუფლებასთან. ის არის საოცრად უბრალო და თავმდაბალი ადამიანი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თავის მხრივ გოგი მეშველიანი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ყველა პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელდება: „საკითხის გადაწყვეტას მთელი სახელისუფლებო გუნდის აქტიური ჩართულობა სჭირდება და მე დაუღალავად ვიშრომებ იმისათვის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ მიერაა ჩანიშნული იყოს ძალიან მოკლე ვადებში და სამართლიანად გადაწყვეტილი“.
„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის“, - მიმართა ამომრჩევლებს გოგი მეშველიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე