ია აბულაშვილი
(18.08.2020)

„ამ იდეის ინიციატორი ვიყავი მე, როცა პირველივე შეხვედრაზე ნათელაშვილის ოფისში ვთქვი, რომ ივანიშვილთან რაიმე კოალიციის ფორმით თანამშრომლობა მიუღებელია. ახლა ვისი იდეაც გინდა იყოს, ოღონდ საქმე გაკეთდეს. რა თქმა უნდა, დეკლარაციას ხელს მოვაწერ“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ განცხადებას ახალი დეკლარაციის მიღების თაობაზე.

როგორც „გაერთიანებული ოპოზიციაში“ აცხადებენ, უახლოეს მომავალში მიიღებენ ახალ დეკლარაციას, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომ მომავალ პარლამენტში კოალიცია არ შეუქმნან „ოცნებას“.

„რამდენი თვის წინ ვამბობდი, რომ ივანიშვილთან რაიმე კოალიციური ფორმით თანამშრომლობა მიუღებლია, ეს იქნება პირდაპირ პუტინთან გარიგება-მეთქი. პირველივე შეხვედრაზე ვთქვი, ეს იყო ჩემი იდეა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავტოვე ოპოზიციური მაგიდა იყო ის, რომ არათუ კოალიციური გამიჯვნა, მაგიდასთან პირდაპირ დაჯდა ივანიშვილი. ახლა ვისი იდეაც გინდა იყოს, ოღონდ საქმე გაკეთდეს. რა თქმა უნდა, დეკლარაციას ხელს აუცილებლად მოვაწერ.

„რაც შეეხება „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი ოქრუაშივლის წარდგენას საბურთალოს რაიონში, კი ვიცოდი, მაგრამ "გაერთიანებულ ოპოზიციას" რომ ირქმევ, თუ გამარჯვება გინდა, ოქრუაშვილი არ უნდა წარადგინო. ჯერ ერთი, რომ ძალიან სუსტია, გორში ვერ აყენებს თავის კანდიდატურას, შენი რაიონია და პატივს ხომ უნდა გცემდნენ... მაგრამ, რატომ გადაწყვიტა თავისი ბეგრაუნდით, რომ საბურთალოზე მისცმენ ხმას, ეს რომ ვერ გავიგე, ამიტომ ვეკითხები „გაერთიანებულ ოპოზიციას“ - საერთოდ გინდათ გამარჯვება?“ - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე