თამთა ჩაჩანიძე
(27.07.2020)

ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლაში ყველანაირ რესურსს ხარჯავენ, თუმცა, ინფექცია კაცობრიობას მაინც დაუნდობლად უტევს, სპეციალისტების განმარტებით, მასზე ჰაერის ტემპერატურის მატებამაც არ იმოქმედა და ვაქცინის შექმნამდე წმინდა ეპიდემიოლოგიურ თავდაცვაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.

აშშ, სადაც ეპიდსიტუაცია უკიდურესად მძიმეა, იმედოვნებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ხელმისაწვდომს მომავალი წლის დასაწყისში გახდის - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ გააკეთა.

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდეც მოახერხოს, თუმცა მისივე განმარტებით, დისტრიბუციასა და წარმოებისთვის დრო არის საჭირო.

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ვაქცინის შემუშავებას დიდი სიფრთხილე და გამოცდის დრო სჭირდება და მისი თქმით, მანამდე კიაცობრიობამ წმინდა ეპიდემიოლოგიურ თავდაცვაზე და გართულებების პრევენციაზე უნდა იფიქროს.

„არა მხოლოდ კორონავირუსი, არამედ საერთოდ ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლა მხოლოდ ორი რამით შეიძლება, ერთი ეს თვითონ ადამიანის იმუნიტეტია და მეორე ხელოვნურად შექმნილი ვაქცინაა, ამ ეტაპზე სხვა კაცობრიობას კორონავირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები არ გააჩნია.

„თუ რაღაცა სასწაული მოხდა და ანტივირუსული პრეპარატი გამოიგონეს, (როგორიც ცე-ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატია) მაშინ ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მანამდე მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ჩვენს თავს თუ დავეყრდნობით და მეორე ვაქცინის შემუშავებას დაველოდებით.

„როგორც ვხედავთ კორონავირუსი ესაა ვირუსი, რომელიც რაღაცნაირად ძალიან შემოგვეჩვია და პრაქტიკულად როგორც ვატყობ, მისი ამ ეტაპზე განადგურება ალბათ არ მოხდება, მასზე არც სიცხე და არც სიცივე არ მოქმედებს, სამწუხაროდ ადამიანთა შორის ცირკულირებს.

„ამიტომ, მთავარია რომ ჩვენ კორონავირუსის მძიმე ფორმების საწინააღმდეგოდ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ, როგორც ჩვეულებრივად გრიპის, გრიპი არ რთულდება თუ რა? თუ ვაქცინა არ იქნება, მაშინ წმინდა ეპიდემიოლოგიურ თავდაცვაზე და გართულებების პრევენციაზე უნდა ვიფიქროთ.

„ვაქცინაზე ძალიან ბევრი ქვეყანმა აცხადებს პრეტენზიას. მაგალითად ჩინეთი ამერიკა და სხვა ქვეყნები და გამოცდის პერიოდშია, მაგრამ, მოგეხსენებათ ვაქცინა ეს ჩვეულებრივი ამბავი არაა, თუ სწორად არ იქნა დამზადებული, შესაძლოა კიდევ უფრო უარესი შედეგი და თვითონ დაავადების გამწვავებაც კი გამოიწვიოს, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე და დროა საჭირო, რომ გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები ბოლომდე იქნას გამოკვლეული.

„ვერავინ ვერ განაცხადებს, რომ ანტივირუსული ვაქცინა შექმნა, სანამ ბოლომდე არ იქნება გამოკვლეული მისი გვერდითი მოვლენები, გართულებები, ამიტომ მაინც დროა საჭირო, თუმცა, ვაქცინა რომ შეიქმნება, ამაში ეჭვი არ მეპარება იმიტომ , რომ იმდენად ბევრი ქვეყანაა ჩართული, რომ ვაქცინას დადებითი ემოციებით უნდა ველოდოთ" - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე