ელზა პაპოშვილი
(29.07.2020)

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ირგვლივ საეჭვო მოვლენები ვითარდება. აღმოჩნდა, რომ გოგონა სოფელ მაწევანში 18 ივლის საღამოს საათებში ნახეს, შემდეგ კი უკვე 19 ან 20 ივლისს ის 17 წლის ადგილობრივმა უკვე დილის საათებში ავტომობილით კვლავ მათ სოფელში დაინახა. როგორც თვითმხილველი ამტკიცებს, მან ამის შესახებ მშობლებს უამბო, მათ კი საქმის კურსში პოლიცია ჩააყენეს. 

თუ ადგილობრივების მონაყოლი სიმართლეა, მაშინ გამოდის, რომ გოგონა მინიმუმ ორი დღე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამიტომაც ოჯახს ლოგიკურად გაუჩნდა კითხვა, რატომ იყო მაშინ  ცხედარი ასეთ მძიმე მდგომარეობაში. თამარის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ ცხედარს დნმ-ს ანალიზი ჩაუტარდეს და დადგინდეს, მიცვალებული ნამდვილად არის თუ არა მისი შვილი. არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილი საერთოდაც მისი შვილი არ იყოს. 

ამ ინფორმაციას კი გოგონას დედა უარყოფს. ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი  ამბობს, რომ ეს მის ქმარს არ უთქვამს. 

ამის პარალელურად კი თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“ პროფილი აღარ იძებნება და ის წაშლილია. გააკეთეს თუ არა ეს საგამოძიებო უწყებებმა ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ შემთხვევას  ექსპერტები სწავლობენ და მხოლოდ ამის შემდ გააკეთებს კომენტარს. რაც შეეხება კომპიუტერს, ოჯახის  ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ის წინასწარ უკვე გახსნილია, არც იმას გამორიცხავს, რომ გარკვეული ინფორმაციის წაშლაც მოხდა. თუმცა კომპიუტერის სკანირება მიდის და წაშლილი მასალების აღდგენაც მოხდება.  ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, არის თუ არა მოწყობილობიდან ამოღებული რაიმე ინფორმაცია. 

დაღუპულის დედას, თეონა თამაზაშვილს ბევრი გარემოება უჩენს კითხვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის, ვინ წაშალა თამარის ფეისბუქ–გვერდი, სადაც ოჯახი ხშირად შედიოდა და ასევე, სვამს კითხვას, თუ გამოძიება არაფერს მალავს, რატომ არ დაასწრეს დაღუპულის ლეპტოპის გახსნას ოჯახის ადვოკატი. 

„რაღაცეების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ, მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა ფეისბუქი. შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი, ეს ხომ ყველამ იცის. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა იმის გახსნას. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა, ამით ჩვენ დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა’, - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

გოგონას მამას ჯუმბერ ბაჩალიაშვილს ეჭვი აქვს, რომ გამოძიება ფაქტებს განგებ ასაიდუმლოებს. მისი თქმით, საეჭვოა, რომ თამარის მანქანა და ცხედარი მხოლოდ მას შემდეგ იპოვნეს, რაც ოჯახმა აქცია ჩაატარა. ასევე, როდესაც ოჯახმა და ადვოკატმა საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვა მოითხოვეს, დაღუპულის ლეპტოპი ექსპერტიზაზე იმავე საღამოს მიიტანეს. 

მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან“  ეჭვობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი 28 ივლისის საღამომდე  უკვე  გახსნილი იყო. 

„როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, კომპიუტერზე იყო ლუქი მოხსნილი, ამოღებული და გახსნილ მდგომარეობაში დამახვედრეს. ამას უკვე ამყარებს ის მომენტი, რომ როდესაც იმ მაღალჩინოსანმა თქვა, თქვენი გოგო შარში არისო, შემდეგ კი უარყო, და ამას დაემთხვა, რომ ბავშვის ფეისზე მისი პერსონალური გვერდი წაიშალა, უკვე ბევრი კითხვა ჩნდება. ოჯახი არ ენდობა ამ სკანირებას და ამ ინფორმაციას“, - ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი კომპიუტერის გახსნის პროცედურას, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში რამდენიმე საათი ესწრებოდა.  ამოღებულია თუ არა კომპიუტერიდან რაიმე სახის ინფორმაცია ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, ადვოკატი ჯერ ვერ აკონკრეტებს. 

„იყო საუბარი, რომ კომპიუტერი უნდა ყოფილიყო დალუქული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური კომპიუტერი წაიღეს 19 ივლისს, როდესაც უკვე განცხადებით მიმართეს პოლიციას და აქ შემოტანილი იყო 22-ში,  ეს უკვე გახსნილი იყო.  მე ჩავერთე 22-ში -  ჩემი ორდერი ქონდათ პოლიციაში და მე მათ ვუთხარი, რომ აღნიშნული კომპიუტერის გახსნა არ მოეხდინათ, გახსნა მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით და მერე მომხდარიყო ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რომ დარმწუნებული ვყოფილიყავი, რომ რამე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. 

დღესაც ბოლომდე არ ვარ დარმუწნებული, მაინც, ხომ არ მოხდა წინასწარ შესვლა ან ამდაგვარი ქმედება. ბოლომდე რომ დავრწმუნდები, მერე უფრო მშვიდად ვიტყვი ამაზე," - ამბობს მიხეილ რამიშვილი.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე