ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რუსული მედიის ცნობით, ნანიევის მანქანას ცეცხლი უცნობმა პირებმა გაუხსნეს, ხოლო თავად ე.წ. მინისტრი დაშავებული არაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცხინვალის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა კოსტა ჯიოევმა სააგენტო „რეს"-თან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, საქმე რუსეთის სისიხლის სამართლის კოდექსის ორი - 277-ე და 222-ე მუხლებით აღიძრა, რაც სახელმწიფო მოხელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციას გულისხმობს.
როგორც ჯიოევმა აღნიშნა, ორშაბათს ღამით 8 ივნისის ქუჩაზე ე.წ. მინისტრის „ნივის" მარკის ავტომობილს უცნობმა პირებმა მიტოვებული შენობიდან ესროლეს, ხოლო მინისტრი სროლის შედეგად არ დაშავებულა. მისი თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მომხდარის შემდეგ ცხინვალში განგაში გამოცხადდა, თუმცა ამაოდ - თავდამსხმელებს ვერ მიაგნეს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიზე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნულ ფაქტში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ აღნიშნული თავცდასხმის უკან ბიზნეს ინტერესების შეჯახება იყოს.
„საქმე ისაა, რომ მთლიანად კავკასიაში და მათ სშორის ამ რეგიონში კრიმინალური სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. არაა გამორიცხული, რომ ეს ბიზნეს ინტერესების შეჯახებაა, რომელმაც ეს შედეგი გამოიწვია. ამ ამბავში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ", - განაცხადა არეშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე