“ვაშაძეს აქვს შანსი, რომ 1%-იანი ბარიერი დაძლიოს”
თამთა ჩაჩანიძე
(27.07.2020)

„ვაშაძე ცალკე რომ გადიოდეს, უფრო მეტი ხმები ექნებოდა, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილს მის მიმართ გარკვეული სიმპატიები გააჩნია, რაც ჩარკვიანს არ გააჩნია. გადაწყვეტილება სწორია, ვაშაძეს აქვს შანსი იმისა, რომ 1%-იანი ბარიერი დაძლიოს"- ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ოპოზიციური კოალიციიიდან „ძალა ერთობაშია", პარტიების „ახალი საქართველოსა" და „კანონი და სამართალის" ლიდერების გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლას.

კოალიციიდან გასვლისთანავე ვაშაძემ და ჩარკვიანმა საზოგადოებას 27 ივლისს ახალი პოლიტიკური პლატფორმა "სტრატეგია აღმაშენებელი" წარუდგინეს, სადაც მათი თქმით ამ დროისთვის პარტია „კანონი და სამართალი", „ახალი საქართველო" და „სტრატეგია აღმაშენებელის" ექსპერტები ერთიანდებიან.

"მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც შედგება ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან "ახალი საქართველო", "კანონი და სამართალი" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა. ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონრებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში და სხვა. ამაზე დეტალურად 30 ივლისს ჩვენი საარჩევნო პროგრამის წარდგენისას გესაუბრებით" - აგანაცხადა ვაშაძემ.

შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ როდესაც საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერია, არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ცალკ-ცალკე გასვლა უკეთესია, ვიდრე მისი თქმით „უცნაური გაერთიანებიდან".

„თუ ამას დაპირისპირების სახე მიეცემა, რა თქმა უნდა, კარგი არაა, საზოგადოებაში კარგად არ გამოჩნდება, მაგრამ თავისთავად როდესაც 1%-იანი ბარიერია, არჩევნებზე ცალკ-ცალკე გასვლა ნორმალურად მიმაჩნია, ამიტომაც მგონია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" წევრებს აშკარად აგრძნობინა, რომ ურჩევნია ცალკე გავიდეს, ვიდრე პარტიების ხელმძღვანელებს გამსვლელ ადგილებში თითო-თითო ადგილები დაუტოვოს და თვითონ „ნაცმოძრაობიდან" ვერავინ ვერ შეიყვანოს.

„თუ ეს „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაა, ეს გასაგები და ლოგიკურია იმიტომ, რომ ამ პარტიას ურჩევნია, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეტი ხალხი შეიყვანის და პარლამენტის მუშაობისას თავისი პირობები დააყენოს.

„თავის დროზე რომ „ძალა ერთობაშია" ერთიანდებოდა, ეს ჩემთვის უცნაური და გაუგებარი იყო, რისი იმედი ჰქონდათ და რატომ ერთიანდებოდნენ, როცა „ნაციონალური მოძრაობა" თავისი რეიტინგიდან ადგილს ამდენ პარტიას მისცემდა, ეს ალბათ ზღაპარი იქნებოდა, ამიტომ „ნაცმოძრაობა" დღეს უფრო ლოგიკურად იქცევა, ვიდრე მაშინ, როდესაც ეს გაერთიანება შექმნა.

„ეს რაღაცა გაუგებარი და აბსურდული გაერთიანება იყო და ახლა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება, 1%-იანი ბარიერია და ერთობა არ სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობა წარმატებით გაართმევს თავს, რომ სულ ცოტა 10%-ზე მეტი აიღოს და ამ პროცენტს თუ აიღებს, მას სხვა პარტიის წარმომადგენელი რაში სჭირდება.

„გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" შედარებით მსხვილი პარტიები, რომლებსაც საზოგადოებაში რეიტინგი და გავლენები გააჩნია, იგივე გიორგი ვაშაძეს აქვს შანსები რომ 1% გადალახოს და მგონია, რომ ის ამ გაერთიანებიდან თამამად ამიტომ გადის და ცდილობს, რომ პოლიტიკური ინტერესები თვითონ განახორციელოს.

„ვაშაძე თაკო ჩარკვიანს რატომ ეკვრება, არვიცი, იმიტომ, რომ ჩარკვიანი მისთვის ტვირთი უფრო იქნება, ვიდრე რესურსი. მაგრამ, თვითონ უკეთესად იცის რამდენად სჭირდება, ჩარკვიანი აგრესიულობითა და რადიკალურობით გამოირჩევა და როგორც წესი ნებისმიერ გაერთიანებაში დაძაბულობას ქმნის, რაც არჩევნების წინ არავის არ აწყობს.

„ვაშაძე ცალკე რომ გადიოდეს, უფრო მეტი ხმები ექნებოდა, იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილს მის მიმართ გარკვეული სიმპატიები გააჩნია, რაც ჩარკვიანს არ გააჩნია, ამიტომ, მგონია, რომ ერთად ყოფნით ხმებს უფრო დაკარგავენ, თუმცა 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში კარგიც კია, რომ ცალკე მეტი პარტია გავიდეს , რადგან ისინი მეტ ამომრჩეველს მიიზიდავს.

„ქართულ ოცნებას" აწყობს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველი არ მივიდეს, მას ადმინისტრაციული რესურსებიდან გამომდინარე, მკაფიო ამომრჩეველი ჰყავს და ავტობუსებით, ფულით, სიყვარულით, შეშინებით, მუქარით ის მაინც მიიყვანს, მას არ აწყობს, რომ არჩევნებზე ოპოზიციის ამომრჩეველი მივიდეს, ამიტომ „ქართულ ოცნებას" აწყობს შექმნას ის ილუზია, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაა, რათა ამომრჩეველმა ოპოზიციაზე გული აიყაროს.

„ოპოზიციის ამოცანა კი ისაა, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიყვანონ, შესაბამისად მათ კარგად უნდა აუხსნან, რომ ეს განხეთქილება და დაპირისპირება კი არაა, არამედ ეს ჩვეულებრივი ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესებია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაუდგინა, რომ 1%-იანი ბარიერი შექმნან, ამიტომ დაშლისაკენ მიმავალი პროცესები ცუდი სულაც არაა, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, ამაში კარგს უფრო ვცხედავ.

„ამ არჩევნების მთავარი ამოცანაა, რამდენად მეტი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, თუ ბევრი მივა, „ქართული ოცნება ცოტა ხმებს აიღებს, თუ ცოტა მივა ბევრ ხმას აიღებს, ესაა მარტივი ფორმულა.

„ქართულ ოცნბებას" ოპოზიციაში დაპირისპირება ცალსახად აწყობს, მთელი მისი ტელევიზიები დღეს ამაზე ილაპარაკებენ, ვინც ცალსახა დაპირისპირებაზე ისაუბრებს, ის ცალსახად „ქართულ ოცნებას" უჭერან მხარს, ვინც ისაუბრებს რომ ეს კარგია, რომ სვადასხვა ძალები გაჩნდეს, ეს დემოკრატიისკენ მიმართული იქნება, ამიტომ საზოგადოება არ უნდა დაიბნეს და უნდა დაფიქრდეს რა უფრო კარგია, უცნაური გაერთიანება, თუ ყველა პარტიის თავის ამომრჩეველზე მუშაობა" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვაშაძისა და ჩარკვიანის კოალიციიდან გასვლას „ნაციონალურ მოძრაობა" ეხმაურება, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" ერთი იდეის ივანიშვილის ხელისუფლებიდან ცამოშორების მიზნით შეიქმნა და მისი თქმით, ვინც ამ გაერთიანებიდან წავა, ეს მხოლოდ იმ სუბიექტის თუ პარტიის დანაკარგია და არა გაერთიანების.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიაზე" საუბრისას უჩნდება კითხვა იმის შესახებ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ახლა გაიგო, რომ ჩხარტიშვილი ვაშაძის პარტიას აფინანსებს, თუ აქამდეც იცოდა.

„თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ" იცოდა, რომ ვაშაძეს ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს, ახლა გაიგო თუ კარგა ხანია იცის, ეს საინტერესოა, ბოლო გამოკითხვის შედეგებს თუ შევხედავთ, ვაშაძის პარტიას საკმაოდ კარგი რეიტინგი და რესურსი აქვს, რომ 1%-იანი ბარიერი დაძლიოს.

„ზოგადად არც „ნაციონალური მოძრაობისთვისაა" მისაღები „ძალა ერთობაშიას ერთ ბლოკად ჩამოყალიბება, იქ არსებობენ, პარტიები, რომლებსაც ჩემი აზრით არ აქვთ შანსი, რომ ის 1%-იანი ბარიერი დაძლიონ, შესაბამისად ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობამ" ამ პარტიებს კუთვნილი მანდატები უნდა გადაულოცოს,

„ნაცმოძრაობა" თავისთავად სწორს აკეთებდა, როცა დელიკატურად ცდილობდა, რომ „ძალა ერთობაშია" ჩამოეშორებინა, ხოლო განცხადება კი თავისთავად არასწორია, რადგან გუშინ პარტნიორი იყო და დღეს რაღაცაში ადანაშაულებ, ზოგადად ასეთი მიდგომა არ ვარგა, თორე პრაგმატული თვალსაზრისით, რადგან ერთიანი ოპოზიციური ბლოკი ვერ იქნება, რომელიც ვითარებას შეცვლის, სჯობია, რომ ცალ-ცალკე გამოვიდნენ და ყველამ ის პროცენტი მიიღოს, რა მხარდაჭერაც აქვს.

„გადაწყვეტილება სწორია, ჩარკვიანს არ ვიცი რა შანსი აქვს, მაგრამ ვაშაძეს აქვს შანსი იმისა, რომ 1%-იანი ბარიერი დაძლიოს.

„ყველა პარტია ყველაფერს გამოიყენებს იმისათცვის, რომ რეიტინგი აიმაღლოს, „ნაცმოძრაობის" ეს განცხადებაც, რომ თურმე ვაშაძეს ჩხარტიშვილი აფინანსებს, სწორედ მცდელობაა იმისი, რომ მისგან განდეგილი პოლიტიკური ჯგუფი ჩაძიროს და მეტი არაფერი.

„ქართული ოცნებაც" რა თქმა უნდა გამოიყენებს იმას, რომ ვთქვათ „ძალა ერთობაშია დაიშალა, ოპოზიცია დაქსაქსულია, თუმცა ამისი რეალური შედეგი, რაც შეიძლება „ოცნებამ" მიიღოს, არის ის, რომ მას 50%-იანი არა, მაგრამ ზოგადად პარტიებს შორის პირველი ადგილი გარანტირებული ექნება.

„ამ პიარით „ოცნება" რაღაც დიდ პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერს, რაც აქვს ის ექნება, გამოყენებით გამოიყენებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ."- განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე