ელზა პაპოშვილი
(29.07.2020)

სროლა პანკისში - გუშინ გვიან ღამით, დაუდგენელმა პირმა სოფელ დუისში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნა. ვერსიებთან დაკავშირებით ქავთარაშვილები ამბობენ, რომ შემთხვევა შესაძლოა 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარი მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს, რომელშიც მურად ქავთარაშვილი ფიგურირებს. მაშინ 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს, ქავთარაშვილი კი დაჭრეს. 

შურისძიება არის ასევე ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც გამოძიება განიხილავს პანკისში სროლის საქმეზე. როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ღამის საათებში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნეს, პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა 2019 წელს მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა.  

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ წარსულ დანაშაულს უკავშირდება ახალი შემთხვევა, რადგან მუთოშვილის მკვლელობის საქმეში სწორედ მურად ქავთარაშვილი ფიგურირებს.

ასლან მუთოშვილთან სამართალდამცველებს კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მას ცეცხლსასროლი იარაღი, ან სად იმყოფებოდა ის ღამით 12 საათისთვის, მაშინ როდესაც ქავთარაშვილების სახლის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განხორციელდა.

როგორც მუთოშვილები ამბობენ, ასლან მუთოშვილთან ერთად პოლიციაში კიდევ სამი პირი გადაიყვანეს.

ამ დროის მანძილზე უშედეგო აღმოჩნდა რამდენიმე შეხვედრა გვარების შესარიგებლად. იყო მუქარაც სისხლის აღებაზე. ამ საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. მომხდარის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს მოკლული ვისო მუთოშვილის მამა, რომელიც ისევ სისხლის აღებაზე საუბრობს.

„ჩემი შვილი მაგათი მოკლულია... მაგათ ათასი მტერი ჰყავთ. გვარების შერიგება არ იქნება. მოკლეს ჩვენი შვილი, როგორც მოკლეს, ისე უნდა მოვკლათ მაგათიც. სისხლის აღება იქნება,“ - ამბობს მოკლული ვისო მუთოშვილის მამა, რამაზ მუთოშვილი.

საქმეზე იმ პერიოდში არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს, თუმცა ვისო მუთოშვილის ახლობლები საქმეში ქავთარაშვილის ჩართულობაზე აქტიურად საუბრობდნენ.

ამის შემდეგ მუთოშვილებმა სისხლის აღებაზეც კი დაიწყეს საუბარი. პრევენციის მიზნით, მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის არა ერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. 

22 წლის მუხმად მუთოშვილი ამბობს, რომ პოლიციაში გამოკითხეს, სად იმყოფებოდა გასულ ღამეს. ვისო მუთოშვილის და ლუიზა მუთოშვილი ამბობს, რომ ქავთარაშვილმა ეს პროვოკაცია თავად დაგეგმა, რადგან მკვლელობაში მონაწილე პირი თავადაა, თუმცა სახელმწიფოს ის არ გამოუკითხავს. 

„ჩემებს ეძინათ ყველას, გავაღვიძე და ვუთხარი, ასეთი ამბავია–მეთქი და დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ მოვიდა პოლიციის უფროსი და წაიყვანა ჩემი ძმა. სრულიად გაუგებარია გამოკითხვაზე მიყვანილი ადამიანები რა პრინციპით იქნენ შერჩეული. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ამბავი წინასწარ, თავიანთი დადგმული იყოს მურადის მიერ, რადგან ჰყავს თავისი შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც ხელს აფარებს მთავრობა, მათ მიერ წახალისებული ჯგუფი, რომლებიც ხეობაში რაღაც სიტუაციების მოგვარებას ცდილობს,“  - ამბობს ლუიზა მუთოშვილი.   

მუთოშვილის მკვლელობაზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, ერთ-ერთი მათგანი მურად ქავთარაშვილის ძმისშვილია.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე