ია აბულაშვილი
(04.05.2020)

"ცოტა გადაჭარბებული მგონია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ფაქტიურად განეიტრალებულია. ამ პერიოდში გააქტიურება ოპოზიციას უფრო ცუდ შედეგს მოუტანდა, მაგრამ მალე წამოვა ისეთი თემები, როგორიც არის - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და მზადება არჩევნებისთვის.

ეს თემები მომგებიანი იქნება ოპოზიციისთვის პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ოპოზიციასთან დაკავშირებით.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამო პოლიტიკური პროცესი ოპოზიციისთვის გაჩერდა და უმრავლესობისთვის გააქტიურდა. ოპოზიცია ფაქტიურად განეიტრალებულია და არ ჩანს.

როგორც "რეზონანსთან" "რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, ოპოზიცია იცავს საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს, თუმცა, აქტიურობს სოციალურ ქსელებში. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში პარალმენტში განახლდება საპარლამენტო ცხოვრება, რომელიც ძალიან მწვავე და არასასიამოვნო იქნება ხელისუფლებისთვის.

"ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიცია ჩრდილში იყო და ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება მოსაზრება მათი სრული განეიტრალების შესახებ. ოპოზიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პანდემიის პირველ ეტაპზე თავი შეიკავა, რადგან ეს წამგებიანი იქნებოდა.

"რაც არ უნდა ითქვას, პანდემიის პირველი ეტაპი ხალეისუფლებამ ექიმებთან ერთად წარმატებით გაიარა. მაგრამ, მალე წამოვა ისეთი თემები, სადაც ოპოზიციის აქტიურობა გამართლებული იქნება, ეს ეხება ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას, საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს და მზადებას არჩევნებისთვის. აქ კი ოპოზიცია თავის შეფასებებში ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს.

"მან უნდა იბრძოლოს ისეთი საარჩევნო კოდექსის შექმნისთვის, რომელიც არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს. ანუ ეს ის თემებია, რომელიც ოპოზიციას პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობას მისცემს"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ჩაწერა სახელი