ელზა პაპოშვილი
(28.07.2020)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ირგვლივ ოჯახს და მის ადვოკატს კიდევ უფრო მეტი ეჭვი მას შემდეგ უჩნდება, რაც სამართალდამცველებმა პროგრამისტი გოგონას კომპიუტერი ჯერ კიდევ ვერ გახსნეს. როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ უცნობია, რას ინფორმაციას ინახავს ბაჩალიაშვილის კომპიუტერი, რომელიც გარდაცვლილს საგულდაგულოდ აქვს დაშიფრული. 

დახმარების სურვილი კომპიუტერის გახსნაში კომპანია „ზეგმაც“ გამოთქვა, სადაც გოგონა მუშაობდა, თუმცა ოჯახი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს. დაზარალებული ოჯახი ითხოვს, დროულად გატარდეს ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზებს დაადგენს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოითხოვს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს. 

გარდაცვლილის გოგოს მამა იმ პოლიციელის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მურთაზ ბაჩალიაშვილის მტკიცებით, უთხრა, რომ მისი შვილი დიდი პრობლემის წინაშე იყო. 

საუბარია ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილეზე, რომელიც უკვე გამოიკითხა. მურთაზ ბაჩალიაშვილის განცხადებით კი, სამართალდამცველის პოზიცია, თითქოს ეს საუბარი არ შემდგარა, სიცრუეა.

"ჯერ მეუბნება ეს პიროვნება, ქვემო ქართლის სამმართველოსთან, შუაღამის სამ საათზე რომ ვიყავი, დამელაპარაკა. მოვედი მეორე დღეს ვურეკავ და მეუბნება, ახლა მაგაზე ვმუშაობო, შენი გოგო რა დიდი პრობლემის წინ არისო. 

“იმის შემდეგ ვურეკავ, აღარ მპასუხობს. ეს გამოვიდა გუშინ და თქვა რომ ესეთი რამე ტყუილიაო. ზუსტად ამიტომაც მინდა, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს ეს საქმე. არ ვენდობი, იმიტომ, რომ ეგეთი ადამიანი უნამუსოდ რომ გამოდის და ამას იძახის, ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება წაშალეს უკვე, ვერ გაიგებ," - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა მურთაზ ბაჩალიაშვილი. 

დაზარალებულმა ოჯახმა კონსულტაციები უკვე დაიწყო ამერიკის საელჩოსთან. განსაკუთრებული ეჭვები და უნდობლობა საგამოძიებო უწყებების მიმართ იმ მოტივით გაჩნდა, რომ არ არსებობს კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ვერ ხსნიან ახალგაზრდა ქალის პირად ტელეფონსა და კომპიუტერს. ასევე უცნობია რა ინფორმაცია ინახება საქმის მტკიცებულებად დართულ იმ ნივთებში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საკუთრებაა.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან“  აცხადებს, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერის გახსნა დროულად უნდა მოხერხდეს. მისივე თქმით სახიფათოა, რომ კომპიუტერიდან რაიმეს სახის ინფორმაცია არ წაიშალოს. 

ადვოკატი ამბობს, რომ მას ამერიკის საელჩოსთან მოლაპარაკებები უკვე აქვს და სავარაუდოდოა, საქმეში FBI ჩაერთოს, რათა კომპიუტერის და ტელეფონის დროული გახსნა მოხდეს. 

"ეჭვის საფუძველი ძალიან ბევრია, რატომ ვერ ხერხდება კომპიუტერის ამდენ ხანს გახსნა. სახიფათოა, შეიძლება ამას ინფორმაციის წაშლა მოყვეს. ოჯახს აქვს თავისი პოზიცია და აინტერესებთ, რასთან შესაძლოა იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული.

“ჩემში აჩენს ეჭვს ამდენი ხნის მანძილზე რომ ვერ მივიღე დრონის და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. პირდაპირ ვამბობ, გამოძიებას ამ ყველაფრის დროზე ამოღება შეეძლო,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.  

რამიშვილი ამის პრალელრად საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან მასზე და ცენტრ „ემპათიის“ თანამშრომლებზე ზეწოლა, შანტაჟზე, უკანონო თვალთვალზე  და მუქარაზე საუბრობს . 

დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა, ცენტრ "ემპათიას" თანამშრომლების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიაში, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო.

მას შემდეგ, კი რაც ექსპერტები თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ სიკვდილის საქმეშიც ჩაერთვნენ, შეტევის მსხვერპლი უკვე ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც  გახდა.

„უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები ცენტრ „ემპათიას“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, გალინა კარმუშინას, უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილისა და ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ. აღნიშნული ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს. 

“ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ, პირისპირი კომუნიკაციისას, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით" - აცხადებენ "ემპათიაში"

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შტურმი პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევიზიო ეთერების, ასევე „ტროლებისა“ და „ბოტების“ დახმარებით მიმდინარეობს და მისი მიზანი ცენტრ „ემპათიას“ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივის, ღირსების და პროფესიული რეპუტაციის შელახვაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე