თამთა ჩაჩანიძე
(28.07.2020)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს აიმედებს, რომ წლის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე მზად იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს განცხადება შესაძლოა, საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს, თუმცა ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაქცინის შექმნისთვის ერთი წელი შესაძლოა, სრულიად საკმარისიც იყოს.

„როიტერის" ინფორმაციით, ტრამპმა იმედიანი განცხადება ჩრდილოეთ კაროლინაში ვიზიტის დროს გააჟღერა.

„ოპერაცია „წარმოუდგენელი სიჩქარის" ფარგლებში წლები დავზოგეთ ვაქცინის შესაქმნელად. ძალიან პოზიტიური ინფორმაცია მივიღე, ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რათა წლის ბოლომდე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შევქმნათ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აშშ-ში ვაქცინაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, რაც, მისი აზრით, ვაქცინის საბოლოოდ შემუშავებისთვის საკმარისი დროა.

„წლის ბოლოსთვის ვაქცინის შექმნა უცბად არ გამოდის, როგორც კი კორონავირუსული ინფექცია გაჩნდა, ვაქცინის შექმნაზე მუშაობა მალევე დაიწყო. ვაქცინის შექმნას, ზოგადად, სხვადასხვა დრო სჭირდება, მინიმუმ, რვა თვიდან ორ წლამდე, შესაძლოა, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები.

„ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსული ინფექცია წინა წლის დეკემბერში დაიწყო და პანდემიაში შემდეგ გადაიზარდა, თუ ათვლას იქიდან დავიწყებთ და თუ ვაქცინა ამ წლის ბოლოს იქნება, გამოვა, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში შეიქმნა, რაც მცირე დრო არაა.

„ეს არც ძალიან ბევრი დროა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ყველაფრის შესაქმნელად საკმაოდ დიდი რესურსია ჩადებული, შესაძლებელია, რომ ამ პირობებში, ერთი წლის ვადაში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შექმნა მოხერხდეს.

„100%-იანი დაცვა არც ერთ ვაქცინას არ აქვს, თუმცა ამ კონკრეტულ ვაქცინას რა დამცველობითი პროცენტი ექნება, ამ ეტაპზე ამაზე რთულია საუბარი, ვნახოთ.

„ვაქცინაზე ასევე ბრიტანეთში მიდის მუშაობა, ასევე რუსეთის ფედერაციაც ამბობს, რომ ვაქცინა უკვე თითქოს შექმნეს და კლინიკურ კვლევებს აწარმოებენ, თუმცა არ მგონია, რომ შეერთებულ შტატებზე ადრე ვაქცინა რომელიმე ქვეყანამ შექმნას", - განაცხადა გოგინავამ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი „რეზონასთან" ამბობს, რომ ტრამპის ზემოაღნიშნულ განცხადებას პოლიტიკური ელფერი აქვს. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია, ეს შესაძლოა, წინასაარჩევნო პოპულისტური განცხადება და კამპანიის ნაწილი იყოს.

„ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიაზეა გადართული, აგვისტოში კონვენტის სხდომაზე „რესპუბლიკური პარტია" მის კანდიდატურას უკვე ოფიციალურად დაასახელებს. ასე რომ, ტრამპი, როგორც პროპაგანდისტული საქმიანობის დიდოსტატი, თავის საარჩევნო კამპანიის დასრულებისათვის ყველაფერს იყენებს.

„ამერიკის წინასაარჩევნო მონაცემები ვნახე და ტრამპი ბაიდენს უსწრებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა იმიტომ, რომ ამერიკაში პროცესები რთულ ფაზებში ვითარდება, რთული პანდემიური მდგომარეობაა, ანტირასისტული გამოსვლებია და საგარეო ჩარევის პირდაპირი ტენდენციები იკვეთება. ამ ყველაფრის ფონზე, ტრამპის ყველა პოპულისტური ინიციატივა ბუნებრივია, ხელმოსაჭიდი რგოლია.

„მას მერე, რაც ტრამპმა არცთუ ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგებიდან გავიდა, არ მგონია, რომ ამ მიმართულებით ამერიკის ჩართულობა ეფექტური იყოს. ამერიკულ ტექნოლოგიებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სამედიცინო სფეროში მათ ცოტა სირთულეები აქვთ.

„ვერ ვიტყვი, რომ ამერიკაში ჯანდაცვის დარგი ისეა განვითარებული, რომ ვარსკვლავებს წყვეტენ, ამიტომ ამ პრობლემის მოგვარებას მარტო რამდენად მოახერხებს, ეს ცოტა რთული საკითხია. მხოლოდ ფული ყველაფერს ვერ წყვეტს, გაცილებით მაღალი სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ევროპას ჰყავს, რუსეთისა და ჩინეთის ჯანდაცვის სპეციალისტებიც დაბალი დონის არ არიან.

„ამერიკა რომ ძლიერი და დიდი სახელმწიფოა, ეს ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ძლიერი მეცნიერული სეგმენტები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ტრამპის სურვილის მიუხედავად, ამერიკას ვაქცინის შემუშავება მარტო რამდენად შეუძლია, ამაში ეჭვი მეპარება. ესაა წინასაარჩევნო პოპულისტური განცხადება და კამპანიის ნაწილი", - განაცხადა მაისაიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე