რეზონანსი
(14.07.2020)

2020 წლის 6 ივლისს გაზეთმა „რეზონანსმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანთან - ბატონ ლევან ბოძაშვილთან, რომელიც სვამს კითხვას: „2018 წლის შემდეგ უსაფრთხოების საბჭომ რატომ ვერ განაახლა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი?" შევეცდები, პასუხი გავცე ამ კითხვას ჩემ თვალწინ განვითარებული მოვლენებისა და მიუკერძოებელი ფაქტების მოშველიებით.

„საფრთხეების შეფასების დოკუმენტი", გრიფით „სრულიად საიდუმლო", დამტკიცებული პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, გათვლილი 2014-2017 წლებზე, დაფუძნებულია ჩემ მიერ შემუშავებულ ფორმულაზე და სხვებთან ერთად, მეც ვმონაწილეობდი საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების ხარისხის განსაზღვრაში. ამ დოკუმენტმა გადახალისებული სახე შეიძინა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, სადაც ვიმუშავე მისი დაარსების დღიდან და გარკვეული წვლილიც მიმიძღვის მის ფორმირებაში. აპარატის დაკომპლექტების პირველ ეტაპზე ხდებოდა მხოლოდ პროფესიონალი კადრის მოზიდვა, ხოლო შემდეგ - როგორც ყოველთვის - ვიღაცების ცოლების, მეგობრების, მათი ახლობლებისა და ა.შ. ამის მიუხედავად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დამსახურება არ ყოფილა მხოლოდ ხსენებული დოკუმენტის შექმნა. იგი მაქსიმალურად ზრუნავდა სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების განეიტრალებაზე, მათ შორის - ქვეყნის შიდა მტრებიდან მომდინარეზე.

სწორედ ამგვარი, მისივე სათათბირო ორგანო და მეტიც, კონსტიტუციური სუბიექტი გააუქმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის დეკემბერში. ამ გაუქმებით დარჩა მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის დაქვემდებარებაში არსებული უშიშროების საბჭო, რომელიც უკვე აღარ წარმოადგენდა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელ ორგანოს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისიც გააუქმა და საქართველო დარჩა არაფრით. ეს გაკეთდა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სახელმწიფოს დაკვეთით მომუშავე არც ერთი სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტი. არ გამოვრიცხავ, საქართველოს პირველი პირები საფრთხეს მხოლოდ რუსეთის სახით ხედავდნენ და მასთან ლოიალური (თუ მეტი არა) დამოკიდებულება მიაჩნდეთ საქართველოსთვის საფრთხის აცილების ერთადერთ გზად. გარდა ამისა, უნდა ითქვას შიდაპარტიულ დაპირისპირებაზეც, რამაც ქვეყანა დატოვა არა მარტო უსაფრთხოებაზე მომუშავე დანაყოფის გარეშე, არამედ დაქსაქსა ინტელექტუალური პოტენციალიც. პირადად მე ყოველივე ამაში ვხედავ დივერსიისა და საბოტაჟის ნიშნებს.

ვახსენე შიდა პარტიული დაპირისპირება და აი, ფაქტებიც. 2017 წლის დეკემბერში გიორგი კვირიკაშვილმა ასევე გააუქმა საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც რამდენიმე დღეში აღადგინა დასავლეთის ზეწოლის შედეგად. ამ ორივე უწყებას ხელმძღვანელობდნენ ღარიბაშვილთან დაახლოებული პირები - მინდია ჯანელიძე და დავით სუჯაშვილი. ჩემი ინფორმაციით, საბჭოს მდივან მინდია ჯანელიძეს კვირიკაშვილმა მოსთხოვა მოადგილეების, ზედელაშვილ-ჭიკაიძის გათავისუფლება, რისი დაუკმაყოფილებლობის გამოც, კვირიკაშვილმა დაიწყო საკუთარი სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელის იგნორირება და საზღვარგარეთ შეხვედრებზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლების თანხლება. ამ ჭიდაობას შეეწირა პროფესიონალი კადრი, რაც ჩვენს ქვეყანაში ისედაც დეფიციტია.

ქვეყნის უსაფრთხოების იგნორირების პოლიტიკა, ფაქტობრივად, დღესაც გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა, იგი იმდენად მცირერიცხოვანია, რომ არ შესწევს ძალა გაუმკლავდეს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წლიური დაფინანსება შეადგენს 60 ათას ლარს, რაც დაახლოებით 100-ჯერ ნაკლებია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის 2015 წლის ბიუჯეტზე. ეს ციფრებიც გამოხატავს მმართველი გუნდის დამოკიდებულებას სახელმწიფოს საჭიროებაზე.

ჯერ კიდევ 2017 წლის 8 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის გაუქმებიდან რამდენიმე დღეში, განცხადებით მივმართე გიორგი კვირიკაშვილს და ვაუწყე, რომ მალე გაუვიდოდა მოქმედების ვადა საფრთხეების შეფასების დოკუმენტს. ასევე, ვწერდი, რომ მოსალოდნელ საფრთხეზე პრევენციული ღონისძიებები გაცილებით ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე დამდგარი ნეგატიური შედეგის აღმოფხვრა. მივუთითებდი, რომ ხსენებული დოკუმენტის მეთოდოლოგია მოითხოვდა მეტ დეტალიზებასა და სრულყოფას, რაც გაკეთებული მქონდა და ვთავაზობდი თანამშრომლობას. მსგავსი შინაარსის განცხადებებით მივმართე: 2019 წლის 16 მაისს - შს მინისტრსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, ბატონ გიორგი გახარიას; 2020 წლის 27 იანვარს - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი სესიაშვილს; დაბოლოს, 2020 წლის 18 მარტს - უკვე პრემიერ-მინისტრად მოვლენილ გიორგი გახარიას. არათუ შეხვედრა, წერილობითი პასუხიც არ მიმიღია.

საქართველოში არსებული პრობლემების სისრულისთვის მინდა მოვიყვანო ბოლო განცხადებიდან ამონარიდი: „სრულიად ცხადი იყო, რომ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, მათ შორის - პანდემიის სახით, შეუფასებლობა და შესატყვისი რეაგირების თუ რეკომენდაციების არარსებობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოიტანდა ნეგატიურ შედეგს და დადგებოდა ის არასახარბიელო სცენარი, როდესაც ხელისუფლებას წართმეული აქვს მანევრირების შესაძლებლობა უკვე დამდგარი საგანგებო/კრიზისული სიტუაციის გამო. ფორსმაჟორულ სიტუაციაში ხდება გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ არ ჩანს, რომ არსებობს ისეთი გეგმა, სერიოზულად არ დაზარალდეს ბიზნესი, განხორციელდეს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა და თან არ მოხდეს ვირუსის საგრძნობი გავრცელება. დღეს რასაც ვუყურებ, არის მხოლოდ ის, რომ ხდება მხოლოდ ტრიუმვირატის (გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძე) რეკომენდაციებზე მორგება ყველა სხვა საკითხისა. პირობითად რომ ვთქვა, ბეღურა (ვირუსი) გინდათ ზარბაზნით მოკლათ და არ იხილავთ ალტერნატიულ საშუალებებს, რაც მიმაჩნია, მინიმუმ, შეცდომად".

ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხელისუფლების პოზიციაა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე - ომი - ხომ არ არის და დანარჩენს მოევლება! ქვეყანა გადაქცეულია მედროვეთა ე.წ. მეწველ ძროხად.

მოსაზრების სტატის ავტორი: პაატა ბიძინაშვილი, უშიშროების პოლკოვნიკი, ანალიტიკოსი

ჩაწერა სახელი