თამთა ჩაჩანიძე
(07.11.2019)

 „გარკვეულწილად შესაძლოა, რომ 20-21 ივნისის დღევანდელი ხელისუფლების ამბები დაახლოებით იგივე სტანდარტში გავიყვანოთ, როგორიც 7 ნოემბერი იყო, მაგრამ ოპოზიცია დღეს გაცილებით სუსტი და ნაკლოვანია, ვიდრე ოპოზიცია 2007 წელს."

ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „7 ნოემბრის" 12-ე წლისთავს.

„რეზონანსი":განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა, როგორ ფიქრობთ, მისი ეს გადაწყვეტილება ხომ არაა ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმესთან კავშირში?

ვახტანგ ძაბირაძე: რთული სათქმელია პირდაპირ უკავშირდება თუ არა მინისტრის გადადგომა კერზაიას საქმესთან, თუმცა, ის, რომ თავისი ნებით გადადგა, რა თქმა უნდა, ნაკლებად დამაჯერებელი ფაქტია.

კერზაიას საქმე სტრასბურგშია და ასე სწრაფად გადაწყვეტილებას სასამართლო მაინც არ გამოიტანს, ამიტომ, მგონია, რომ ეს საკადრო პოლიტიკა ახალი პრემიერის დანიშვნას უფრო უკავშირდება, თუმცა, არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, კერზაიას საქმეც იქნა გათვალისწინებული,ან გამოყენებული რომ ვთქვათ პრობლემები არ შეჰქმნოდათ და ა.შ.

„რ":„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა, ოქმების მიხედვით, სუსის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანკისში სპეცოპერაციის დაჭრისა და ლიკვიდაციის გარეშე ჩატარების დავალება ზეპირად გასცა და რაიმე დოკუმენტი არ შეუდგენია.

ვ.ძ.: არ ვიცი შიდა განაწესი, ანუ ასეთ ვითარებაში კანონი რას ითვალისწინებს, თუმცა, მგონია, რომ თუ გომელაურმა ზეპირი განცხადების თაობაზე განაცხადა, ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას, რომ რაც მოხდა, ფაქტიურად პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, რამდენად შესაბამისობაშია ასეთი ზეპირი ბრძანების საფუძველზე ასეთი ოპერაციის ჩატარება, ამის ანალიზი კანონთან შესაბამისობაში უნდა მოხდეს.

ამის შესაძლებლობას კანონი ალბათ არ გამორიცხავს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გომელაური ამას არ იტყოდა.

„რ": 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევიდან 12 წელი გავიდა რას იტყვით ამ თარიღზე?

ვ.ძ.: ეს თარიღი იყო დასაწყისი იმის, რომ წინა ხელისუფლების რეიტინგმა კატასტროფული ვარდნა დაიწყო, 2007 წლის 7 ნოემბრიდან - 2012 წლამდე ხუთი წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების ოპოზიცია მუდმივად აქტიურობდა, მათთვის თითქმის ყველა წელი რაღაც ახალი აქტიურობისა და ახალი ტალღის შედეგის მომტანი იყო.

რაც მთავარია, მაშინდელი ოპოზიციას არ ჰქონდა ის წარსული, რაც დღევანდელ ოპოზიციას აქვს. გარკვეულწილად, შესაძლოა, რომ 20-21 ივნისის დღევანდელი ხელისუფლების ამბები დაახლოებით იგივე სტანდარტში გავიყვანოთ, როგორიც 7 ნოემბერი იყო, მაგრამ, ოპოზიცია დღეს გაცილებით სუსტი და ნაკლოვანია, ვიდრე ოპოზიცია 2007 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თარიღიდან, „ნაციონალურ მოძრაობასთან" საზოგადოების რადიკალური დაპირისპირება დაიწყო, 2012 წელს ოპოზიციის გამაერთიანებელი ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, არჩევნები მშვიდობიანად შესაძლოა არ ჩატარებულიყო, როგორც ეს მოხდა.

არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და ოპოზიცია ვერ აცნობიერებს იმას, რა პრობლემებიც მას აქვს. ხელისუფლებას, გასაგებაი რა პრობლემებიც აქვს. ისევე როგორც ხელისუფლება, ოპოზიციამაც რაღაცნაირად არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება უნდა დაიწყონ, თუ სერიოზულად 2020 წლისათვის ხელისუფლების ჩანაცვლება უნდათ.

„რ": საარჩევნო წელი დაიწყო, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე,რეალურად როგორია ოპოზიციისა და ხელისუფლების რეიტინგები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?

ვ.ძ.: გულწრფელად, რომ გითხრათ, ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც, თუ მოსახლეობაში არსებულ განწყობებს შევაფასებთ, ფაქტიურად ერთ დონეზე დგანან, ამომრჩეველში რეალობა ასეთია, რომ მოსახლეობის ძირითად უმრავლესობას არც „ქართული ოცნება" უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა"მის ირგვლივ შემოკრებილი პარტიებით.

ოპოზიციაში არ გაჩნდა სხვა ლიდერი პარტია, რომლის ირგვლივაც საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება მოხდებოდა, ამიტომაც შანსები რა თქმა უნდა ხელისუფლებას უფრო მეტი აქვს, იმ ფონზე რა ვითარებაც დღეს საქართველოშია, იმ საარჩევნო სისტემიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, რაც მიღებული გვაქვს.

ოპოზიციას გაცილებით მეტი ფიქრი მოუწევს, რომ 2020 წელს არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაშ ხვალ, რომ არჩევნები ტარდებოდეს, არ ვამბობ, რომ „ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვა, ან 50%-ზე მეტს მიიღებს, მაგრამ მმართველი პარტია პროპორციული არჩევნების ჩატარების დროს პირველ ადგილზე იქნება, რაც მას შანსს მისცემს, რომ მთავრობა შექმნას, იყიდოს არა მხოლოდ პარტიები და ამით კოალიცია შეკრას, ან უფრო მარტივი გზით წავიდეს და ცალკეული დეპუტატები გადაიბიროს და ამით შექმნას უმრავლესობა.

ჩაწერა სახელი