მარიამ ნებულიშვილი
(17.08.2020)

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია 2024 წლის არჩევნებამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. ამის პროგნოზირების საშუალებას მათ შესაძლო კოალიციური მთავრობის ფორმირება და შემდეგი მოვლენების განვითარება აძლევთ. „როდესაც ვითარება იცვლება, ძალიან ხშირად კოალიციები იშლებიან ხოლმე ან ახალი კოალიცია ყალიბდება ან რიგგარეშე არჩევნები ტარდება", - ასე ეხმიანება ამ საკითხს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდს საერთოდ არ დასჭირდეს კოალიციური მთავრობა და არჩევნებში უმრავლესობით გაიმარჯვოს.

„დიდი ალბათობით, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რა ვითარებაცაა, ხელისუფლებას შეიძლება არც დასჭირდეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, მაგრამ თუ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდება აუცილებელი, არამგონია ამან რაიმე პრობლემები შექმნას.

"როგორც წესი ასეთ დროს, დიდი რაოდენობით მანდატები არ აკლდება ხელისუფლებას და მეორე ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი იდეოლოგია და ინტერესები და გააჩნია რას შესთავაზებს ხელისუფლება, რამდენად მისაღები იქნება ის პოლიტიკური ძალისთვის თუ ცალკეული პარლამენტარისთვის.

„ასეთ ვითარებაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება არ არის მაინც და მაინც რთული. სხვა თემაა, რომ ეს კოალიცია რამდენ ხანს გაძლებს. ეს უკვე ცალკე თემაა", - ამბობს ძაბრიაძე.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ კოალიციური მთავრობა შემდეგ დაიშალოს და ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდეს აუცილებელი.

„როდესაც ვითარება იცვლება, ძალიან ხშირად კოალიციები იშლებიან ხოლმე ან ახალი კოალიცია ყალიბდება ან რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ეს უკვე პრობლემატურია, იმ შემთხვევაშიც კი თუ „ქართულ ოცნებას კოალიციის ჩამოყალიბება არ დასჭირდება და თავად მიიღებს მანდატების უმრავლესობას, ამ შემთხვევაშიც კი ძალიან საეჭვოა რიგგარშე არჩევნებამდე არ მივიდეს და 24 წლამდე მიაღწიოს ამ არჩეულმა პარლამენტმა.

"პრობლემებია ქვეყანაში ძალიან დიდი და „ქართულ ოცნებას" არამარტო ხელისუფლების ჩამოყალიბება, არამედ რადიკალური ცვლილებები მოუწევს და ამის რესურს იმას ამ ეტაპზე არ აქვს. ეს დიდი პრობლემაა მმართველი გუნდითვის.

კოალიციური განადაწილება დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაკომპლექტდება პარლამენტი და როგორ გადანაწილდება შემდეგ, გამოჩნდება არჩევნების შემდეგ რისი თავი აქვს ხელისუფლებას.

„კონკრეტულ პარტიებზე, რომლები შევლენ კოალიციურ მთავრობაში ამ ეტაპზე რთულია ლაპარაკი", - აღნიშნა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე